თუშიშვილის და რინერის ამბავი

556
26-28 ივლისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა გრან-პრი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა, ქალებში კი 5 მონაწილე გვეყოლება.

ვაჟებში მონაწილე საერთოდ არ გვეყოლება 66 და 73 კილოგრამებში, თუმცა ლიდერთა უმეტესობა არც სხვა წონებში გამოვა.

ბოლო დღეებია, ინტერნეტსივრცე წალეკა ფრანგი ძიუდოისტის – ტედი რინერისა და ქართველი გურამ თუშიშვილის დაპირისპირების ამსახველმა პოსტერებმა. ისინი გვამცნობენ, რომ თითქოსდა, მძიმე წონის ეს ორი აღიარებული ლიდერი ერთმანეთს 28 ივლისს, ხორვატიის გრან-პრის ბოლო დღეს უნდა შეხვდეს.

ეს დაპირისპირება მართლაც ძიუდოს კლასიკა იქნებოდა, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუშიშვილი ზაგრებში არ მიდის, რადგან 27 ივლისს კოჯორში მისგანვე ხელდასმულ ქართული ჭიდაობის ტურნირს ატარებს. აი, რინერისას კი ვერაფერს გეტყვით…

შესაძლოა, ეს ინფორმაცია იმიტომაც გავრცელდა, რომ თუშიშვილი თავიდან კი დარეგისტრირდა ზაგრების ტურნირზე. ასევე – რინერიც, თუმცა საფრანგეთის ძიუდოს ფედერაცია მას ყველა შეჯიბრებაზე არეგისტრირებს, მაგრამ ბოლო დღეებში იხსნება ხოლმე მონაწილეთა სიიდან. თუმცა, შესაძლოა, ამჯერად მართლაც გამოვიდეს, მაგრამ „ძიუდოს სიმფონია“ მისი და თუშიშვილის შესრულებით ამჯერად ვერანაირად ვერ შედგება.

საქართველოს ნაკრები

ვაჟები
60 კგ. თემურ ნოზაძე
81 კგ. ტატო გრიგალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ. ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი

ქალები
48 კგ. ნატალია ყიფშიძე
52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
54 კგ. ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ. მარიამ ჭანტურია
+78 კგ. სოფიო სომხიშვილი

 

წყარო: lelo.ge

SHARE