„თუ გრძელი ცხვირი გაქვთ, თამაშგარეში იმყოფებით“ – როგორ შეიცვლება „ოფსაიდის“ წესი

456

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ილაპარაკა თავის დამოკიდებულებაზე რეფერის ვიდეოდახმარების (VAR) სისტემის მიმართ და“თამაშგარე მდგომარეობის“ დაფიქსირებისას წესების შეცვლის სურვილი  გამოთქვა.

„თუ თქვენ გრძელი ცხვირი გაქვთ, მაშინ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებით. ამას ემატება ხაზები, რომელსაც გამეორებების დროს ხაზავენ. ეს ხომ ობიექტური კრიტერიუმების სუბიექტური გამოსახულებაა. ჩვენ გამოვალთ წინადადებით – არ გაითვალისწინონ ოფსაიდები 10-20 სანტიმეტრის ფარგლებში. ამას მსაჯებთან განვიხილავთ. უეფას შტაბბინაში ორი კვირის წინ წამყვანი მწვრთნელები იმყოფებოდნენ. იქ იყო იურგენ კლოპი, პეპ გვარდიოლა, მაქს ალეგრი, კარლო ანჩელოტი, ზინედინ ზიდანი… ევროპული კლუბების ყველა ტოპმწვრთნელი. ჩვენი არბიტრი რობერტო როზეტი უჩვენებს მათ ხელით თამაშის ეპიზოდს. ამის შემდეგ ეკითხება: „იყო თუ არა ხელით თამაში?“ დამსწრეთა ნახევარმა თქვა – „დიახ“. მეორე ნახევარმა – „არა“. ამის შემდეგ მითხარით, რამდენად გასაგებია თავად წესი? ჩვენ ხომ ამის შესახებ არაფერი ვიცით!“

ჩეფერინმა ასევე აღიარა, რომ არ არის VAR-ის დიდი თაყვანისმცემელი, მაგრამ დაადასტურა, რომ ამ ტექნოლოგიას გამოიყენებენ ევრო 2020-ზე.

„ჩვენ იძულებულნი ვართ ის გამოვიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა გუნდი გამოთქვამს პროტესტს, როცა რაიმე შეცდომა იქნება დაშვებული“, – მოჰყავს ჩეფერინის სიტყვები გაზეთ „მირორს“.

წყარო: lelo.ge

SHARE