უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან 2 შეხვედრას გამართავენ

449
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2020 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს და მის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან თბილისში ორ მოსამზადებელ თამაშს გამართავენ.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი, 12-გუნდა ელიტაში 2016 წელს დაწინაურდა და გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც “ალაფიდან” აღზევების წელსვე უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა. გაისად, იტალიაში, ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს 20-წლამდელთა ჩემპიონატში!

სელექცია

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს სექტემბერში ორი 3-დღიანი, სასელექციო შეკრება ჰქონდა, რომლის დროსაც გაისინჯნენ ის მორაგბეები, რომლებიც გასული 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის გაფართოებულ

სიაში იყვნენ, მაგრამ საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, ასევე ის მორაგბეები, რომლებიც შარშან გაფართოებულ სიაში არ იყვნენ.

სელექციის შემდეგ, შერჩეულ მოთამაშეებს დაემატა ის კონტიგენტი, რომლებმაც გასულ ჩემპიონატში ითამაშეს, ასაკიდან გამომდინარე გაისადაც უმცროს ბორჯღალოსნებში უწევთ თამაში და ჯამში 50-მა მორაგბემ ერთკვირიანი შეკრება გაიარა.

სელექციის პროცესით და პირველი შეკრებით კმაყოფილია 20-წლამდელთა მწვრთნელი ლადო კილასონია:

“ვნახეთ ის მორაგბეები, რომლებსაც ჩვენი აზრით შარშან რაღაც აკლდათ და გვაინტერესებდა რა მდგომარეობაში იყვნენ ამჟამად, ასევე ახალი მოთამაშეები. ამის შემდეგ, ლეგიონერების გამოკლებით, 50 მოთამაშე ერთკვირიან შეკრებაზე გვყავდა და ვიმუშავეთ შეტევაზე შერკინებიდან და დერეფნიდან, გავიარეთ დაცვის სტრატეგიული მონახაზები, ვივარჯიშეთ დარტყმა-ახურვაზე. პარალელურად, ცალ-ცალკე ჰქონდათ ვარჯიშები შერკინების და ხაზის მოთამაშეებს. გვქონდა სამი მინი-კონტაქტური ვარჯიში, რათა ამ პერიოდისთვის შეგვემოწმებინა ბიჭების ფიზიკური მზადყოფნა. ამ შეკრებაზე გვაკლდნენ ლეგიონერები. ბიჭებმა დავალებებს თავი კარგად გაართვეს და მათი მონდომებით, ახალი ინფორმაციის მიღება-გადამუშავებით კმაყოფილები ვართ.”

ორი მატჩი სამხრეთ აფრიკასთან

ერთკვირიანი შეკრების შემდეგ, 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები ერთი კვირა დაისვენებენ, მომავალი კვირიდან კი, თბილისში მყოფ კონტიგენტს კვირაში ორი ვარჯიში ექნება. უმცროსი ბორჯღალოსნები მეორე შეკრებაზე ნოემბრის ბოლოს შევლენ და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებთან (2020 წლამდე საქართველოც და სამხრეთ აფრიკაც 19-წლამდელთა ნაკრებია) ორ თამაშს გამართავენ.

“უმცროსი ბოკეს” სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 30-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც ტურნეზე საქართველოში ჩამოვა. მათგან ექვსი ისეთი მორაგბეა, რომელმაც წელს არგენტინაში ითამაშა 20-წლამდელთა ჩემპიონატში და მე-3 ადგილი დაიკავა.

“ვეცდებით, ნოემბრის ბოლოს ის ლეგიონერებიც დავიმატოთ, რომლებსაც ფრანგული კლუბები გამოუშვებენ. ამ პერიოდში საქართველოში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ჩამოვა, რომელთანაც 2 და 5 დეკემბერს ორი თამაში გვექნება. ეს იქნება ძალიან კარგი გამოცდილება როგორც ჩვენთვის, ასევე მორაგბეებისთვის. ისინი საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რასთან ექნებათ საქმე მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ თამაშებში ყველა მორაგბეს მივცეთ თავის გამოჩენის შესაძლებლობა,” – ამბობს კილასონია.

საგულისხმოა, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს მოსამზადებელ პერიოდში გასული ორი ჩემპიონატის წინაც ეთამაშნენ, ამჯერად კი აფრიკელები საქართველოში ჩამოვლენ და თამაშების პარალელურად, ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.

წყარო: sportall.ge

SHARE