რუსული პოლიტიკის მსხვერპლი ქართველი სპორტსმენები

455

მოსკოვურმა სლავამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდიდან 6 ქართველი მორაგბე გაანთავისუფლა.

რუსული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ორაგველიძესთან, ტარიელ დონაძესთან და რევაზ ბროძელთან კონტრაქტები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, რობერტ სუთიძეს, სანდრო ილურიძეს და საბა ილურიძეს კი ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ და მათთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი ითქვა.

აღნიშნული ნაბიჯი მით უფრო გასაკვირია, რომ სლავას ქართველი მწვრთნელი გია ამირხანაშვილი პოსტზე რჩება და მუშაობას 2020 წელსაც განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ სლავას ქართველ მორაგბეებთან დაკავშირებით გაუგებრობა მიმდინარე წლის ივლისშიც წარმოიქმნა, როდესაც რევაზ ბროძელმა და საბა ილურიძემ ლელოს დადების შემდეგ, სიმბოლური ჟესტით (ცალ თვალზე ხელი აიფარეს) თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

რუსეთის რაგბის კავშირის ზეწოლით, რომელმაც აღნიშნულში პოლიტიკური ელფერი დაინახა, სლავა ქართველი მორაგბეები დათხოვნას აპირებდა, თუმცა, საქმეში საქართველოს რაგბის კავშირი ჩაერია და ინციდენტი ამოიწურა. როგორც სჩანს, ეს ფაქტი ბოლომდე დავიწყებული მაინც არ გახლდათ…

რევაზ ბროძელი და ტარიელ დონაძე კარიერას ლოკომოტივში გააგრძელებენ
რევაზ ბროძელი და ტარიელ დონაძე კარიერას ლოკომოტივში გააგრძელებენ

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვური გუნდიდან წასულმა ბროძელმა და დონაძემ ახალი ნასვსაყუდელი მალევე მოძებნეს. ქართველ ლეგიონერებთან კონტრაქტი რუსული ჩემპიონატის კიდევ ერთმა გუნდმა – პენზის ლოკომოტივმა გააფორმა.

არსებობს ინფორმაცია, რომ სუთიძე კარიერას რუსეთის ჩემპიონ ენისეში გააგრძელებს, სანდრო და საბა ილურიძეები კი სამშობლოში დაბრუნდებიან და თბილისის აკადემიის მაისურს მოირგებენ.

SHARE