ლაციოს უკანასკნელი ჩემპიონობის შემოქმედი…

530

…ცოტა შორიდან მოვუაროთ: სერია A-ს XXIII ტურის შეხვედრაში „ლაციომ“ სტუმრად 1:0 დაამარცხა „პარმა“. ამით რომაულმა გუნდმა საკლუბო რეკორდი დაამყარა – 18 შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად. წინა რეკორდი მოდის 1999-2000 წლების სეზონზე. მაშინ „ლაციოს“ შვედი სვენ გორან ერიქსონი ხელმძღვანელობდა და მაშინ გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა…

ერიქსონმა ცოტა ხნის წინათ საინტერესო ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. მან ის პერიოდი გაიხსენა…

როცა თავი ყველას რომის იმპერატორი ეგონა…

…“მაშინ იტალიის ჩემპიონატი საუკეთესო ლიგა იყო მსოფლიოში. როცა „რომამ“ შემომთავაზა სამუშაო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იტალიურ ლიგაში ასპარეზობდნენ. იმ პერიოდში „ბენფიკას“ ვხელმძღვანელობდი და „რომა“ უეფას თასის გათამაშების მეოთხედფინალიდან გამოვთიშეთ. დამიკავშირდნენ და სამუშაო შემომთავაზეს. მე დავთანხმდი. 1984 წელი იყო…

ეს იყო ძალიან კარგი, მაგრამ ამავე დროს ერთობ უცნაური გუნდი. მათ წარმატებას სხვა შვედ მწვრთნელთან, ნილს ლიდჰოლმთან ერთად მიაღწიეს. ჩემს მისვლამდე „რომამ“ იტალიის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. მერე კი ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა და 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა „ლივერპულთან“.

ეს იყო დიდი გუნდი დიდი ფეხბურთელებით. თითოეულ მათგანს თავი რომის იმპერატორად წარმოედგინა, მე კი ჩემი იდეები მქონდა. მინდოდა, მათ ბევრი ერბინათ. პირველი წელი ძალიან რთული იყო. სულ ვეკითხებოდი საკუთარ თავს – ხომ არ შევცდი, როცა სამუშაოდ ეს გუნდი ავირჩიე?!.

არადა, „რომამდე“ „ბარსელონამ“ დამირეკა და კონტრაქტი შემომთავაზა. მაშინ მე მათ მირჩიეს, არ  წავსულიყავი იტალიაში, რადგან ამ ქვეყანაში მაშინ უცხოელ მწვრთნელებს არ ჰქონდათ ტრიბუნაზე ყოფნის უფლება. პირველ წელს მართლაც არ ვიჯექი ტრიბუნაზე. გუნდი ცუდად თამაშობდა. მეორე დღეს მედია საშინლად მაკრიტიკებდა, მე კი გასახდელშიც კი ვერ შევდიოდი. მეორე სეზონში ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები დავაწინაურეთ და შესანიშნავი სეზონიც გამოგვივიდა…

მაშინ თავდამსხმელი თავდამსხმელი იყო. მათ გოლების გატანა ევალებოდათ და არა თავის დაცვა. ჩემს იდეაში არ შედიოდნენ ვეტერანები, რომელთაც მუშაობა არ უნდოდათ მინდორზე. მაშინ მე საკუთარ თავს ვუთხარი: „სვენ, თუ გინდა, რომ შენს იდეებს ფრთები შეესხას, მაშინ ეძებე კარგი ფეხბურთელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყუილად წვალობ“…

ვიალის და მანჩინის უნდოდათ, რომ მათთან მემუშავა…

…“იტალიაში სულ 5 წლის განმავლობაში ვიმუშავე. აქედან ბოლო 2 წელი – „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი. შეიძლება, კიდევ მეტი დროის განმავლობაში გავჩერებულიყავი იქ, მაგრამ მაშინ „ფიორენტინა“  კმაყოფილდებოდა ლიგაში ადგილის შენარჩუნებით. მეტი ამბიცია ამ კლუბს არ ჰქონდა…

გადავწყვიტე, ისევ პორტუგალიაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ 1992 წელს ისევ დამიძახეს იტალიაში. ამჯერად ჩემი სამსახურით „სამპდორია“ დაინტერესდა. ჯანლუკა ვიალისა და რობერტო მანჩინის უნდოდათ, რომ მათთან მემუშავა. არ მგონია, რომ ეს კლუბის პრეზიდენტის იდეა ყოფილიყო…

გადავწყვიტე, დავთანხმებოდი ამ წინადადებას, მაგრამ ვიფიქრე თუ არა კონტრაქტზე ხელის მოწერა, კლუბის პრეზიდენტმა დამირეკა. მან მითხრა, რომ აღარ შეეძლო „მილანთან“, „იუვენტუსთან“ და „ინტერთან“ ტოლ-სწორად ბრძოლა. ასევე აპირებდა ვიალის გაყიდვას. მან ისიც მითხრა, რომ შემეძლო გადამეფიქრებინა, მაგრამ დავთანხმდი და ნამდვილად არ მინანია, ასე რომ მოვიქეცი…

კარგი ხუთი წელი გავატარე იქ. კლუბს მანტოვანის ოჯახი მართავდა. ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, მხოლოდ ერთი ტიტული, იტალიის თასი მოვიგეთ, მაგრამ ეს არ იყო ულტიმატუმების კლუბი. იქ მეტად მშვიდ ვითარებაში ვმუშაობდი…

ხუთი წლის შემდეგ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. კონტრაქტი გავაფორმე „ბლექბერნთან“ და სწორედ ამ დროს დამიკავშირდა „ლაციო“.

მე ვიცოდი, რომ მათ 20 წლის განმავლობაში არაფერი მოეგოთ. გარდა ამისა, ვიცოდი ისიც, რომ კლუბის მფლობელი სერჯო კრანიოტი ძალიან ამბიციური ადამიანი იყო. შევხვდი „ბლექბერნის“ შეფობას და „ლაციოში“ გაშვება ვთხოვე…

…ინგლისელებმა გამიგეს და ამის გამო მე მათ მუდამ მადლობას ვუხდი. სამი წელი გავატარე „ლაციოში“. ეს იყო მართლაც რომ შესანიშნავი 3 წელიწადი! უფრო ზუსტად, სამწელიწად-ნახევარი და ამ ხნის განმავლობაში 7 ტიტული მოვიგეთ. გავუშვი რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა მენტალიტეტიც არ შეეფერებოდა გუნდისას, მათ შორის, ჯუზეპე სინიორი.

პრეზიდენტისთვის ეს იყო შოკი! ტიფოზებმა შემიძულეს…

…დიდებული ფეხბურთელი იყო – ბომბარდირი, კაპიტანი, იტალიის ნაკრების წევრი… მაგრამ აქ იყო ერთი მეტად მნიშვნელოვანი „მაგრამ“ – ის დიდი ხანი იყო კლუბში და არაფერი ჰქონდა მოგებული.

მივედი კრანიოტისთან და ვუთხარი, რომ სინიორი უნდა გაგვეყიდა. მისთვის ეს იყო შოკი! შევხედე და მივხვდი, რომ ინფარქტამდე ბევრი აღარ უკლდა. „როგორ?“ – მითხრა მან, ის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, კაპიტანია, ის რომის მეფეა!“…

კრანიოტი დავარწმუნე, მაგრამ „ლაციოს“ გულშემატკივრებმა შემიძულეს. მათ ალბათ ჩემი მოკვლაც კი უნდოდათ. ბაზაზე ვერ შევდიოდი. ისინი კედლებზე ძვრებოდნენ, ვითარება ვერც პოლიციამ განმუხტა.

რამდენიმე თვის შემდეგ იტალიის თასი მოვიგეთ, მერე კიდევ შვიდი ტიტული დავიტოვეთ. სინიორი უკვე აღარავის ახსოვდა. ვერონი, სინიშა, მანჩინი და სხვები მოვიყვანეთ… „ლაციო“ ჩემი ოცნების გუნდი გახდა.

საჩემპიონო სეზონში ჩვენ თავიდან ჩამოვრჩით „იუვენტუსს“, მაგრამ მჯეროდა ჩემი ფეხბურთელების. ვეუბნებოდი მათ, რომ ასევე გაეგრძელებინათ მუშაობა. მათაც სჯეროდათ ჩემი. საბოლოოდ, ამან შედეგი მოიტანა. ბოლო ტურში გადაწყდა ყველაფერი – ჩვენ „რეჯინას“ 3:0 მოვუგეთ, „იუვენტუსს“ ვერ უნდა მოეგო პერუჯაში. შესვენებაზე თამაში შეწყდა. კოკისპირულად წვიმდა. ვიჯექით და რადიოს ვუსმენდით. „იუვენტუსი“ აგებდა. ისინი თამაშის გადადებას ითხოვდნენ, მაგრამ პიერლუიჯი კოლინამ არ ქნა. სხვა ალბათ იზამდა. საბოლოოდ „იუვემ“ არათუ ვერ მოიგო, ანგარიშიც ვერ გაათანაბრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენ კი ჩემპიონები გავხდით!..

იმ გუნდში ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. მაგალითად, სინიშა მიხაილოვიჩი – საუკეთესო „მარცხენა“ მთელ მსოფლიოში. ნედვედი, მანჩინი, ვერონი, სალასი… მანჩინი და მიხაილოვიჩი ახლა შესანიშნავი მწვრთნელები არიან. მწვრთნელობენ ასევე ვერონი, ალმეიდა და ნესტა…

მე მოვედი „ლაციოში“, როცა ამ გუნდმა არ იცოდა გამარჯვება და გუნდმა მოგება ისწავლა“…

წყარო: lelo.ge

SHARE