ნიჩბოსნობა. ზაზა ნადირაძე ფინალში მეორე შედეგით!

387

უნგრეთის ქალაქ სეგედში კვირას დამთავრდება ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი კანოესა და კაიაკში (ბაიდარა). დღეს ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე ნახევარფინალებში 27 სპორტსმენი ეცილებოდა ერთმანეთს A ფინალის 9 საგზურს.

ჩვეულებისამებრ, შესანიშნავად იასპარეზა მცხეთელმა ევროპის ჩემპიონმა ზაზა ნადირაძემ. პირველივე ნახევარფინალური ცდისას მან ეს დისტანცია 38.91 წამში გაცურა და ფინალში მეორე შედეგით შევიდა. პირველი იყო ლიეტუველი ჰენრიკას ჟუსტაუტასი – 38.48 წამი.

შეჯიბრების დანარჩენმა 25-მა მონაწილემ მსგავსი დრო ვერ აჩვენა, მაგრამ შვიდი მათგანი მაინც მოხვდა ფინალში: გაცურვების მიხედვით, ესენი არიან:

ტომაშ ბარნიაკი (პოლონეთი, 40.35), ჯონათან ჰაიდუ (უნგრეთი, 39.97), ალფონსო ბენავიდესი(ესპანეთი, 40.21), ნიკოლე კრასიუნი (იტალია, 40.24), არტიომ კოზირი (ბელარუსი, 39.19), ელდერ სილვა (პორტუგალია, 3976), ადელ მოჯალალიმოჩადამი (ირანი, 40.36).

ამ დისტანციაზე გადამწყვეტი პაექრობები ხვალ გაიმართება. შაბათს ქალთა შორის 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი B ფინალში იასპარეზა დუშელმა მარიამ ქერდიკაშვილმა.

9 მონაწილეს შორის 49.20 წამით ფინიშთან მეექვსე იყო და საბოლოოდ მე-15 ადგილი ხვდა, არადა, ქართველმა კანოისტმა მსოფლიოს ჩემპიონზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

საქმე ის არის, რომ A ფინალში პირველი ადგილი ამერიკელმა ნევინ ჰარისონმა 49.30 წამით დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუსი ოლესია რომაენკო (49.79) და ბელარუსი ალიონა ნზდროვა (49.99) გავიდნენ.

B ფინალში 200 მეტრზე მოსინჯა ძალები ერთადგილიანი კაიაკით თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა. 35.97 წამით იგი მე-4 ადგილს დასჯერდა და საბოლოოდ მე-13 ადგილი ერგო. ჩემპიონობა 34.86 წამით ლაიამ ჰიტმა (დიდი ბრიტანეთი) მოიპოვა.

მარცხნიდან: ბადრი ყაველაშვილი, მარიამ ქერდიკაშვილი, ზაზა ნადირაძე

წყარო: lelo.ge

SHARE