თუ მსოფლიო რაგბი და ექვსი ერი ნებას დაგვრთავს!.. 24 ოქტომბერს, ბორჯღალოსნები შოტლანდიასთან!..

661

შოტლანდიური theoffsideline.com-ის ინფორმაციით, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები 24 ოქტომბერს ედინბურგის “ბიტი მარიფილდზე” საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს…

31 ოქტომბერს სკოტებმა უელსთან 2020 წლის “ექვსი ერის” ბოლო ტურის გადადებული მატჩი უნდა გამართონ, შესაბამისად, “ბორჯღალოსნებთან” დაპირისპირებას ამ თამაშისთვის მოსამზადებლად განიხილავენ. შოტლანდია-საქართველოს გასამართად ახლა მხოლოდ მსოფლიო რაგბისა და “ექვსი ერისგან” თანხობაა საჭირო. იმედია, ეს თანხმობაც იქნება.

როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, შემოდგომის მატჩებამდე დაახლოებით 3 თვეა დარჩენილი და უცნობია, დაუშვებენ თუ არა გულშემატკივრებს ტრიბუნებზე. ამის თაობაზე შოტლანდიის მთავრობის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თუ საქართველოს ნაკრებთან პაექრობა რაიმე მიზეზის გამო არ შედგება, “ნარშავები” ამ დღეს სხვა მეტოქესთან ითამაშებენ.

14 ნოემბრიდან კი სტარტს აიღებს ერთჯერადი ტურნირი 8 გუნდის მონაწილეობით. რამდენიმე სერიოზულმა გამოცემამ, მათ შორის, “როიტერმა” და “გარდიანმა”, დაადასტურეს, რომ “ექვსი ერის” გუნდებს ფიჯი და იაპონია დაემატებიან. საქართველო ისევ მიღმა დარჩა.

ჩვენი ნაკრები 31 ოქტომბერს ერთა თასის გამოტოვებულ მატჩში რუსეთს უმასპინძლებს. ნოემბრის ტესტების სხვა მეტოქეები კი, ჯერჯერობით, უცნობია.

წყარო: lelo.ge

SHARE