პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში. ქალი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს

670

ეთერ ლიპარტელიანი (57) ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია! მართლაც რომ ფენომენალურმა (ვინც მის გამოსვლებს უყურებს, დაგვეთანხმება, რომ ეს შეფასება გადაჭარბებული არაა) გოგონამ ამ წარმატებას მაროკოულ მარაკეშში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობაზე დღეს მიაღწია, სადაც მთელი ტურნირი უძლიერესად ჩაატარა, განსაკუთრებით კი მისი დასკვნითი ნაწილი. ხუმრობა საქმე ხომ არაა – ბოლო ორ პაექრობაში, ნახევარფინალსა და ფინალში კორეელი და იაპონელი მეტოქეები წმინდად დაამარცხა, თუმცა “დაამარცხა” პირობითად ეთქმის იმ გდებებსა და იმ მოგებებს, რომლებიც ლიპარტელიანმა მათთან პაექრობაში მოპოვა.

უფრო სწორი იმის თქმა იქნება, რომ ორივე უმოწყალოდ დააწყვიტა ტატამს და იმდენად აშკარა იპონებზე დააგდო, მსაჯი კი არა, მამაზეციერი ვერ მიედავებოდა ვერაფერში. თვით ის ფაქტიც კი მრავლისმთქმელია, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს იპონებით რომ მოუგო, მაგრამ ლიპარტელიანის შესრულებული გდებები რაღაც სხვა სიმაღლეა: ნახევარფინალში კორეელი მიმი ჰუჰი ტომარასავით ააგლიჯა ტატამს და ბრუნით ზურგს უკან ისე გადაისროლა, თავით დაარჭო ტატამს და კორეელი გაოგნებული იცქირებოდა აქეთ-იქით, ფინალში კი იაპონელ კანაკო ჰაკამატას ამოუსვა და ისიც ბურთივით გაისროლა იპონზე. ამ დროს პაექრობის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული. სხვათა შორის, მანამდე ტატამიდან აგლეჯა ჰაკამატასაც დაუპირა და ცოტა დააკლდა საწადელამდე.

მარაკეშში ლიპარტელიანმა ასევე დამაჯერებლად, იპონებით მოუგო უნგრელ ანდრეა კარმანს, სლოვენიელ კაია კაიზერს და ჰოლანდიელ შანონ ვან დე მეებერგს. ამდენად, მან მარაკეშში ხუთივე პაექრობა წმინდად მოიგო და თანაც ყველას იმდენად დამაჯერებლად სძლია, ძნელია, რომელიმე გამოარჩიო. ამასთან, უკლებლივ ყველა მეტოქე ძიუდოს ძლიერ ქვეყანას წარმოადგენდა და განსაკუთრებით – ქალთა ძიუდოთი გამოირჩევიან.

მაგალითად, სლოვენიელებს ქალთა ნაკრები ვაჟებისაზე ბევრად ძლიერი ჰყავთ, ხოლო უნგრელი და ჰოლანდიელი ქალები თუ არ ჯობნიან, არც არაფრით ჩამოუვარდებიან თანამემამულე ვაჟებს. არადა, ლიპარტელიანმა სლოვენიელ კაიზერს, ვისაც უფროსებში “დიდ პრიზებზე” უკვე სამჯერ უჭიდავია ფინალში, იპონამდე ვაზარიც აართვა და პირწმინდად დაჩაგრა. ისიც სათქმელია, რომ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე სხვა ჰოლანდიელს მოუგო, ვან დე მეებერგი კი მათი ლიდერია ანუ ამ ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას მისი სადარი მეტოქე არ აღმოაჩნდა.

ლიპარტელიანი ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული და ტექნიკურადაც მდიდარი არსენალი აქვს. ამასთან, კარგად გრძნობს ილეთს, გამძლეობა და სუნთქვაც კარგი აქვს და ბევრი ვაჟისთვის შესაშური შემტევი ხასიათიც ახასიათებს. მისი კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება ისაა, რომ წარმატება ახალ სტიმულს აძლევს და მეტი მონდომებით ვარჯიშობს, არ ახასიათებს “ვარსკვლავური ავადმყოფობა” და “ქართული სენი”. ერთი სიტყვით, მას ყველა მონაცემი აქვს და ძალიან დიდი შანსია, ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვოს.

მით უფრო, რომ ამ გამარჯვებით სალიცენზიო რეიტინგში ბლომად ქულებს შეიმატებს – ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე გამარჯვება იძლევა სარეიტინგო ქულებს. თუმცა ის კი ცხადზე ცხადია, რომ მას წინ ბევრი წარმატება ელოდება უკვე უფროსთა ასპარეზზე. ჯერჯერობით კი ის პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, ვინც ნებისმიერ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ზოგადად ქართულ საჭიდაო სახეობებში – მეორე სამბისტ ნინო ოძელაშვილის შემდეგ. ამასთან, მან წლეულს დუბლი შეასრულა – დაახლოებით ერთი თვის წინ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონიც გახდა.

წყარო: lelo.ge

SHARE