ტალახაძე მორიგი ტიტულისა და რეკორდებისთვის

382

ტაილანდის საკურორტო ქალაქ პატაიაში 18 სექტემბერს დაიწყება და 27-ში დამთავრდება ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, შვიდ წონით კატეგორიაში 10 სპორტსმენით იასპარეზებს.

ბოლო ორი კვირაა, ქართველ ათლეტებს დასკვნითი შეკრება დუშეთში აქვთ. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ გუშინ ტაილანდში წამსვლეთა ვინაობა დაასახელა.

ესენი არიან: შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე (ორივე – 61 კგ), გოგა ჩხეიძე (67 კგ), კახი ასანიძე, არჩილ მალაყმაძე (ორივე – 73 კგ), რევაზ დავითაძე (89 კგ), ანტონ პლესნოი (96 102 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), ლაშა ტალახაძე, გიორგი ჩხეიძე (ორივე – +109 კგ). როგორც ვხედავთ, სამ წონაში ორ-ორი სპორტსმენი გვეყოლება.

გასარკვევია ორი ათლეტის მდგომარეობა: რევაზ დავითაძის ამჟამინდელი 89 კილო ოლიმპიური წონა არ არის, ამიტომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 7 კილო უნდა მოიმატოს, ანტონ პლესნოი კი ან 96-ში, ან 102 კილოში გამოვა. ეს უშუალოდ პატაიაში დაზუსტდება. მთავარი ის არის, რომ იგი კარგ სასპორტო ფორმაშია და მედლებს გვპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონის მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს ევროპის ოთხგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, რიოს თამაშების გამარჯვებული ლაშა ტალახაძე. როგორც თავად ამბობს, თუ საჭირო იქნება, ტაილანდში ოქროებთან ერთად რეკორდებზეც იზრუნებს.

ნაკრების კაპიტანმა, რიოს ოლიმპიადის პრიზიორმა და ევროპის ჩემპიონმა ირაკლი თურმანიძემ ოპერაცია გაიკეთა და, სამწუხაროდ, შეჯიბრებაზე ვერ გაემგზავრება. მთავარი მწვრთნელის თქმით, ნაკრების ამჟამინდელი ყველა წევრი კარგ ფორმაშია და მედლებთან ერთად ქვეყნისთვის გამოყოფილი ოთხი სალიცენზიო კვოტის ათვისებასაც გეგმავს. საქართველოს ძალოსანთა ნაკრები პატაიაში 15 სექტემბერს გაემგზავრება.

წყარო: lelo.ge

SHARE