ჟოზე მოურინიო, უბრალო ბიჭი სეტუბალიდან. ბევრი თავისუფალი დრო და ნოსტალგია ფეხბურთზე

395

“ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ვარ სეტუბალში. ძალიან ბევრს ვფიქრობ. ვაანალიზებ ყველაფერს, რაც ჩემ ირგვლივ ხდება. ცეცხლით სავსე ვარ და დიდ მოტივაციას ვგრძნობ. მეგობრები მეუბნებიან – დატკბი შვებულებით, რომელიც ამ ბოლო დროს არასოდეს გქონიაო… მე კი არ შემიძლია ამით ტკბობა. მე მენატრება ფეხბურთი და ვიწვები ცეცხლით. არ ვარ ის ადამიანი, რომ დავჯდე და ტყუილად ვიყო. არ არის ეს ჩემი სტილი, მე მუშაობა მინდა”, – ამბობს ჟოზე მოურინიო და იქვე დასძენს, რომ ასე მოტივირებული კარგა ხანია, არ ყოფილა.

მხოლოდ ტოპლიგები, ნაკრები ჯერ ადრეა…

ის არ მალავს, რომ მხოლოდ ევროპის ტოპლიგებში მოასპარეზე კლუბების გაწვრთნა სურს. თან, სულაც არ არის აუცილებელი, ეს იყოს გრანდი. საკმარისია, საქმე ეხებოდეს ამბიციურ პროექტს, რომელშიც გვარიანი თანხა დაბანდდება.

ცოტა ხნის წინ მოურინიომ იუარა ჩინური “გუანჯოუს” გაწვრთნა. არადა, ძალიან სერიოზულ კონტრაქტზე იყო ლაპარაკი. ჟოზემ ჩათვალა, რომ ჩინეთში მისი გადაბარგება სამწვრთნელო კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა და უარი თქვა.

ცნობილია, რომ რამდენიმე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კონკრეტული წინადადებით მიმართა მას ეროვნული გუნდის ჩაბარებაზე, მაგრამ “განსაკუთრებულმა” ყველა უარით გაისტუმრა. ის თავის გადაწყვეტილებას შემდეგნაირად ხსნის:

“ნაკრების გაწვრთნა? ამისთვის მზად ნამდვილად არ ვარ. არ ვარ მზად იმისთვის, რომ მთელი დრო ოფისში გავატარო. საუკეთესო შემთხვევაში, ნაკრები ერთ თამაშს თამაშობს. ეს არ მაკმაყოფილებს. მინდა ისეთი სამსახური, როცა ყოველდღე საქმეში ვიქნები. როცა ნაკრების მწვრთნელი ხარ, ორი წელი უნდა ელოდო ევროპის ჩემპიონატს, მერე ორი წელი – მუნდიალს.

ჯერ ასეა, მაგრამ მომავალში არაფერს გამოვრიცხავ. ეს შეიძლება იყოს პორტუგალიის ნაკრები, ან სხვა რომელიმე. როცა მე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩავდივარ და მოვლენების ეპიცენტრში ვხვდები, მიჩნდება გრძნობა, რომ ერთ დღეს მეც მომინდება რომელიმე ნაკრების გაწვრთნა. რა თქმა უნდა, ვიქნები ძალიან ამაყი, თუ ეს იქნება პორტუგალიის ნაკრები.

ახლა გერმანულს ვსწავლობ. ამ ენის ცოდნა ძალიან მჭირდება. ვლაპარაკობ ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, ფრანგულად და იტალიურად. არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, არც გერმანიაში გადასვლას, მაგრამ ამ დროისთვის არანაირი კონკრეტული წინადადება არ მაქვს. ასე ვთქვათ, ჩემს კარზე არავინ აკაკუნებს”, – ამბობს ჟოზე.

მთავარია ქარიზმა, არასოდეს ვთამაშობ პუბლიკაზე…

“დღემდე მიმაჩნია, რომ მწვრთნელის მუშაობაში მთავარია ქარიზმა. ქარიზმა აკადემიურ ცოდნაზე, საფეხბურთო განათლებასა და გამოცდილებაზე მნიშვნელოვანია. თუ ქარიზმის მატარებელი მწვრთნელი გინდათ დაგისახელოთ, მე დავასახელებ ბობი რობსონს. ასეთი მწვრთნელები მუშაობდნენ ჯერ კიდევ 50 წლის წინათ და იმუშავებენ 2030 წელსაც… რატომ არის ჩემი ქცევა ძალიან განსხვავებული მინდორზე და მინდვრის გარეთ?

შეიძლება, ეს ჩემი შეცდომაა. ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ. როცა ვმუშაობ, სრული მარტოობა მჭირდება. ზოგადად, ფეხბურთის მწვრთნელი ძალიან ხშირად არის მარტოსული ადამიანი. საკუთარ აზრებთან მარტო უნდა დავრჩე, რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომ მივიღო. კი, მწვრთნელს ჰყავს დამხმარეები, მაგრამ ის ერთადერთია, ვინც აგებს პასუხს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. შეიძლება, ჩემი ბრალი ის არის, რომ გულშემატკივრებმა არ იციან, რეალურად როგორია ჟოზე მოურინიო.

ისინი მე მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში მხედავენ. ადამიანები ქუჩაში მხვდებიან და მეუბნებიან, რომ უფრო გამხდარი ვარ, ვიდრე ეგონათ, რომ შედარებით ახალგაზრდულად გამოვიყურები, რომ იმაზე დაბალი ვარ, ვიდრე ეგონათ… ზოგადად, ტელეკამერები ცვლიან ადამიანს. მე ყოველთვის ის ვარ, ვინც ვარ. არ ვთამაშობ, როცა გოლს აღვნიშნავ, ან არ აღვნიშნავ. ნაღდი ვარ მაშინაც, როცა ბოთლს მინდორზე ვახეთქებ და ფეხს ვკრავ. თუ ღიმილის მიზეზი მაქვს, ვიღიმი”.

რატომ დაირქვა განსაკუთრებული?

“როცა “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად მივედი, პირველივე პრესკონფერენციაზე მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა პრემიერლიგისთვის. კინაღამ გავგიჟდი! სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ეს ჟურნალისტი რას მეკითხება-მეთქი?! მე მაშინ ძალიან გავბრაზდი და ვთქვი, რომ არ ვარ ვიღაც ტომრით ჩამოტანილი, არამედ, ვარ განსაკუთრებული”.

* * *

…სეტუბალში ხალხი ბედნიერია. ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი შვილი მშობლიურ სანახებშია და უბრალო ხალხში ძალიან ხშირად ჩნდება. რაც შეეხება ადგილობრივ “ვიტორიაში” მუშაობის დაწყებას, ემოციური თვალსაზრისით მისთვის ეს გაცილებით რთული იქნება, ვიდრე პორტუგალიის უპირველესი გუნდის გაწვრთნა.

მიდი და გაიგე, ხუმრობს თუ არა მოურინიო. ფაქტი ისაა, რომ თუ სასწაული მოხდება და ამ გუნდს (სადაც მეკარე ჩვენი გიორგი მაკარიძეა – რედ) ჩაიბარებს, მისი გულშემატკივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბავშვობაში მოურინიო “ვიტორიას” დიდი ქომაგი გახლდათ. ის ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, რათა გუნდის ვარჯიშები ენახა და გაეგო, თამაშის წინ ვინ როგორ ფორმაში იყო. მერე ის სტადიონის გვერდით საათობით აგორებდა ბურთს. ადრე იმ ადგილას მინდორი იყო, ახლა კი ავტომანქანების სადგომია.

“სულ მინდოდა, წარმატებული ვყოფილიყავი, მაგრამ ახალგაზრდულ ასაკში თავისუფლად ვცხოვრობდი. წყნარი ცხოვრება მიყვარდა, ვასწავლიდი სკოლაში, ვმუშაობდი სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან… ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საცხოვრებლად ლისაბონში გადავედი… ახლა ლონდონში ვცხოვრობ. ქუჩაში ყველა მცნობს. ადრე თუ გვიან დასრულდება უქმობის პერიოდი და რომელიმე კლუბს ჩავიბარებ, მაგრამ მე ყოველთვის უბრალო ბიჭად დავრჩები – ერთ უბრალო  სეტუბალელ ბიჭად”.

წყარო: lelo.ge

SHARE