იაპონიამ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

446

მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შედეგად, ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. პლეი-ოფებამდე ბოლო შეხვედრა იოკოჰამაში, A ჯგუფის ეგიდით შედგა, სადაც იაპონიამ შოტლანდიას უმასპინძლა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კი მეოთხედფინალის საგზურის მფლობელის ვინაობა ირკვეოდა.

შოტლანდიამ მასპინძლები აუცილებლად უნდა დაემარცხებინა და თამაში კარგად დაიწყო, მე-8 წუთისთვის რასელის ლელო ლეიდლოუმ გარდასახა და 7:0. თუმცა, აქედან მოყოლებული იაპონიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ცალსახადა დაჯაბნა.

მეორე ტაიმის სტარტზე კი, აზიელებმა იმდენი მოახერხეს, რომ სქოთები მეოთხედ დაალელოვეს და არათუ თამაში მოიგეს, არამედ ბონუს ქულაც მოიპოვეს. მართალია, ბოლოსკენ შოტლანდია გამოფხიზლდა, ორი ლელოც დაამიწა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა – 28:21.

შედეგად, შოტლანდიის ნაკრები, რომელიც ჯგუფიდან გასვლას უმიზნებდა, 2 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილს დასჯერდა და მსოფლიო თასს დაემშვიდობა. იაპონიის ნაკრებმა კი, უბრალოდ ფანტასტიკურად ითამაშა ჯგუფში, ოთხივე მატჩი მოიგო, 19 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

იაპონია – შოტლანდია 28:21 (21:7)

მეოთხედფინალური წყვილები და მატჩების განრიგი კი, შემდეგნაირია:

1/4 ფინალი

19 ოქტომბერი, 11:15 საათი, ოიტა

ინგლისი – ავსტრალია

19 ოქტომბერი, 14:15 საათი, ტოკიო

ახალი ზელანდია – ირლანდია

20 ოქტომბერი, 11:15 საათი, ოიტა

უელსი – საფრანგეთი

20 ოქტომბერი, 14:15 საათი, ტოკიო

იაპონია – სამხრეთ აფრიკა

წყარო: worldsport.ge

SHARE