რაგბის კავშირის ფსიქოლოგი ქართველ სპორტსმენებს შიფრავს

674

თანამედროვე მსოფლიოში ფსიქოლოგია სპორტის განუყოფელი ნაწილია. წამყვანი სპორტული ქვეყნები დიდი ხანია, ამ დარგის სპეციალსიტების მომსახურებას საკმაოდ წარმატებით იყენებენ. ცხადია, ამ თემაზე ქართული სპორტის სამყაროში არაერთხელ ყოფილა საუბარი და მისი ჩართვის შესახებ სპორტის განვითარების ფერხულში კონსენსუსიც არსებობს. სპორტული ფსიქოლოგიის დანიშნულებასა და მის როლზე მაღალი მიღწევების სპორტში საქართველოს რაგბის კავშირის ფსიქოლოგ მალხაზ დავითაშვილს ვესაუბრეთ.

– თანამადროვე მსოფლიოში ზოგადად ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების ჩართულობა სპორტის განვითარებაში ახალი არ არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი აქტიურობაა. წამყვანი კლუბები და ინდივიდუალური სპორტის სახეობების გამოჩენილი წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სპორტის ფსიქოლოგის მომსახურებას.

მაღალი მიღწევების სპორტი პიროვნებებს შორის ასპარეზობის არეალია. რის გამოც დიდი ყურადღება ექცევა ისეთი პიროვნული პარამეტრების ოპტიმიზაციას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია, მოტივაცია, თავდაჯერება, აზროვნება, ემოციური დაძაბვა.
ამის გარდა, სპორტსმენების მზადება, როგორც წესი, მიმდინარეობს ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მიმართულებით, მაგრამ თუ სპორტსმენი ფსიქოლოგიურად არ არის მომზადებული, მისი პოტენციალი ვეღარ მჟღავნდება. სპორტსმენი სტრესულ სიტუაციაში ვარდება შეჯიბრების დროს და ის მხოლოდ საკუთარი რესურსების 10 ან 20 პროცენტს თუ იყენებს.

ძალიან საწყენია, როცა ყველა მიმართულებით კარგად მომზადებული სპორტსმენის და მისი, მწვრთნელის შრომა წყალში იყრება. მართლია, ის კარგად მოემზადა, მაგრამ შეხვდა მოწინააღმდეგე, რომელიც სუსტია, თუმცა ფსიქოლოგიურად უკეთაა მზად და ამის გამო მარცხდება. ამიტომ ვამბობ, რომ ფსიქოლოგია ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი არაფერია მის გარეშე.

სპორტსმენს ყველაფერთან ერთად პირადი ცხოვრებაც აქვს, რომელიც შესაძლოა პრობლემებით იყოს დატვირთული. როცა ის მოედანზე ან დარბაზში საასპარეზოდ გადის, მას არ უნდა ჰქონდეს ამაზე საფიქრალი. მით უმეტეს, დღევანდელ საქართველოში, როცა ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონია, სტრესი მით უფრო მეტია, რაც მოტივაციაზე მოქმედებს. სპორტსმენს მოტივაცია უფრო უმძლავრდება. ზედმეტი მოტივაცია კი, ისევე მავნებელია, როგორც მისი ნაკლებობა. ამიტომ, საჭიროა ოპტიმიზაცია როგორც სტრესის დონის, ასევე მოტივაციის.

მწვრთნელები ხშირად ემოციების გაქრობაზე მუშაობენ. ეს არ არის სწორი. ემოციები უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, უბრალოდ, საჭიროა მისი ოპტიმიზაცია.
იყო შემთხვევები, როცა მოდიოდნენ და სპორტსმენის ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს უჩიოდნენ. თუმცა, პირდაპირ ყურადღების კონცენტრაციაზე მუშაობა შეცდომა იქნებოდა. განვიხილოთ მავნე შინაგანი სპირალი, რომელიც იწყება უარყოფითი ფიქრებით, მერე მიდის სტრესულ დაძაბულობამდე და როგორც შედეგი იქმნება ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი. ამ დროს მიზეზი უნდა მოვსპოთ და არა სიმპტომი. ამ მცირე მაგალითიდანაც ჩანს, რაოდენ ფაქიზი და კომპეტენტური მიდგომაა საჭირო სპორტსმენისადმი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.

– თქვენ ახსენეთ სპორტსმენის უარყოფითი ფიქრები, რაც ფსიქოლოგიური პრობლემების მთელ ჯაჭვს იწვევს. გამოდის, რომ სპორტსმენს მუდამ დადებითი ფიქრები და ემოციები უნდა ჰქონდეს…

– დიახ, გეთანხმებით. ხშირად მოდიან და მეუბნებიან – ვიცი, რომ არ უნდა ვინერვიულო, მაგრამ რა ვქნა “მენერვიულებაო”. ანუ იცის, მაგრამ ვერ ერევა თავის ფიქრებს. ტვინს ათასჯერ სწორი მოძრაობა და ათასი გამარჯვება კი არ ახსოვს, არამედ იმ ერთ შეცდომას იმახსოვრებს, რომელმაც წარუმატებლობა მოუტანა და ამიტომ სპორტსმენი წარსულის პროეცირებას ახდენს მომავალში. წარმოსახვითი მწუხარების მომენტია, როცა სპორტსმენს ჰგონია, რომ ისევ ის განმეორდება და ამიტომ დაძაბულობა მატულობს, რის დროსაც იკარგება მოძრაობის, პასის სიზუსტე.

– და რა უნდა უთხრათ ამ დროს სპორტსმენს?

– ამ შემთხვევაში აუცილებელია გავარკვიოთ, საიდან მოდის პრობლემა. ქვეცნობიერად სპორტსმენს ყველაფერი ახსოვს. მაგალითად, სპორტსმენს რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს თამაში და შედეგი მიიღოს, ამ დროს პასს აკეთებს. რატომ მოიქცა ასე? იმიტომ, რომ ერთ დროს აიღო თავის თავზე თამაში, შეცდომა დაუშვა, რის გამოც მიიღო შენიშვნა, გააკრიტიკეს. ეს ყველაფერი მას ჩარჩა ქვეცნობიერში, როგორც საფრთხის შემცველი. შესაბამისად, ქვეცნობიერი იძლევა იმპულსს, რომ ეს საშიში მდგომარეობაა და ჯობია პასი მისცე.

მიზეზის პოვნაა საჭირო. ინდივიდუალურად თითოეულ სპორტსმენთან არის საჭირო ფსიქოლოგის მუდმივი, დაუღალავი შრომა. ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. ისე როგორც ზოგი ამას ითხოვს. ფსიქოლოგი ჯადოქარი არ არის ერთხელ მოვიდეს, სეანსი ჩაატაროს და ყველა პრობლემა გაქრეს. ერთი და ორი მეცადინეობით ნეგატიური ფსიქოლოგიური ბალასტი მოსპო, შეუძლებელია.

ფსიქოლოგის მუშაობის მიზანია ნეგატიური აზროვნების დადებითად გადაქცევა. როცა ამბობენ, “მენერვიულება”, სწორედ ამ ნერვიულობის მიზეზი უნდა ვეძებოთ. ამ მიზეზის კორექტირებას ემსახურება ფსიქოლოგია.

– ხშირად მიწევს ქართველ სპორტსმენებთან ერთად სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოფნა. დაკვირვებული ვარ, რომ სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმომადგენელი ქართველი იქ მიდის საომრად, მაშინ, როცა უცხოელები მონაწილეობას იღებენ ზეიმში. ჩვენ ვომობთ, ისინი კი ერთობიან. რატომ ხდება ასე?

– ამას ხელს უწყობს სოციალურად დაბალი ფონი, აქედან გამომდინარე, სპორტსმენის მატერიალური მიზნები, რაც იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას. სულ სხვა მოტივაციით არის დახუნძლული ქართველი სპორტსმენი. ზედმეტი მოტივაცია, როგორც უკვე ვთქვით, მავნებელია. ის სილაღედ რომ გადაიქცეს, ამისთვის სხვა რაღაცებზე ფიქრი უნდა მოვაშოროთ. რაც არ უნდა ბიზნესის სფერო გახდეს სპორტი, ის თავისი არსით მაინც თამაშია. ის აღწევს გამარჯვებას, ვინც ამ თამაშით სიხარულს და სიამოვნებას იღებს. ამიტომ, ყველა სპორტსმენს მოვუწოდებ, არ დაივიწყოს, რომ სპორტი თამაშია. თამაშში კი სილაღის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

როდესაც სპორტსმენი დაძაბულია, შეცდომის დაშვებისა და ტრავმის მიღების ალბათობა დიდია. ამასთან ერთად, მოტივაცია აქვს არა წარმატების, არამედ დამარცხებიდან გაქცევის, შეცდომის თავიდან არიდების. ადამიანი როცა იმაზე ფიქრობს, რომ შეცდომა არ მოუვიდეს, სწორედ მაშინ უშვებს მას. ამიტომ, იფიქრეთ არა იმაზე, რაც არ გინდათ რომ მოხდეს, არამედ იმაზე, რაც გინდათ რომ მოხდეს.

იცხოვრე აქ და ახლა. წარსული წავიდა, აღარ დაბრუნდება, მომავალი ჯერ არ არის. ამიტომ, როცა პროცესში იქნებით მაქსიმალურად ჩართული, სტრესიც დაბალია. ტვინი ორ რამეზე ერთდროულად ვერ ფიქრობს. როცა კონცენტრირებული ხარ იმაზე, რომ არ შეგეშალოს, ყურადღების ველში ზუსტად ეს მცდარი მოძრაობაა და სწორედ იმ მოძრაობას აკეთებ, რაც ხელს გიშლის წარმატებაში. ამიტომ, როცა იმაზე ფიქრობ, რომ არ შეგეშალოს, ვეღარ ფიქრობ იმაზე, რა გააკეთო წარმატებისთვის. ამიტომ, კიდევ განვმეორდები, ყოველთვის ჯობია ვიფიქროთ იმაზე, რაც გინდათ რომ მოხდეს.

– რამდენად აქტიურად იყენებენ საქართველოში სპორტული ფედერაციები თქვენს გამოცდილებას?

– არაერთ ფედერაციასთან მიმუშავია. როცა სპორტსმენებთან ინდივიდუალურად ვმუშაობ, ძალიან ბევრი პრობლემა იხსნება. მიკვირს, როგორ აღწევენ წარმატებებს ასეთი მძიმე ემოციური ტვირთის ზიდვით. ამის მიზეზი არის მძიმე სოციალური ფონი, რის გამოც სპორტსმენი ვერ ახერხებს იყოს ლაღი. ამ მხრივ გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო. გუნდურ სახეობებში მწვრთნელის როლი ძალიან დიდია. ფსიქოლოგიურ კლიმატს სწორედ ის ქმნის. მწვრთნელი თავისთავად შეიძლება იყოს კარგი ფსიქოლოგი. თუმცა, მას საზრუნავი საკმაოდ აქვს და ცალკეულ სპორტსმენს ინდივიდუალურად ვერ ჩაუჯდება. სამედიცინო პრობლემების მოსაგვარებლად გუნდს ექიმი ჰყავს, ფსიქოლოგიურის მოგვარებას კი, ფსიქოლოგი სჭირდება.

წყარო: lelo.ge

SHARE