პანდემიამ საქართველო და საფრანგეთი ვერ შეაფერხა

541

“ბორჯღალოსნების” ტესტი საფრანგეთის ნაკრებთან საფრთხეში არაა. ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც საფრანგეთის TOP 14-ის კლუბებმა ფედერაციის მიერ შეთავაზებული საშემოდგომო განრიგი დაამტკიცეს…

საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ისტორიაში მეორედ 7 ნოემბერს სენტ ეტიენში შეხვდება. პირველი დაპირისპირება 2007 წლის მსოფლიო თასზე გაიმართა – 64:7 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ.

საფრანგეთის TOP 14-ის კლუბების პრეზიდენტებმა ერთხმად დაამტკიცეს სატესტო ფანჯრის გაფართოების შემოთავაზება შემოდგომისთვის. ნოემბერში დაწესებული სამკვირიანი ფანჯრის ნაცვლად იქნება 5-კვირიანი. სხვათა შორის, FFR 6-კვირიან ფანჯარას ითხოვდა.

საფრანგეთის ნაკრები 7 ნოემბერს საქართველოს ხვდება, ხოლო მომდევნო უქმეებზე ჯერ ავსტრალიას, შემდეგ სამხრეთ აფრიკას. ახლა დაემატა ორი ახალი თარიღი: 31 ოქტომბერი და 28 ნოემბერი.

პირველი თარიღი, დიდი ალბათობით, ექვსი ერის მატჩისთვის იქნება გამოყენებული – ფრანგებს ირლანდიასთან მატჩი აქვთ სათამაშო. ფედერაციამ ჯერ არ დაამტკიცა TOP 14-ის 2020/21 წლების სეზონის კალენდარი.

“ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი, ისე, რომ არც ერთი მხარე დაზარალდეს და არც მეორე. ეს ბალანსი ჩვენ ვიპოვეთ, სანაკრებო პაუზას ორი თამაში ემატება 2020 წელს. ეს საუკეთესო გამოსავალია მოთამაშეების ჯანმთელობისთვის, კლუბებისა და ფედერაციის ეკონომიკური სიძლიერისთვის. ფრანგული რაგბის სიძლიერე პროფესიული კლუბების ფინანსურ სიძლიერეზეა დაფუძნებული”, – განაცხადა LNR-ის პრეზიდენტმა პოლ გოზემ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებში დაგეგმილია “ბორჯღალოსნების” თამაში ფიჯის ნაკრებთანაც, ეს მატჩი საქართველოში 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს. დიდი ალბათობით, ნაკრები 14 ნოემბერს აშშ-ს უმასპინძლებს. რაც შეეხება ივლისის ტესტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო – სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები ოქტომბერში ესტუმრება სამხრეთ აფრიკის ნაკრებს. ექნება ამას თუ არა ტურნეს სახე (ივლისში დაგეგმილი იყო მატჩები ბლუ ბულზთან და სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთანაც) ჯერ უცნობია. გარდა ამისა, რჩება 2020 წლის რაგბი ევროპის ერთი მატჩიც – საქართველო VS რუსეთი, რომელიც, ალბათ, ასევე ოქტომბერში გაიმართება.

წყარო: popsport.ge

SHARE