რონალდინიო ბრაზილიაში ვეღარ ჩავა

425

“ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო, შესაძლოა, პარაგვაიში შინაპატიმრობიდან გაათავისუფლონ.

ტელეკომპანია ESPN-ის ცნობით, 40 წლის ყოფილი ფეხბურთელი მზად არის წავიდეს გარიგებაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან და აღიაროს დანაშაული – საზღვრის უკანონო გადაკვეთა. სასამართლოზე რონალდინიომ აღიარა, რომ ყალბი დოკუმენტები მას და მის ძმას რობერტო ასისს ბრაზილიელმა ბიზნესმენმა ვილმონდეს სოუზა ლირიამ აჩუქა, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება.

წყარომ ასევე დააზუსტა, რომ რონალდინიოსა და მისი ძმის მიმართ აღძრული საქმეების 90 პროცენტი გამოძიების სტადიაშივე გაუქმდა, რადგან პოლიციელებმა ვერ დაადგინეს ძმების კავშირი ფულის გათეთრებასთან ან ორგანიზებულ დანაშაულთან. ერთადერთი, რაც შეიძლება “ბარსელონას” ლეგენდარულ ფეხბურთელს მოედავონ – საზღვრის უკანონო გადაკვეთაა. ყველაზე უარეს სიტუაციაში ეჭვმიტანილს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბრალის აღიარებაზე გარიგება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ბრალდებული მხოლოდ ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ პროცესი ჭიანურდება შეზღუდვების გამო, რომელიც კორონავირუსის ინფექციას უკავშირდება. რონალდინიოს ადვოკატები უკვე მუშაობენ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც ყოფილ ფეხბურთელს 2020 წლის აგვისტოში გამოიყვანენ შინაპატიმრობიდან.

როგორც იმავე ESPN-მა გაარკვია, რონალდინიო და მისი ძმა განთავისუფლების შემდეგ პორტუ ალეგრიში გაემგზავრებიან, მოინახულებენ დედას, დასა და ოჯახის სხვა წევრებს და სამუდამოდ დატოვებენ ბრაზილიას. ისინი ესპანეთში გადავლენ საცხოვრებლად – ორივემ შეარჩია სახლი ბარსელონადან 20 კილომეტრში, ქალაქ კასტელდეფელსეში, სადაც ცხოვრობენ ლიონელ მესილუის სუარესი და “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელები.

რონალდინიო და რობერტო ასისი 2020 წლის მარტში მოხვდნენ პოლიციაში, როცა 2006 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი პარაგვაიში საქველმოქმედო ტურნირზე ჩავიდა. აპრილში მათ 1.35 მილიონი ევროს ოდენობის გირაო შეიტანეს და ისინი ასუნსიონის მდიდრულ სასტუმროში შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

წყარო: lelo.ge

SHARE