ტოჩინოშინი: „ტრავმების გამო მალე კარიერის დასრულება მომიწევს“

482

19 ივლისს ტოკიოში, კოკუგიკანის სასახლეში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველი სუპერტურნირი, ივლისის ბაშო დაიწყება. ტრადიციულად, შეჯიბრებამდე ორი დღით ადრე, იაპონიის სუმოს ასოციაციამ საწყისი ორი დღის განრიგი გამოაქვეყნა და ლევანი გორგაძის მეტოქეთა ვინაობაც ცნობილი გახდა.

ტოჩინოშინი პირველ ბრძოლაში მე-11 მაეგაშირა შიმანოუმის დაუპირისპირდება, ხოლო ტურნირის მეორე დღეს, ნაცნობ მეტოქეს, მე-10 მაეგაშირა კაისეის შეერკინება.

იაპონიაში ერთი პერიოდი თითქოს სიტუაცია დალაგდა და ქალაქებიც გაიხსნა, მაგრამ ბოლო 2 კვირაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ ისევ საგრძნობლად მოიმატა. თებერვლის თვიდან ძირითად დროს სახლში ვატარებ. სუმოს ფედერაციამ გარეთ გასვლა აგვიკრძალა. მხოლოდ პროდუქტებზე გავდიოდი. მუდმივად სახლში ყოფნა რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

ბაშოსთვის შესძლებისდაგვარად მოვემზადე. ერთობლივი ვარჯიშები არ გვქონია. რთული იქნება, მაგრამ შევეცდები ჩემი გულშემატკივარი გავახარო. მოგეხსენებათ, მაწუხებს ქრონიკული ტრავმები, რომელთაც ოპერაციის გარეშე ვერაფერს ვუხერხებ.

უკვე წელიწადზე მეტია ექიმი ოპერაციის გაკეთებას მთხოვს, მაგრამ თუ ქირურგიულ ჩარევას დავთანხმდები, აქტიური სპორტიდან წასვლა მომიწევს, ამიტომ ჯერ ოპერაციაზე უარს ვაცხადებ. ალბათ, ამდენი ტრავმის ფონზე დიდხანს ვეღარ ვიჭიდავებ და კარიერას მალე დავასრულებ. იქამდე შევეცდები, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწურო და ბოლომდე ვიბრძოლო, სანამ ამის საშუალება იქნება. შემდეგ კი დავემშვიდობები სპორტს და ახალ ცხოვრებას დავიწყებ.

რაც შეეხება ივლისის ბაშოს, პირველ მეტოქეს არასდროს შევხვედრივარ და ერთმანეთთან სადებიუტო ბრძოლას გავმართავთ. მეორე დღეს კი უკვე ძალიან კარგად ნაცნობ მეტოქეს ვხდები და ვეცდები, წარმატებას ჩვეულებრივ დგომით ჭიდოაბით მივაღწიო”, – განაცხადა ტოჩინოშინმა.

ცნობისთვის, ივლისის ბაშო ნაგოიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ მისი ტოკიოში ჩატარება გადაწყვიტა.

წყარო: crystalsport.ge

SHARE