რიგითი ოძეკის გადასარჩენად

529

2019 წლის კიუშო ბაშოს ტოჩინოშინი ისევ რთულ მდგომარეობაში ხვდება. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მას 15 შესაძლოდან ათი ბრძოლის მოგება მოუწევს. ოძეკი სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდებაა, იოკოძუნას შემდეგ და მისი სუმოტორისთვის მინიჭების საკითხს სუმოს ასოციაცია სამი ტურნირის მანძილზე ნაჩვენები შედეგით წყვეტს. 2018 წლის ბაშოზე ნაჩვენებ საჩემპიონო შედეგს (14-1) ტოჩინოშინმა მარტში 10 და მაისში 13 მოგება დაუმატა და ოძეკის წოდების მისაღებად განსაზღვრულ არაოფიციალურ მინიმუმს 33 მოგებას მთელი ოთხი გამარჯვებით გადააჭარბა.

სამწუხაროდ ოძეკობა ქართველი რიკიშისთვის ისეთივე ბრწყინვალე ვერ გამოდგა, როგორც მისკენ მიმავალი გზა. ტრავმებით გაწამებული ტოჩინოშინმა ოძეკის რანგში ჩატარებული რვა ტურნირიდან, მხოლოდ სამჯერ მოახერხა წოდების შესანარჩუნებლად აუცილებელი მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსის დაფიქსირება და 2019 წლის დასკვნით ბაშოს უკვე მეორედ ხვდება სეკივაკეს რანგში. სუმოს ასოციაციის რეგლამენტის თანახმად, ზედიზედ ორჯერ უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში, ოძეკი სეკივაკეს რანგში ქვეითდება, თუმცა პირველივე ტურნირზე შეუძლია წოდების დაბრუნება მოგებათა ორნიშნა ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში. ტოჩინოშინმა უკვე მოახერხა ამის გაკეთება 2019 წლის მაისის ბაშოზე, სადაც იმავე წლის მარტსა და მაისში დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის შემდეგ წოდების დასაბრუნებლად საჭირო ათ მოგებას მან ტურნირის ბოლო დღეს მოუყარა თავი. ბოლო მსგავსი შემთხვევა სულაც წინა ბაშოზე მოხდა, როემლზეც სეკივაკეს რანგში დაქვეითებულმა ტაკაკეიშომ საჭირო მინიმუმ გადააჭარბა და 15-დან 12 ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. ვიმედოვნოთ, რომ ამ ტრადიციას ქართველი გოლიათიც გააგრძელებს.

წყარო: blog.ug.edu.ge/

SHARE