თუშიშვილს ოქრო წაართვეს

600

ამ უქმეებზე დნეპროპეტროვსკმა უკრაინის ღია პირველობას უმასპინძლა ძიუდოში, რომელიც მხოლოდ 73-სა და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გაიმართა. ტურნირში სამი ქართველი გამოდიოდა, რომელთაგანაც ორმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – თორნიკე ნაგლიაშვილმა (73) და გურამ თუშიშვილმა (+100).

მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონმა თუშიშვილმა პირველ შეხვედრაში დონეცკელი ოლექსანდრ სტალანენკო დააიპონა, მერე ზაპოროჟიელ ვიტალი შეპელსაც წმინდად მოუგო, ნახევარფინალში კი ამ წონაში მასპინძელთა ლიდერსა და მომავალ ფინალისტ ალექსანდრ გორდიენკოსთან მსაჯებმა გდება არ ჩაუთვალეს და საბოლოოდ თავად დამარცხდა იპონით. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩვენმა ფალავანმა ზაპოროჟიელ დანილო გუცოლს აჯობა სუფთად.

ამავე წონაში გიორგი ქავთარაძეც გამოდიოდა, ვინც პირველ ორ პაექრობაში ხარკოველი იაროსლავ კნიში და დონეცკელი ივან ხომიაკი დააგდო ბეჭებზე, მეოთხედფინალში კი უკრაინელთა კიდევ ერთ ლიდერსა და ტურნირის მომავალ გამარჯვებულ იაკივ ხამოსთან წააგო. დამამშვიდებელ წრეში ქავთარაძემ ადგილობრივ ფალავანს – დმიტრო კუჩერს კი აჯობა, მაგრამ შემდეგ ზემოხსენებულ გუცოლთან დამარცხდა. მძიმე წონაში კიდევ ერთი ქართველი ჭიდაობდა, ოღონდ უკრაინის სახელით – ნოდარ მაჭუტაძე, ვინც დნიპროელთა ღირსებას იცავდა. ის ნახევარფინალში ხამოსთან დამარცხდა, მერე კი დამამშვიდებლის ფინალიც წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

ჩვენს ნაკრებს მეორე ბრინჯაო თორნიკე ნაგლიაშვილმა (73) მოუტანა. დასაწყისში მან ორი პაექრობა მოიგო წმინდად – ხარკოველ დანილო ბილოსტოცკისთან და დნეპროპეტროვსკელ დანილო ხლოპეცკისთან, რითაც მეოთხედფინალში გავიდა. აი იქ კი ერთადერთი მარცხი იწვნია უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრთან, პოლტაველ დმიტრო კანივეცკისთან და სანუგეშოში გადაერთო. იქ პირველ მეტოქედ მასპინძელი ქალაქის სახელით მოჭიდავე თანამემამულე – ზვიად ზვიადაური ჰყავდა, ვისაც სუფთად მოუგო. ნაგლიაშვილმა დამამშვიდებელში კიდევ ორი პაექრობა ჩაატარა და ორივეში ასევე იპონით იმარჯვა – ზაპოროჟიელ ალექსანდრ მოისეისთან და ბრინჯაოსთვის პაექრობა აზერბაიჯანელ ტელმან ვალიევთან. ამ წონაში მეორე ბრინჯაოს უკრაინის სახელით მოჭიდავე მასპინძელი ნიკო საჯაია დაეუფლა.

წყარო: lelo.ge

SHARE