თენგიზ სულაქველიძე: მარადონა უნდა დაიჭიროო…

659

თენგიზ სულაქველიძის კარიერაში არაერთი ბრწყინვალე მატჩი ყოფილა, თუმცა თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ვარსკვლავს არასოდეს დაავიწყდება 1988 წლის 31 მარტო. ამ დღეს “ჭომამ” ურთულესი გამოცდა ფრიადზე ჩააბარა და თვით დიეგო მარადონას ნეიტრალიზება შეძლო.

გერმანულ ოთხთა ტურნირზე საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 4:2 მოუგო ვარსკვლავებით გატენილ არგენტინას. გოლები ზავაროვმა, ლიტოვჩენკომ და პროტასოვმა (დუბლი) მიითვალეს, თუმცა მაშინდელი მსოფლიო მედია უფრო რიონის პირად გაზრდილ სულაქველიძეს აქებდა – მართალია, დიეგომ ერთი გოლი მაინც შეაგდო, თუმცა მთელ რიგ ეპიზოდებში ის თენგიზმა უბრალოდ არ გაანძრია.

რა და როგორ იყო ამ შეხვედრაში? ამის თაობაზე თავად თენგიზ სულაქველიძეზე უკეთესად ვერავინ გვიამბობს.

თენგიზ სულაქველიძე: როტერდამში მსაჯმა ჯოჯოხეთი მოგვიწყო, მაგრამ „ფეიენოორდი“ არბიტრიანად დავამარცხეთ

“1988 წელი იყო, ეს შეხვედრა ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგა. ევროპის ჩემპიონატისათვის ვემზადებოდით. ეს იყო ჩემი ბოლო დიდი ტურნირი კარიერაში. იმ დროისთვის ნათამაშები მქონდა მსოფლიოს პირველობაზე და ოლიმპიადაზე. მინდოდა, ევროპის ჩემპიონატზეც მეთამაშა და საბოლოოდ ეს შევძელი კიდეც, მაგრამ მაშინ რა ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა?

არგენტინასთან თამაშამდე მეძახის საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი და მეუბნება, დიეგო მარადონა უნდა დაიჭიროო. როგორი საქმეა, მარადონაო… მაშინ ის ნომერ პირველი ფეხბურთელი იყო მსოფლიოში.

გამოვედი ოთახიდან და ვფიქრობ: რაღა მე ამომარჩია – მეთქი? არადა, ევროპის ჩემპიონატისათვის შემადგენლობა ჯერ არაა შერჩეული და თუ ვერ ითამაშებ, ვერ მოხვდები შემადგენლობაში, გამოგიშვებენ სახლში…

დიეგოს მეურვეობა ურთულესი საქმე იყო. მე მითამაშია ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ. მათ შორის, ზიკოს წინააღმდეგ, მაგრამ მარადონა მაინც სხვა იყო. მე არ მინახავს მისი დიაპაზონის მეორე ფეხბურთელი. უნიკალური იყო არა მხოლოდ თავისი ტექნიკით, არამედ იმითაც, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში წამითაც არ ჩერდებოდა.

დაიწყო თამაში და მივხვდი, რომ შეუძლებელი უნდა გამეკეთებინა. არ არსებობდა, მარადონას წინააღმდეგ ბოლომდე სუფთა ფეხბურთი გეთამაშა. მაგრად ვეცადე და, მგონი, კი გამომივიდა მისი შეჩერება. რაღაც დონეზე მაინც.

ჩემთვის ის იმიტომაცაა უდიდესი ფეხბურთელი, რომ ბევრი ხვდებოდა ფეხებში და ერთი ხმა არ გაუღია. ვარსკვლავები კი არა, საშუალო ფეხბურთელები გაიჭიმებიან – ხოლმე ამ დროს. ის კი ჩუმად და თავდადებით აგრძელებდა თამაშს.

საბჭოთა ნაკრებისათვის არ არსებობდა ამხანაგური და ოფიციალური შეხვედრა. ყველა თამაშში შედეგს გვთხოვდნენ. ალბათ, მარადონა გულში იმასაც ფიქრობდა, რას აძლევენ ასეთს ამ ფეხბურთელებს, თავს რომ იკლავენო. არადა, ასი დოლარიც კი არ იყო ხშირად პრემია. ჩვენთვის ფული არასოდეს ყოფილა მთავარი.

უნაკლო ფეხბურთელი – მე ასე დავახასიათებდი დიეგო მარადონას…”

სსრკ 4 – 2 არგენტინა

ოთხთა ტურნირი
ბერლინი. ოლიმპიაშტადიონი. 25000 მაყურებელი.
გოლები: 0:1 ზავაროვი (14), 0:2 ლიტოვჩენკო (15), 1:2 ტროლიო (18), 1:3 პროტასოვი (62), 2:3 მარადონა (67), 2:4 პროტასოვი (80, პენ)
არგენტინა: პუმპიდო, ბრაუნი (გარე, 53), დიასი, ხუსტი, რუჯერი, სენსინი, ტროლიო, კისიუფო, მარადონა, კანიჯა, ოლარტიკოეჩეა (კლაუსენი, 46)
სსრკ: დასაევი, ბალტაჩა, სულაქველიძე (იაკოვენკო, 74), ო. კუზნეცოვი, დემიანენკო, ბესონოვი, რაცი, ლიტოვჩენკო (გოცმანოვი, 83), ზავაროვი, პროტასოვი, ბელანოვი (პასულკო, 75)
გაფრთხილება: იაკოვენკო
არბიტრი: ჟოელ კინიუ (საფრანგეთი)
წყარო: lelo.ge
SHARE