„როცა საქმე ტრაბზონს ეხება, ფულზე არ ვლაპარაკობ“ – შოთა არველაძის კომენტარი

408

შოთა არველაძემ თურქულ მედიაში პირველი კომენტარი გააკეთა ტრაბზონსპორში მის შესაძლო დანიშვნაზე…

მას მერე, რაც გუნდი ჰუსეინ ჩიმშირს დაატოვებინეს, ყველაზე ხშირად ტრაბზონსპორის პოსტს აბდულა ავჯისა და შოთა არველაძეს უკავშირებენ. თუმცა თურქულ პრესაში ისიც გავრცელდა, რომ ქართველმა სპეციალისტმა ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა ტრაბზონში მუშაობის სანაცვლოდ, რადგან ფახთაქორში ჯამში 3 მილიონ ევროს იღებსო.

47 წლის ქართველი სპეციალისტი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: “ტრაბზონსპორის ბორდისგან არანაირი შეთავაზება არ მიმიღია. ის, რომ დიდი ფული მოვითხოვე, აბსოლუტური სიცრუეა. როცა საქმე ტრაბზონსპორს ეხება, მე ის პიროვნება არ ვარ ფულზე ვილაპარაკო. ის, რომ დღეს შოთა არველაძე ვარ ტრაბზონის დამსახურებაა. ევროპაში თამაში ტრაბზონში თავის გამოჩენის წყალობით შევძელი. ტრაბზონი ყოველთვის ჩემი გუნდია.

ტრაბზონსპორის ადმინისტრაციას არ შევხვედრივარ. თუ ასე მოხდება, ხელფასის საკითხი ჩემთვის გადამწყვეტი არ იქნება”, – განუცხადა 61saat-ს შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ტრაბზონსპორის ლეგენდაა – მან სუპერ ლიგში 61 გოლი გაიტანა. 2015 წელს შოთა ტრაბზონის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, მაგრამ ნოემბერში შოთა ცუდი შედეგების გამო გადადგა.

წყარო: popsport.com

SHARE