ნაკრებს ბელარუსისთვის… ქეცბაიაც ამზადებს! ძალიან საინტერესო წერილი კვიპროსულ მედიაში…

410

მართალია, საქართველოს ნაკრები ბელარუსთან პლეი ოფის მატჩამდე ამხანაგურ მატჩს ვერ მართავს (ყოველ შემთხვევაში, დღეს ამის პერსპექტივა არ ჩანს), მაგრამ ამის კომპენსაცია კვიპროსშია – ჩვენი ნაკრების 5 მოთამაშე, “ანორთოსისის” სახელითა და თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობითეს “ჯვაროსნების” მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც 26 მარტის მატჩისთვის კვიპროსის მთავარი დივიზიონის საშუალებით ემზადება

ჩემპიონთა ლიგის კონტურები

ადრეც ვთქვით და ახლა გავიმეორებთ – თემურ ქეცბაია “ანორთოსისში” ქართველების წაყვანითა და მათი იქ მომზადებით საქართველოს ნაკრებისთვის ისეთ საქმეს აკეთებს, რომლის დაუფასებლობაც უმადურობა იქნება.

თავად “ხოტორა” ქართველის შესახებ კვიპროსულ პრესაში წერილს ლამის ყოველდღე წააწყდებით. ფამაგუსტელებთან დაბრუნებულმა ქეცბაიამ გუნდს ამბიცია და ლიდერობა დაუბრუნა. ამჟამად, ქართველების გუნდად ქცეული “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია და მეორეადგილოსან “ომონიას” უკვე 4 ქულით უსწრებს…

ქართველი სპეციალისტის დაბრუნებამ და წარმატებულმა კამპანიამ ამ გუნდის ყოფილი ლეგიონერი, შოტლანდიელი მარკ ფოდრინგემი გაახარა. “მამაცი გულის” ზედმეტსახელით ცნობილი ფეხბურთელის კომენტარს გამოცემა philenews აქვეყნებს.

“სასიამოვნოა, რომ ჩემთვის ძვირფასი კლუბის, “ანორთოსისის” სათავეში ისევ ქეცბაიაა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან კვლავ ჩემპიონთა ლიგაში ვიქნებით. ეს არის თაფლი მთელი ცხოვრებისთვის”, – ამბობს ფოდრინგემი.

ბერძენის მოტივაცია

ბერძნულმა გამოცემა “სპორტთაიმმა” თანამემამულე თავდამსხმელ ნიკოს კალცასს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ახლო წარსულში “პანათინაიკოსისა” და “ასტერასის” მოთამაშე ქეცბაიაზე ლაპარაკობს. ნიკოს კალცასს ჰკითხეს ქეცბაიაზე, კვიპროსში მის საქმიანობაზე და არის თუ არა ის დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი.

“ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ვართ, მაგრამ ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც კვიპროსის ფეხბურთს კარგად იცნობს და ძალიან კარგი გუნდიც შექმნა. ჩვენ გვყავს საუკეთესო დაცვა და საუკეთესო შეტევა და ამით ყველაფერია ნათქვამი – ქეცბაიამ “ანორთოსისში” კვალი დატოვა როგორც ფეხბურთელმა და როგორც  მწვრთნელმაც.

ის იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც კვიპროსელთა გუნდი (“ანორთოსისი”) ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა. მან იცის კვიპროსი, ჩემპიონატი და ვფიქრობ, ის აქ ერთ-ერთი საუკეთესოა. არის თუ არა ქეცბაია დაცვითი სტილის მწვრთნელი? ეს ასე არ არის.

მან გუნდი შემადგენლობიდან გამომდინარე ჩამოაყალიბა. დასკვნები მარტივია – ჩვენ ლიგაში 36 გოლი გავიტანეთ და ფაქტია, კვიპროსის ლიგაში საუკეთესო თავდასხმა გვყავს. ქეცბაია კარგი მწვრთნელია და ვფიქრობ, კვიპროსის ჩემპიონატს ის საუკეთესოდ მოერგო. მე მქონდა შანსი, საბერძნეთის ჩემპიონატში მეთამაშა. მაგრამ მწვრთნელმა და “ანორთოსისის” ფაქტორებმა თავისი როლი ითამაშა.

ესაა მოტივაცია და გადავწყვიტე, ქეცბაიას შეთავაზება მიმეღო. უკვე ბევრი ამბობს, რომ ჩემი ნაბიჯი გამართლებული იყო, რადგან ჩვენ ცხრილში პირველები ვართ. თანაც ეს ისტორიული გუნდია, რომელსაც საბერძნეთშიც იცნობენ და არა მხოლოდ კვიპროსში”.

წყარო: lelo.ge

SHARE