პეტრიაშვილი და ხინჩეგაშვილი ევროპას დღეს იწყებენ: ვინ ვის შეხვდება და რა შანსი აქვს?

467

დღეიდან რომში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. ტრადიციულად, ჯერ მხოლოდ ხუთი წონის წარმომადგენლები – 57, 65, 70, 79 და 97 კილოგრამებისა, რომლებიც დღეს წინასწარი ეტაპის პაექრობებს ჩაატარებენ, ამ წონებში ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება. გუშინ გაიმართა წილისყრა 10-ვე წონაში, თუმცა თავდაპირველად დღეს მოჭიდავე ხუთ წონას შევეხოთ.

ხინჩეგაშვილი მორიგ მიზანთან

დღეს ჩვენი გუნდის რამდენიმე ლიდერი იჭიდავებს, თუმცა მათ შორის უპირველესი მაინც გორელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია (65), ვინც `მარადიულ ქალაქში~ მეოთხე ევროპულ ოქროს შეუტევს. შეიძლება ითქვას, რომ მას გაუმართლა, რადგან რამდენიმე ძლიერი ქვეყნის წარმომადგენელი ფინალამდე ასცდა, მათ შორის კი რუსიცაა, ხოლო აზერბაიჯანელებმა არ დააყენეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჰაჯი ალიევი. თუმცა მის ბადეში არიან უნგრელთა დაღესტანელი ლეგიონერი, მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი აზამატ მუსუკაევი და თურქი სალაჰეტინ კილიჩსალაიანი.

შეღავათია ისიც, რომ ხინჩეგაშვილი მერვედფინალიდან ჩაებმება ასპარეზობაში, სადაც სწორედ აზერბაიჯანელს ხვდება – ალი რაჰიმზადეს, ამათში მოგებულს კი მეოთხედფინალში მეტოქედ იტალიელი აბდელატიფ მანსური ან რუმინელი გეორგე ბუცური ეყოლება. ამასობაში თურქი და უნგრელი პირველივე შეხვედრას ერთმანეთში გამართავენ, ხინჩეგაშვილი გზა მათთან კი ნახევარფინალში იკვეთება. აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ მუსუკაევმა მოუგო ჩვენს ფალავანს შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე.

საკვალიფიკაციო ეტაპიდან თავისუფალია ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, თბილისელი ევროპის ფინალისტი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97), ვინც ასევე მერვედფინალიდან ჩაებმება ტურნირში, თუმცა მის შეხვედრას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ: პირველ პაექრობას უტიტულო და ახალგაზრდა სომეხ სარგის ჰოვსეპიანთან კი ჩაატარებს, მაგრამ მის მხარესაა რუსთა შეუჩერებელი და უკლებლივ ყველა დიდი ტიტულის მომგები რუსთა დაღესტანელი აბდულრაშიდ სადულაევი, ვისაც ნახევარფინალში შეიძლება შეხვდეს.

იქამდე სადულაევის გამჩერებელი ვინ შეიძლება იყოს? ალბათ – არც არავინ, მაგრამ სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე ტიტულოვანები დღეს უკვე უნგრელთა სახელით მოჭიდავე უკრაინელთა ევროპის ჩემპიონი პაველ ოლეინიკი და აზერბაიჯანელი მეორე ევროპული თამაშების ფინალისტი ნურმაგომედ გაჯიევი არიან – ესენი პირველ პაექრობას ერთმანეთში გამართავენ. შეგახსენებთ, რომ მინსკში, მეორე ევროპულ თამაშებზე სწორედ ამ გაჯიევმა მოუგო ოდიკაძეს, მერე კი ფინალში სადულაევთან დამარცხდა. ვნახოთ, რამდენად გამოგვადგება ერთადერთ იმედად ის, რომ სადულაევს შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის მერე სამთვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და მზადების ეტაპები სრულად ვერ გაიარა.

მაშინ მისი დისკვალიფიკაციის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე იმამ შამილის გამოსახულებიანი მაისურით გამოცხადდა, თუმცა ცხადი იყო, რომ ეს რეალური მიზეზი არ იყო და რაღაცის გადასაფარავად გამოიგონეს. როგორც ამბობენ, სადულაევს დოპინგზე შეექმნა პრობლემები, მაგრამ რუსებმა საქმე მოაკვარახჭინეს და ამ მიზეზით შეფუთესო. თუ მართლაც ასე იყო, ამჯერად ძნელი წარმოსადგენია, რუსებმა ისევ გაბედონ დოპინგი – მათ ხომ ყველა გამადიდებელი შუშით აკვირდება. ამასთან, ბადის ამავე მხარეს უკრაინელთა ქართველი, 23-წლიანებში ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი მურაზ მჭედლიძე, ჩრდილოეთ მაკედონიის დაღესტანელი ლეგიონერი, მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი მაგომედგაჯი ნუროვი და თურქი იბრაჰიმ ბოლუკბასი.

რაც შეეხება ოდიკაძეს, სომეხს თუ დაამარცხებს, მეორე შეხვედრა 23-წლიანებში ბელარუსთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ფინალისტ დზიანის კრამიანკოუსა და ბულგარელ გეორგი დიმიტროვს შორის უმჯობესთან მოუწევს. ამ წრესაც თუ გაივლის, მერე მოუწევს სადულაევის ჯგუფზე გასვლა.

არც 23-წლიანებში მსოფლიოს ამბროლაურელ ჩემპიონ ავთანდილ კენჭაძეს (79) გაუმართლა – საკვალიფიკაციო წრეში აზერბაიჯანელთა თალიშ ოლიმპიურ პრიზიორს, ევროპის შარშანდელ ჩემპიონსა და მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის უცვლელ ფინალისტ (ორივეჯერ ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა) ჯაბრაილ ჰასანოვს ხვდება. შეგახსენებთ, რომ კენჭაძე მასთან შარშან ევროპის ჩემპიონატზე დამარცხდა და ახლა რევანში აქვს ასაღები. ამას თუ შეძლებს, მერე იტალიელ სალვატორე დიანასა და რუმინელთა სახელით მოჭიდავე დაღესტანელ ომარაშხაბ ნაჟმუდიონოვს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე მხარესაა რუსი მაგომედ რამაზანოვი და თურქი ბატუჰან დემირჩინი.

ხონელი ოთარ გოგავა (57) მერვედფინალში ბულგარელ ევროპის ბრინჯაოს მედალოსან გეორგე ვანგელოვს დაეჭიდება, ამათგან უძლიერესს კი მომდევნო წრეში მეტოქედ რუს აზამატ ტუსკაევსა და ესპანელთა ქართველ ლევან მეტრეველს შორის გამარჯვებული ეყოლება.

ქუთაისელი მირზა სხულუხიაც (70) მერვედფინალიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც ლიეტუველ არტემ აუგას გაეჯიბრება. თუ მოუგებს, მერე მეტოქედ იტალიელი ჯანლუკა ტალამოსა და კოსოვოელი ალბან სოფას დუეტიდან უძლიერესი ეყოლება, ისე კი არც სხულუხიას გაუმართლა – ამ მხარეს მოხვდნენ რუსი ისრაილ კასუმოვი, თურქი ჰეიდარ იავუზი და პოლონელთა დაღესტანელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი მაგომედმურად გაჯიევი.

პეტრიაშვილი-აკგული არ იქნება

ხვალ მოჭიდავე ხუთეულიდან ყველაზე მეტ ყურადღებას მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი იქცევს, ვისაც მეტ-ნაკლებად გაუმართლა წილისყრამ. პირველ წრეში ესპანელ ხოსე ვასკეს კუბას ხვდება, მერე კი მეტოქედ რუს ბალდან ციჟიპოვსა და უნგრელ დანიელ ლიგეტის შორის გამარჯვებული ეყოლება.

ლიგეტი მას ბევრჯერ დაუმარცხებია და არა გვგონია, ახლა სასწაული მოხდეს. არც ციჟიპოვი გვგონია მისი დონისა. უფრო საშიში უკრაინელი მსოფლიოს მედალოსანი ოლექსანდრ ხოციანოვსკი გვგონია, ვისთანაც ამ ბოლოს ორიოდე პაექრობა წააგო კიდეც (თუმცა ერთი მსაჯთა დახმარებით, კიევში) და ვინც ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის ჰყავს. რომში არ იქნება თურქი ტაჰა აკგული, თუმცა მისი შემცვლელიც, რეიტინგიდან გამომდინარე, მაინც ბადის მეორე მხარესაა.

ძნელ ბადეშია მსოფლიოს კიდევ ერთი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ქუთაისელი ბექა ლომთაძეც (61), რადგან მის მხარეს მოხვდნენ აზერბაიჯანელი ინტიგამ ვალიზადა და თურქი ჰამზა ალაჩა. თუმცა ისინი პირველ პაექრობას ერთმანეთში გამართავენ, ლომთაძეს კი ნახევარფინალამდე არ შეხვდებიან. ჩვენებურს საკვალიფიკაციოში მეტოქედ რუმინელი ნიკოლაი ოკლოპკოვი ჰყავს, მოგების შემთხვევაში კი – ბელარუსი ულადზისლაუ კოიკასა და მოლდოველი ლეომიდ კოლესნიკის წყვილიდან უძლიერესი.

ამბროლაურელი მსოფლიოს ფინალისტი ავთანდილ კენჭაძე (74) მაინცდამაინც რუსთა მსოფლიოს ჩემპიონ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვთან მოხვდა, თუმცა მან ეს ტიტული ქვედა წონაში მოიპოვა. თუმცა იქამდე კენჭაძე ჯერ სომეხ ჰრაირ ალიხანიანს ხვდება და თუ მოუგებს, მერე დაეჭიდება დაღესტანელს, ვისაც მანამდე არ უნდა გაუჭირდეს ესპანელი ჯონათან ალვარეს დიასის დამარცხება. ამავე მხარესაა სერბთა კავკასიელი ზაურ ეფენდიევიც.

ყაზბეგელი ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (86) მერვედფინალიდან დაიწყებს ჭიდაობას, სადაც თურქი ფატიჰ ერდინის დამარცხებას შეეცდება, თუმცა ბადეში სხვებიც ჰყავს ძლიერები – რუსი არტურ ნაიფონოვი, აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი, მოლდოველი პიოტრ იანულოვი…

დაბოლოს, თბილისელი ევროპის მედალოსანი ირაკლი მწითური (92), ვინც საკვალიფიკაციოში იჭიდავებს არცთუ ურიგო ალბანელ ედონ შალასთან. მას თუ მოუგებს, მერე ნამდვილი ბომბი ელოდება – რუსეთიდან მოლდოვაში გადასულ გეორგი რუბაევსა და რუს ბატირბეკ ჩაკულოვს შორის გამარჯვებული. ისე კი აზერბაიჯანელი ასლანბეკ ალბოროვი და თურქი სულეიმან კარადენიზიც ამავე მხარეს არიან.

წყარო: lelo.ge

SHARE