ლაშა დვალი: უფრო დიდი წარმატება 12 ნოემბერს გველის…

368

„საბურთალოს“ ოფიციალურ საიტთან საინტერესო ინტერვიუში ბელარუსთან შეხვედრა შეაფასა ეროვნული ნაკრების მცველმა, ლაშა დვალმა. ვფიქრობთ, ეს ინტერვიუ ჩვენს მკითხველებსაც დააინტერესებთ.

– მართალია, რთული და დაძაბული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ ვფიქრობ დამსახურებულად გავედით ფინალში. მატჩის ბოლო წუთამდე არაფერი იყო გარკვეული, რადგან ანგარიში მინიმალური იყო. პირველ ტაიმში შექმნილი რამდენიმე საგოლე მომენტი რომ გამოგვეყენებინა, მეორე ნახევარში თამაში უფრო გაგვიადვილდებოდა. კარგია, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა და გამარჯვების მოპოვება შევძელით. ძალიან ბევრი ემოცია და დიდი სიხარული იყო.

– ემოცია ახსენეთ. რა ხდებოდა გასახდელში?

– ამ ყველაფრის გადმოცემა ძალიან რთულია, რაც მატჩის შემდეგ გასახდელში ხდებოდა. ასეთ გამარჯვებებს მონატრებულები ვართ, ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. მჯერა, უფრო დიდი წარმატება 12 ნოემბერს გველის. გამარჯვების შემთხვევაში მთელ საქართველოში უდიდესი ზეიმი იქნება. ისევე, როგორც ბელარუსთან მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიელების წინააღმდეგაც მაქსიმალურად მობილიზება გვმართებს.

– მართალია, ბოლო შეხვედრაში “ფერენცვაროშის” შემადგენლობაში “ძირითადში” ითამაშეთ, თუმცა მანამდე, ტრავმის გამო, გარკვეული დრო გაგიცდათ. ელოდით ბელარუსთან სასტარტო შემადგენლობაში თამაშს?

– როდესაც ნაკრებში გიწვევენ, თამაშის მოლოდინი მუდმივად უნდა გქონდეს. ტრავმის მერე ვერ ვიტყვი, რომ სათამაშო ფორმა სრულად აღვიდგინე, თუმცა თავს ნორმალურად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ბელარუსიის ნაკრების წინააღმდეგ მომიწია თამაში და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ამ გამარჯვებაში.

– 12 ნოემბერი არა მხოლოდ ნაკრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იქნება. რას იტყვით მომავალ მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიაზე?

– ვფიქრობ, ბელარსზე ძლიერი გუნდია და უფრო დაძაბული შეხვედრა გველის. გადამწყვეტი მატჩია ორივე გუნდისთვის, მაგრამ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ. ყველამ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, თუ გვინდა, რომ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვოთ.

ვისარგებლებ შემთხვევით და ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ნაკრებს, მის გულშემატკივრებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ ბელარუსიის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვებას. ასევე, წარმატებებს ვუსურვებ “საბურთალოსა”.

წყარო: lelo.ge

SHARE