ირანში ცნობილი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს

788

ცნობილი ირანელი მოჭიდავე და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, 27 წლის ნავიდ აფკარი, რომელიც დაცვის წევრის მკვლელობასა და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს, სიკვდილით დასაჯეს. განაჩენი სისრულეში 12 სექტემბერს მოიყვანეს.

ირანის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისა და ქვეყნის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორის განაჩენის გადახედვას და მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, სხვებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითიც ითხოვდნენ. თავის მხრივ, სპორტსმენთა მსოფლიო პროფკავშირმა ირანის საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთა მოითხოვა, თუკი ეს ქვეყანა ნავიდის სასიკვდილო განაჩენს აღასრულებდა.

“დღეს დილით შირაზში, ადელაბადის ციხეში სისრულეში იქნა მოყვანილი ნავიდ აფკარის განაჩენი”, – ციტირებს პროვინცია ფარსის მთავარი პროკურორის კაზემ მუსავის სიტყვებს ირანული მედია.

ირანში მასშტაბური დემონსტრაციები 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდა. იმ პერიოდში 25 ადამიანი დაიღუპა, ათასამდე კი დააპატიმრეს.

ნავიდ აფკარი და მისი ძმები: ვაჰიდი და ჰაბიბი სწორედ მაშინ დააკავეს. ირანულმა სასამართლომ ნავიდს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ვაჰიდსა და ჰაბიბს კი თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, 54 და 27 წლით.

წყარო: popsport.com

SHARE