(ვიდეო) მერაბ დვალიშვილი ზედიზედ მეხუთე ორთაბრძოლის მოსაგებად ემზადება!..

789

მერაბ დვალიშვილი UFC-ში (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) მორიგი, მეშვიდე ორთაბრძოლის ჩასატარებლად ემზადება, რომელიც 15 აგვისტოს ლას ვეგასში უნდა გაიმართოს.

29 წლის ქართველ მებრძოლს UFC-ში ჩატარებული 6 პაექრობიდან უკანასკნელი 4 აქვს მოგებული, რაც მებრძოლთა ამ უპრესტიჟულეს ლიგაში მარცხიანი დასაწყისის შემდეგ მშვენიერი აღმასვლის მაუწყებელია.

ბოლოს (13 ივნისს) გამართულ შეხვედრაში მერაბმა გუსტავო ლოპესს (აშშ) დამაჯერებელი უპირატესობით სძლია. ამჯერად, მისი მეტოქე 35 წლის გამოცდილი მებრძოლი ჯონ დოდსონი (აშშ) იქნება. დვალიშვილი ნიუ იორკიდან ლას ვეგასში გაემგზავრა და ამის ვიდეოც გაავრცელა.

“ლას ვეგასში ჩასული, 24საათიანი კარანტინის შემდეგ კვლავ გავაგრძელებ წონის კლებას. პარასკევს იქნება აწონვა, ხოლო შაბათს – ორთაბრძოლა. ამაღლებული განწყობა მაქვს, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მინდა გავახარო ჩემი გულშემატკივრები და ჩვენი დროშა კიდევ ერთხელ ავწიო მაღლა”, – ამბობს დვალიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 6 ორთაბრძოლა აქვს გამართული, მერაბი უკვე ცნობილია თავისი ხელწერით. ამასთან, ის 61 კგ (135 ფუნტი) წონით კატეგორიაში დარტყმების რაოდენობით რეკორდსმენი გახლავთ, რაც, რა თქმა უნდა, ჩინებული შედეგია.

დვალიშვილის შესახებ Mymmanews.com-მა დაწერა და მოახლოებული ორთაბრძოლის შესახებ მისი მოკლე კომენტარიც შესთავაზა მკითხველს. მერაბი ქომაგებს იქაც დიდი ბრძოლასა და გამარჯვებას ჰპირდება.

“სერა ლონგოს (დვალიშვილის მწვრთნელი) გუნდმა შეუქმნა ოჯახური ატმოსფერო მერაბს მთელი პანდემიის პერიოდში. ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მას ექნება პირველი შანსი, იყოს ტიტულისთვის ბრძოლის კანდიდატი. ამასთან, მოგების შემთხვევაში ი შესაძლოა თავისი დივიზიონის ათეულშიც ვიხილოთ, თუმცა იქამდე მერაბმა უნდა სძლიოს ცბიერ და მოუხელთებელ ჯონ დოდსონს”, – წერს ვებგვერდი.

მოკლედ, 15 აგვისტოს მოუთმენლად ველოდებით დვალიშვილისა და დოდსონის პაექრობას!..

წყარო: lelo.ge

SHARE