იდაყვში მოხრილი ხელი: ვლადისლავ კოზაკევიჩი, რომელამც საბჭოთა სიმბოლოები შეურაცხყო და გერმანიაში გაიქცა

730

1980 წელს, ნახევრადცარიელ ოლიმპიურ მოსკოვში პოლონელი ჭოკით მხტომელი ვლადისლავ კოზაკევიჩი მუდმივ დისკომფორტს გრძნობდა. ისე არ იყო, როგორც 1976 წელს, მონრეალის თამაშებზე, როცა ვლადი თავისუფლად ელაპარაკებოდა სხვა სპორტსმენებს, ცვლიდა მაისურებსა და სუვენირებს.

საბჭოთა კავშირის დედაქალაქში მას და სხვა სპორტსმენებს მუდმივად უთვალთვალებდნენ. „22 საათზე ოლიმპიურ სოფელში ყველაფერი ჩერდებოდა და დასაძინებლად წასვლის დრო იყო – არც დისკოტეკა, არც ღამით სეირნობა, გოგონებთან ურთიერთობაზე საერთოდ ტაბუ იყო დადებული. ოქროს მედლის მოგების შემდეგ, სოფელში ღამის პირველ საათზე გამოვცხადდი და ოთახამდე ორმა ავტომატიანმა მიმაცილა“, – აღშფოთებული ყვებოდა კოზაკევიჩი.

ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანამ 50-ზე მეტი ქვეყნის მხრიდან მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ბოიკოტი გამოიწვია, მაგრამ ამას არ უმოქმედია ჭოკით ხტომის ტურნირის ხარისხზე. იმ წლებში მედლებისთვის საბჭოთა და პოლონელი მხტომელები იბრძოდნენ, ამიტომაც მოსკოვში ყველა უძლიერესი იყო ჩასული. კოზაკევიჩის კონკურენტები იყვნენ მისი თანამემამულე, 1976 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი ტადეუშ სლიუსარსკი და მთავარი ფავორიტი, ევროპის 1980 წლის ჩემპიონი, საბჭოთა მხტომელი კონსტანტინ ვოლკოვი.

კოზაკევიჩს რთული და მძიმე ხასიათი ჰქონდა, თავისუფლად შეეძლო მწვრთნელი ან ფედერაციის ჩინოვნიკი გაელანძღა, ამიტომაც მოსკოვში მას სუკ-ის თანამშრომელი მიუჩინეს. სპეცსამსახურებმა კარგად იცოდნენ ოლიმპიადამდე ორი წლის წინ მომხდარი ისტორია, როცა პოლონელმა ქვეყნის მძლეოსნობის ფედერაციასთან შეუთანხმებლად, მონაწილეობა მიიღო ტურნირში, რომელიც მისი პირადი სპონსორის – ASICS-ის მიერ იყო ორგანიზებული. პოლონეთის ნაკრების სპონსორი კი იყო ASICS-ის კონკურენტი „ადიდასი“: წარმოიშვა სკანდალი და მხტომელი ნახევარი წლით ჩამოაშორეს საერთაშორისო ტურნირებს.

კოზაკევიჩი ოქროზე პრეტენზიას ჯერ კიდევ მონრეალში აცხადებდა, მაგრამ მაშინ მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა ტრავმის გამო. მიაჩნდათ, რომ მოსკოვში ძირითადი ბრძოლა სლიუსარსკისა და ვოლკოვს შორის წარიმართებოდა, მაგრამ ვლადისლავს, მოულოდნელად, ტრიბუნებიდან მისი მისამართით სტვენა დაეხმარა – უარყოფითმა ენერგიამ პოლონელს დამატებითი ძალები მისცა. „მაყურებელი სპორტის ბევრ სახეობაში უსტვენს – ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, მაგრამ მძლეოსნობაში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა“, – გაოცდა პოლონელი.

საბჭოთა გულშემატკივრები მთელი ძალით გულშემატკივრობდნენ ვოლკოვს და სხვა სპორტსმენებზე ძლიერად ზემოქმედებდნენ. კოზაკევიჩი, რომელიც აქამდე მხოლოდ სიმაღლეს ებრძოდა, ასეთ რამეს ნაჩვევი არ იყო. ყველასთვის მოულოდნელად, მან შეძლო მობილიზება და 5.75 მეტრზე გადახტა. კონკურენტებმა მხოლოდ 5.65 მეტრი აიღეს. ბოლო ცდის წინ, ვლადისლავს გარანტირებული ჰქონდა ოქრო, მაგრამ მაყურებელი არ წყნარდებოდა და წყევლას უგზავნიდა პოლონელს. კოზაკევიჩი გაიქცა და 5.78 მეტრი აიღო, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდი იყო – პოლონელმა ერთი სანტიმეტრით აჯობა ფრანგი ფილიპ უვიიონის შედეგს.

„მე ვცდილობდი ფრანგის რეკორდის დამხობას და არა რუსის. მაყურებელი კი მაინც უსტვენდა. აბსურდი! მე ერთადერთი ადამიანი ვარ მსოფლიოში, რომელმაც რეკორდი იმ დროს დაამხო, როცა ზურგში უსტვენდნენ. განა ვინმე უსტვენდა, როცა სერგეი ბუბკა მსოფლიოს რეკორდებს ამყარებდა?“ – მოგვიანებითაც გაოგნებული იყო კოზაკევიჩი.

პოლონელმა ემოციურ ფონზე მაყურებელს იდაყვში მოღუნული ხელი აჩვენა – იმ წამს ამას ყურადღება არავინ მიაქცია, მაგრამ მომდევნო დღეს ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა. განსაკუთრებით პოპულარული კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გახდა: ამერიკული გაზეთები დაახლოებით ასეთი სათაურებით გამოვიდა: „კოზაკევიჩმა უჩვენა საბჭოთა ცხოველებს“.

იდაყვში ხელის მოხრისას, კოზაკევიჩი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაებრაზებინა გულშემატკივრები, მაგრამ ის დაადანაშაულეს საბჭოთა მოქალაქეებისა და სიმბოლოების შეურაცხყოფაში. კომუნისტებმა მიიჩნიეს, რომ ამ ჟესტით ვლადისლავმა გამოხატა საკუთარი შეხედულება 1939 წლის მიმართ, როცა საბჭოთა კავშირი პოლონეთში შეიჭრა და ლიეტუვას შეუერთა სპორტსმენის მშობლიური სოფელი. კომუნისტების მისვლით, ომამდე შეძლებულად მცხოვრები კოზაკევიჩის მშობლები გაღარიბდნენ.

„მე სტალინის სიკვდილიდან სულ მალე დავიბადე, საბჭოთა კავშირის მთავრობის ხელმძღვანელად ხრუშჩოვი მივიდა. და მან თქვა: ხალხს, ვისაც საკუთარი თავი პოლონელად მიაჩნია, შეუძლია პოლონეთში გაემგზავროს. ჩემი ოჯახი გდინიაში გადავიდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ამიტომაც, ჩემთვის გაუგებარია ამჟამინდელი სიტუაცია უკრაინაში. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა: „მინდა რუსების დაცვა, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ“. მე ეს არასწორი მგონია. არ მესმის, რატომ არ შეიძლება რუსეთში მოიძებნოს ადგილი იმ რუსებისთვის, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ? პოლიტიკა – ერთი დიდი ბოროტებაა“, – ამბობს კოზაკევიჩი.

საბჭოთა ელჩმა ვარშავაში ბორის არისტოვმა პოლონელის სამუდამო დისკვალიფიკაცია მოითხოვა და კედელთან მიმწყვდეულმა ჩემპიონმა ლეგენდა შეთხზა. კოზაკევიჩმა განაცხადა, რომ ტრიბუნები არაფერ შუაშია – ის ყოველთვის ასე აღნიშნავს დიდ გამარჯვებას. „მე განვაცხადე, რომ ამ ჟესტს თამასას ვუჩვენებ – რომ ახლა მას შეუძლია უკანალზე მაკოცოს“, – თავი იმართლა ვლადისლავმა. პოლონელმა, მოულოდნელად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან ხუან-ანტონიო სამარანჩისგან მიიღო მხარდაჭერა – საბჭოთა კავშირში ესპანეთის ყოფილმა ელჩმა დაადასტურა, რომ სპორტსმენი მართლაც ხშირად აკეთებს ასე. საბოლოოდ, ფუქციონერის გამოქომაგების წყალობით, კოზაკევიჩს მედალი დაუტოვეს.

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ვლადისლავს ძალიან მოხვდა ჩინოვნიკებისგან, რომლებსაც არ უნდოდათ საბჭოთა რეჟიმთან პრობლემები. მაგრამ ქუჩაში ხალხი მადლობას უხდიდა კოზაკევიჩს – მხტომელისთვის მოულოდნელად, ამ ჟესტმა ღრმა ფილოსოფიური აზრი მიიღო. მოსკოვიდან ბრძანებებით გადაღლილმა პოლონელებმა, კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო სიმბოლო მიიღეს.

მოსკოვური ოქრო ბოლო წარმატება გახდა მხტომელისთვის. კოზაკევიჩს შეეძლო კიდევ ერთი მედლის აღება 1984 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე, მაგრამ შტატებში ვერ წავიდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მხრიდან ბოიკოტის გამო. გარდა ამისა, სპორტსმენს ზეწოლა ჰქონდა პოლონური სპეცსამსახურებისგან, რომლებიც მასზე კომპრომატს ეძებდნენ.

ციხისგან კოზაკევიჩი შემთხვევითობამ და პოლიციის შეუთანხმებელმა მოქმედებამ იხსნა – უცხოურ დაზვერვასთან მოგონილი თანამშრომლობის ბრალდებით დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე, ის გერმანიაში ტურნირზე გაფრინდა. ბინაში ჩხრეკის შესახებ ვლადისლავს ძმამ შეატყობინა, ამიტომაც ჩემპიონი ჰანოვერში დარჩა და ერთი წლის შემდეგ, გერმანიის მოქალაქეობა მიიღო.

კოზაკევიჩი პოლონეთში მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა, მაგრამ არ დარჩა იქ. ბოლო 20 წელი ჩემპიონი ფიზკულტურის გაკვეთილებს ატარებს ჰანოვერის ერთ-ერთ გიმნაზიაში, იღებს კვირაში 3500 ევროს და ხუმრობს, რომ პოლონელი მინისტრის დონის ხელფასი აქვს. 80-იანი წლების პოლონეთის გმირი დიდი ხანია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მის თანამემამულეებს ახსოვდეთ, რომ სწორედ კოზაკევიჩის სპონტანური ემოციური ჟესტისგან დაიწყო მათი გზა თავისუფლებისკენ.

წყარო: lelo.ge

SHARE