საყურადღებო ინფორმაცია – როგორ ფორმაში ხვდებიან ჩვენი გუნდები ევროთასებს

380

ყველას აინტერესებს, როგორ ფორმაში ხვდებიან ჩვენი წამყვანი კლუბები ევროთასების კარსმომდგარ გათამაშებას. ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს თბილისის “დინამო” წარადგენს, ევროპალიგაზე კი ბათუმის “დინამო”, “ლოკომოტივი” და “საბურთალო” იასპარეზებენ

აქედანვე შეიძლება ითქვას ერთი – ევროასპარეზზე გასული ჩვენი კლუბების მწვრთნელები თითქმის იმავე ფეხბურთელებს დაეყრდნობიან, რომლებიც ამჟამად ჰყავთ. საქართველოში სატრანსფერო “ფანჯარა” დახურულია. მართალია, გამონაკლისის სახით და კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ფეხბურთელის დამატება მაინც შეიძლება, მაგრამ… დრო, ფაქტობრივად, აღარ რჩება.

დავამატოთ ამას ისიც, რომ მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემია ძალიან ართულებს უცხოელი ფეხბურთელის საქართველოში ჩამოყვანას. გასათვალისწინებელია კარანტინის თემაც. აქედან გამომდინარე, აღარ შეიცვლება გუნდების ძირითადი ბირთვი და ჩვენც იმ კონტინგენტზე უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც ამჟამადაა თავმოყრილი ევროთასებზე გასულ გუნდებში.

დინამო თბილისი

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს მართლაც რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია გულშემატკივართა წინაშე. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი თბილისის “დინამო” ქვეყანას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარადგენს.

“დინამოს” შემადგენლობას რომ გადახედავ კაცი, არ შეიძლება, თვალში არ გეცეს რამდენიმე ფეხბურთელის აშკარა პერსპექტივა. ეგაა, გუნდი ისეა დაკომპლექტებული, კარსმომდგარ ევროთასებზე ჩხეტიანს, ალბათ, ვერავინ მოსთხოვს კატეგორიულად რაიმე განსაკუთრებული შედეგის დადებას.

ამაზე ძლიერი და უფრო სახელიანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული “დინამო” გვინახავს და იმ გუნდსაც კი გასჭირვებია ევროთასებზე წარმატებით თამაში. და მაინც, ჩემი აზრით, იღბლიანი წილისყრის შემთხვევაში “დინამოს” შეუძლია ევროპალიგის ჯგუფში მოსახვედრად მაინც ბოლომდე იბრძოლოს. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს – მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება წილისყრას!..

მეორე მხარეა ფეხბურთელები. საქართველოს კვალობაზე “დინამოს” შემადგენლობა ნამდვილად არ დაეწუნება. უბრალოდ, სასურველი იქნებოდა, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს თითო რგოლში თითო გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავდეს.

“დინამოში” ასე თუ ისე არის კონკურენცია. ერთადერთი რგოლი, სადაც, ალბათ, მეტი კონკურენცია იქნებოდა სასურველი, არის ცენტრფორვარდის პოზიცია. ისე ჩანს, ევროთასებამდე ამ ამპლუაში ახალი მოთამაშის გამოჩენა არ არის მოსალოდნელი.

დინამო ბათუმი

გავრისკავთ და დავწერთ – გია გეგუჩაძეს, საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. გუნდში თავმოყრილ ადგილობრივ ფეხბურთელთა ნაწილს არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ასევე ევროთასებზე. არიან ფეხბურთელები, რომელთაც ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზეც უთამაშიათ. მათი ეს გამოცდილება აჭარულმა კლუბმა უსათუოდ უნდა გამოიყენოს.

აქ ვგულისხმობთ იმ ლეგიონერებსაც, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით მართლაც რომ ჭიპმოჭრილნი არიან გამოცდილების ამბავში – გოდფრიდ ობოაბონას არაერთი მატჩი ჩაუტარებია თვით მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი, რეინალდოს კი უთამაშია როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპებზე…

ეგაა, “დინამო” მაინც ახალი გუნდია და ვფიქრობთ, იმაზე მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე დღესდღეობით აჩვენებს. ცნობილია – გეგუჩაძეს არ უყვარს და არც ეხერხება სპონტანური წარმატებების მოპოვება. მას დრო სჭირდება საიმისოდ, რომ გუნდმა ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.

წლების განმავლობაში მას ევროთასებზე მართლაც რომ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვნახოთ. ბათუმელებსაც სჭირდებათ იღბლიანი წილისყრა.

თუ ისინი მათ ხელში არსებულ ყველა კოზირს გამოიყენებენ და იღბალიც არ აქცევთ ზურგს, ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა უტოპიად სულაც არ უნდა წარმოვიდგინოთ. მერე რა, რომ ჯერ საამისოდ საკმარისი ხარისხი არ აქვს მათ თამაშს, სამაგიეროდ, ევროპალიგის ერთმატჩიან დუელებში გამოცდილების ხარჯზე ძალიან ბევრი რამის კომპენსირება შეიძლება.

საბურთალო

თბილისური გუნდი არსებობის ისტორიაში მეორედ ითამაშებს ევროთასებზე. ეს ბევრი ნამდვილად არ არის. ეგაა, თუ “არარატ-არმენიასთან” შარშანდელ თავგადასავალს არ ჩავთვლით, რაც ითამაშა “საბურთალომ”, მართლაც გემრიელად ითამაშა.

პირდაპირ ვთქვათ – “საბურთალოს” დღევანდელი შემადგენლობა შარშანდელზე სუსტია, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე და რა იქნება რეალობაში, ამას ყველა ერთად ვნახავთ. რა თქმა უნდა, გუნდს არ აწყენდა გაძლიერება, განსაკუთრებით – თავდასხმასა და დაცვაში, მაგრამ ესეც რომ ვერ მოხერხდეს, თემურ შალამბერიძის გუნდი საჩუქარი არავისთვის იქნება.

აქედან ისე ჩანს, რომ “საბურთალოს” ევროთასებზე ვერ დაეხმარება ტრავმირებული გიორგი კოხრეიძე. თუ ასე მოხდა, ძალიან ცუდი – კოხრეიძე “საბურთალოსთვის”, რომ იტყვიან, ნახევარი გუნდია და მისი გამოკლება ბევრ პრობლემას ნიშნავს.

ლოკომოტივი

კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ფეხბურთში მუდმივი არაფერია. “ლოკომოტივმა” ახალი სეზონი ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ მერე იყო ჩავარდნა და ახლა გიორგი ჭიაბრიშვილი ცდილობს ვითარების გამოსწორებას.

შემადგენლობის თვალსაზრისითა და მთავარი მწვრთნელით “ლოკო” ნამდვილად არავის ჩამოუვარდება. მეტიც, გუნდში პოტენციალი აშკარაა. ის კი არა, ეჭვი არც იმაში გვეპარება, რომ ჭიაბრიშვილი შეძლებს სიტუაციის დალაგებას, თუმცა საკითხავი ისაა, მოხდება თუ არა ეს ევროთასებამდე.

ამ გადასახედიდან ევროპულ ასპარეზზე დაბრუნებულ “ლოკომოტივს” დიდი ძალისხმევა  დასჭირდება იმისთვის, რომ ევროპული გამოცდა ღირსეულად ჩააბაროს. მეორე მხრივ, არც ის გაგვიკვირდება, თუ “ლოკომოტივი” ხმაურიან სენსაციას შემოგვთავაზებს. ერთ კონკრეტულ თამაშში ამ შემადგენლობას “გასროლა” ნამდვილად შეუძლია.

იცოდეთ, ევროპაში სხვანაირადაა!..

მივადექით ჩვენი წერილის ძალიან საინტერესო ქვეთავს. პირადად ამ წერილის ავტორის აზრია – ის, რასაც ჩვენ ახლა დავწერთ, უსათუოდ უნდა გაითვალისწინოს ევროთასებზე გასული ყველა ქართული გუნდის ფეხბურთელმა, მეტადრე მათ, რომელთაც გამოცდილება აკლიათ.

ალბათ, ბევრი მიხვდა, რომ მსაჯობის თაობაზე ვწერთ. ჩვენი ფეხბურთელებისთვის და, განსაკუთრებით მწვრთნელებისთვის, საიდუმლო არ უნდა იყოს ის, რომ ევროთასებზე ცოტა “სხვანაირად” მსაჯობენ, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში.

აქ სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ ქართველი არბიტრები ან ცუდები არიან და ანდაც – უცოდინარები, უბრალოდ, მათი უმრავლესობა ცოტა უფრო ლოიალურად სჯის თამაშს, ვიდრე მათი ევროპელი კოლეგები. ამიტომ, ფეხბურთელებისთვის აუცილებელია, საერთაშორისო თამაშებში ასი ყური და ამდენივე თვალი გამოისხან – არ აყვნენ პროვოკაციებს!

ვინ იცის, ბოლო დროს რამდენი ქართველი ფეხბურთელი დასჯილა ამის გამო და გუნდს საქმე გართულებია. შორს წასვლა რად გვინდა – ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა მოხდა ერთი წლის წინ როტერდამში – სანამ “დინამოს” კაცი არ გაუგდეს, ასე თუ ისე ნორმალურად უმკლავდებოდა მეტოქის იერიშებს, მაგრამ მერე…

წყარო: lelo.ge

SHARE