საქართველო ამ სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს!

363

ბელარუსულ სპორტულ მედიაში და გულშემატკივრებში ძალიან აქტუალურია საქართველოს ნაკრებთან მარტში გასამართი მატჩის თემა. თუ ჩვენ გვქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის იმედი და ამბიცია, ასევე არიან ბელარუსებიც და ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია...

ის კი არა, საქართველოსთან მომავალი მატჩის თაობაზე ხშირად ლაპარაკობს ბელარუსთა პირველკაცი ალესანდრ ლუკაშენკოც კი, რაც გვაფიქრებინებს, რომ იქ ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე აყვანილი

ბელარუსული მედია და ქომაგები ბევრს ბჭობენ, თუ როგორ შეიძლება გახდეს უკეთესი მათი ნაკრების თამაში. ერთა ლიგაზე ბელარუსმა წარმატებით ითამაშა, მაგრამ ამის შემდეგ ჩავარდნის პერიოდი დაუდგა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

ვითარება არც მას შემდეგ შეიცვალა, რაც “თეთრი ფრთების” თავკაცად მიხაილ მარხელი დაინიშნა. მან ახალგაზრდა ფეხბურთელები კი დააწინაურა, მაგრამ ამან საერთო სურათი ვერ შეცვალა. თანამედროვე ბელარუსულ ფეხბურთში დიდი რესურსი რომ არ არის, ამაში ყველა თანხმდება.

ბოლო დროს კი ძალიან პოპულარული გახდა ეროვნულ გუნდში ალესანდრ ლების დაბრუნების იდეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ბელარუსული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა. მას სხვადასხვა დროს უთამაშია მინსკის “დინამოში”, ბატე-ში, “შტუტგარტში”, “არსენალში”, “ბარსელონაში”, “ბირმინგემში”, “კრილია სოვეტოვში”, “ქონიასფორში”, “გენჩლერში”… მეორე ვადითაც იასპარეზა “შტუტგარტსა” და ბატე-ში…

ბელარუსის ნაკრების შემადგენლობაში გლები პირველად 2001 წელს გამოიძახეს. ამ დროის განმავლობაში მან ნაკრების შემადგენლობაში 80 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი შეაგდო. ბელარუსულ ფეხბურთში ბოლო დროს მისებრ კაშკაშა ვარსკვლავი არ ყოფილა.

…ყველას კარგად გვახსოვს, როგორ საფეხბურთო სპექტაკლებს დგამდა ის “შტუტგარტსა” და “არსენალში”. და მაინც, ბევრის აზრით მას მეტი შეეძლო და წესით, უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა.

ამას წინათ, მან განაცხადა, რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვა, როცა “არსენალიდან” “ბარსელონაში” გადავიდა. ალბათ, მართლია. კატალონიურ გრანდში მან თითქოს ერთბაშად დაკარგა ყველა საუკეთესო თვისება და სრულიად გასაგებია – ეს ხომ ჩავი ერნანდესის, ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესის “ბარსა” იყო…

მას შემდეგ, რაც მარხელმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა, გლები განზე დარჩა, თუმცა ახლა ვითარება შეიძლება შეიცვალოს. მის დაბრუნებას მხარს უჭერს ბევრი გულშემატკივარი და ჟურნალისტი. იმასაც ამბობენ, რომ ბელარუსების ლეგენდას “ზემოთაც” ჰყავს ლობისტები და ეს, შეიძლება, უშუალოდ პრეზიდენტი ლუკაშენკოც იყოს.

რა თქმა უნდა, 38 წლის გლების ძველი დიდებიდან აჩრდილიღაა დარჩენილი, მაგრამ მაინც გვგონია, რომ თუ ის ნაკრებში დაბრუნდა, ბელარუსი სხვანაირი, უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება საქართველოსთვის. ის იმ ასაკშია, რომ წარმატებით ვერ ითამაშებს დროში გაწელილ ტურნირს, მაგრამ ერთი კონკრეტული მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება კი ნამდვილად შეუძლია.

იოლი სავარაუდოა ისიც, რომ გლებთან ერთად ბელარუსის ნაკრები გაცილებით კრეატიული გუნდი იქნება, ვიდრე ახლაა. მას პასის კულტურა და სათამაშო ინტელექტი ახლაც უმაღლეს დონეზე აქვს, ეს კი ის თვისებებია, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებს. სირბილით კი სხვები ირბენენ.

როგორც ჩანს, გლებსაც უნდა ნაკრებში დაბრუნება და ბრძოლა ისტორიული შანსისთვის. ეს თემა ორიოდე დღის წინ მისმა ძმამ, ვიაჩესლავ ლებმა წამოსწია. ძმა ძმის თანხმობის გარეშე არაფერს იტყოდა.

ასე რომ, ამ სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჰლებთან ერთად ბელარუსის ნაკრები სხვანაირი იქნება. ალბათ, უფრო უკეთესი…

წყარო: lelo.ge

SHARE