(ვიდეო) უცნობი ტრაგედია: როგორ მალავდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები თბილისური მატჩისას ათეულობით გულშემატკივრის დაღუპვის ამბავს

730

66 წლის წინ, თბილისის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან, თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “სპარტაკის” შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ათეული გულშემატკივარი გარდაიცვალა. თამაში ძალიან პრინციპული იყო, 35-ათასიანმა სტადიონმა კი ყველა მსურველი ვერ დაიტია და ბევრი მათგანი ჭყლეტაში გარდაიცვალა.

ამის მიუხედავად, თამაში შედგა და “დინამომ” პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხა. ეს 1954 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი შეხვედრისას, 4 აპრილს მოხდა. ამის შესახებ აქსელ ვართანიანმა პოპულარულ რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესში” ვრცელი წერილი გამოქვეყნა.

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ავტორი იმ დეტალებს იხსენებს, რაც რუსეთში ვეტოდადებულია, ქართულ ფეხბურთში კი ყველას ახსოვს – ამ ყველაფერს 1953 წლის ჩემპიონატი უძღვოდა, როდესაც იოსებ სტალინის გარდაცვალების და ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ ანტიქართული ისტერია ატყდა, თბილისის “დინამოს” კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის შანსი მოსკოვში მოხდარის გამო წაართვეს – მოსკოვში თამაშის იგებდა, ტრიბუნებიდან ხალხი გადმოხტა და თამაში ჩაშალა, ამის კი მასპინძლების ნაცვლად “შავტრაკიანი” ქართველები დაგვსაჯეს – ასეთი მორალი და სამართალიც იყო იმ “ტკბილ” და “ნათელ” დროში.

ახლა კი აკსელ ვართანიანის მიერ რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესში” გამოქვეყნებული წერილის შემოკლებულ ვარიანტს გთავაზობთ, სადაც ამ მატჩის შესახებ საინტერესო და უცნობ ისტორიას გაეცნობით.

66 წლის წინ, “დინამო”-“სპარტაკის” მატჩამდე ათეულობით გულშემატკივარი გარდაიცვალა.

“ფეხბურთი საქართველოში სპორტი ნომერ პირველი სახეობა იყო. საკავშირო ტურნირების მატჩები, როგორც წესი, ხალხმრავალ ტრიბუნების წინაშე ტარდებოდა. თბილისში საფეხბურთო მატჩებზე ბილეთის შეძენა პრობლემური იყო – მით უფრო იმ დროს და განსაკუთრებით, “სპარტაკთან” შეხვედრისას, რომელიც თბილისელთა პრინციპული მეტოქე იყო. ბილეთების ყიდვა შესაძლებელი იყო გადამყიდველებთან, რომლებიც არსებულზე ბევრად მაღალ ფასს ითხოვდნენ. გარდა ამისა, ეს იყო გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრა. წინა სეზონის ფინიშზე მომხდარი მძიმე მოვლენების კონტექსტში, მატჩმა პრინციპული ხასიათი შეიძინა. 1953 წლის ბოლოს, კომუნისტური პარტიის მმართველების გადაწყვეტილებით, თბილისელებს ოქროს მატჩში მონაწილეობის უფლება წაართვეს და ჩემპიონად “სპარტაკი” გამოაცხადეს” – წერს ავტორი.

ის “სპორტ-ექსპრესში” დეტალებზე წერს: “როდესაც თამაში მოახლოვდა, ვნებები გამძაფრდა და გიჟური აჟიოტაჟი შეიქმნა. საქართველოს თითქმის მთლიანი მამრობითი მოსახლეობა დედაქალაქისკენ დაიძრა. მსურველთა რაოდენობამ ტრიბუნების ტევადობას ბევრად გადააჭარბა. უზარმაზარ ციფრებს ასახელებენ – 200, 350 და სრულიად წარმოუდგენელ 500 ათასსაც კი. უსიამოვნო მოლოდინზე ბუნებაც გვაფრთხილებდა. მოულოდნელად, 2 აპრილის დილით, თოვლი წამოვიდა, რასაც თბილისში ზამთარშიც ვერ ნახავდით. იქნებ ბუნებამ ცუდი ამბავი იგრძნო და უბედურების თავიდან აცილება სცადა? ან იქნებ, ნიშანი მიეცა, რათა ხალხს ბილეთის ძებნა შეეწყვიტა და თბილ სახლში პოპულარული მსახიობის, ეროსი მანჯგალაძის რადიორეპორტაჟით ესარგებლა? …მაგრამ განა მათ შეაჩერებდით! მატჩის დღეს, 4 აპრილს, უკვე მზე ანათებდა და თოვლი დადნა. მაგრამ მინდვრის გაწმენდა ვერ მოხერხდა”.

შტურმი

დილიდანვე უბილეთო ადამიანების მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა შესასვლელი ალყაში მოაქცია. მატჩის დაწყებამდე ბილეთების ბედნიერი მფლობელები დაიძრნენ, მაგრამ მჭიდრო რიგების გამო, სტადიონზე შეღწევა ბევრმა ვერ მოახერხა. თამაშის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, რამდენიმე ასეულმა გულშემატკივარმა კონტროლიორების და სამართალდამცავთა მყიფე რიგები გაარღვია.

პანიკის მიუხედავად, სტადიონის რკინის კარების ჩაკეტვა მაინც მოახერხეს, რათა ხელმეორე გარღვევა აღეკვეთათ. ათასობით ადამიანი ერთადერთ ცენტრალურ შესასვლელს მიაწყდა – გენერალური იერიშიც მალევე დაიწყო. მილიციის რაზმებმა ადამიანურ სტიქიასთან გამკლავება ვერ შეძლეს. მაგრამ არა მარტო მათ – ხალხს მასიური რკინის ღობეებმაც ვერ გაუძლო და ასეთი ზეწოლის შემდეგ ჯართად გადაიქცა. წარმოუდგენელი ჭყლეტის შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა.

ტრიბუნები და კიბეები თამაშის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაივსო. შტურმის მონაწილეები ყველგან ჯდებოდნენ, სადაც ეს შესაძლებელი იყო – მანამდე შესულთა მუხლებზე, პირველ და მეორე იარუსის შორის და არენის მთელს პერიმეტრზე, საიდანაც თამაშს მხოლოდ “გულივერები” ხედავდნენ.

დანარჩენი მოვლენებს ტრუბუნების გუგუნითა და წინ მყოფთა რეპლიკებით იგებდნენ. პრეტენზიები არ ყოფილა – ყველას უხაროდა: ვინც ვერ ხედავდა, საათნახევრის განმავლობაში უნიკალური საფეხბურთო დღესასწაულის ატმოსფეროთი სუნთქავდა, დანარჩენებთან ერთად, უკიდურესად ბედნიერი იყო – თბილისელებმა მოიგეს. ტრიბუნების დატოვებისას, თამაშის მიმდინარეობას და გოლებს განიხილავდნენ. ალბათ, ადამიანის სხეულებით დამახინჯებული რკინის ღობეები ვერავინ შენიშნა.

დუმილის შეთქმულება
ტრაგედიის შესახებ ჭორები თამაშის დასრულებისთანავე მთელს ქალაქში გავრცელდა, რაც ყოველთვის დასაჯერებელი არ იყო. რამდენიმე საათის შემდეგ, მომხდარზე ინფორმაცია უცხოურმა რადიოებმა გაავრცელეს. ყვებოდნენ დეტალებზე, 60 ან 70 გარდაცვლილზე, მაღალი შეფასება მისცეს იმ სამსახურების ოპერატიულ მუშაობას, რომლებმაც ერთი საათის განმავლობაში სისხლის კვალი გააქრეს… მხოლოდ ხელისუფლება და მათ მიერ კონტროლირებადი პრესა დუმდა. საქართველოს კომუნისტური პარტიის გამოცემა “კომუნისტმა” და მისმა რუსულენოვანმა ვარიანტმა, “ზარია ვოსტოკამ” მატჩის მიმდინარეობა ერთგულად აღწერეს – და მეტი არაფერი (“ლელო” – ალბათ, “პრავდა” და “კომსომოლსკაია პრავდა” აღწედნენ პირუთვნელად საბჭოეთში იმ დროინდელ მოვლენებს).

7 აპრილს, სპორტულმა გაზეთმა “ლელომ”, მატჩის ვრცელი რეპორტაჟის გვერდით, რესპუბლიკის მეცნიერთა ჯგუფის აღშფოთებული წერილი გამოაქვეყნა – “სტადიონზე წესრიგის დამყარება აუცილებელია”. ისინი სტადიონის დირექციისა და მილიციის მუშაობას გმობდნენ.

ერთი დღით ადრე, “ლენინსკოე ზნამიამ” (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის (ანუ საოკუპაციო ჯარების გამოცემა), თამაშის აღწერის შემდეგ მოკლედ დაწერა: “უნდა აღინიშნოს თბილისის სტადიონის დირექციის დაუფიქრებლობა და ქალაქის პოლიციის უპასუხისმგებლობა, რომელმაც ელემენტარული წესრიგის უზრუნველყოფა ვერ შეძლო”.

მეორე დღეს, იმავე გაზეთმა ნეკროლოგი გამოქვეყნა და ირიბად უარყო ხმები ჭყლეტაში ცნობილი გენერლის, საბჭოთა კავშირის გმირის დაღუპვის შესახებ, რომელმაც ომი მოსკოვიდან ბერლინში გაიარა. ჭყლეტაში ომის მონაწილე ნამდვილად გარდაიცვალა, მაგრამ უფრო ნაკლები წოდების მქონე: “1954 წლის 4 აპრილს, მოულოდნელად გარდაიცვალა პოლკოვნიკი ანატოლი ვასილის ძე სოკოლოვი” – ეწერა ნეკროლოგში.

ფულს სისხლის სუნი ასდის

დიდი რისკის ფასად, მომხდარზე რუსულენოვანმა ახალგაზრდულმა გაზეთმა დაწერა: თამაშზე მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი იყო, ხოლო ფელეტონის ჟანრში გამოაქვეყნებულ მასალას ერქვა – “სტადიონის შესასვლელთან”. მას ხელს ვინემ ა. ბუსლაევი აწერდა. ავტორი დეტალურად აღწერდა შტურმს. მისი აზრით, პოლიციის უუნარო მოქმედებების შედეგად ცენტრალურ შესასვლელთან ხალხის კრიტიკული მასა ხელოვნურად შეიქმნა. იმ ადამიანებზეც დაწერა, რომლებმაც წინასამატჩო აჟიოტაჟით მაქსიმალურად ისარგებლეს. მაგრამ შედეგებზე გაჩუმება ამჯობინა.

ა. ბუსლაევი მოგვითხრობს რა მოხდა მატჩის წინა დღეს, 3 აპრილს: “სტადიონის ადმინისტრაციამ ყველაფერი დეტალებამდე მოიფიქრა. თამაშამდე ორი დღით ადრე, პლაკატები არ გამოაკრა და სტადიონის სალაროებიც დაკეტილი იყო. ჭორი გავრცელდა: ბილეთები მხოლოდ შეკვევით გაიყიდებაო. მატჩის წინა დღეს კი… სტადიონის დირექტორის მოადგილის, ამხანაგ ვ. გვარჯალაძეს თან ახლდნენ ინსტიტუციების, საწარმოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. მათ ხელში განაცხადებები ჰქონდათ. საკმარისი ესეც არ იყო – ბილეთების აღება არც ისე ადვილია. უპირველესად, სტადიონის დირექტორის დადგენილება იყო საჭირო (რომელსაც სტადიონზე მოხვედრის მსურველები დილაუთენია დაესხნენ თავს) ან მისი მოადგილის. იმ მცირერიცხოვან პირებს კი, რომლებმაც განაცხადის შესახებ რეზოლუცია მიიღეს, უნდა გაეძლოთ სტადიონის სალაროებთან ბრძოლაში, სადაც პოლიციელები წარუმატებლად ცდილობენ ხალხის მოგერიებას”.

“აშკარაა, თუ რა მოხდა სტადიონზე და რა შედეგამდე მიგვიყვანა “დინამოს” საბჭოსა და სტადიონის ხელმძღვანელობის შეუთანხმებლობამ. მათ “მოიფიქრეს” და ბილეთების განაცხადების მიხედვით გაყიდვა თამაშის დღემდე გადადეს. ამ დროს დაავიწყდათ ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს მატჩზე მოხვედრის იმედს არ კარგავდნენ. როდესაც ბრბო კარის გაღებას შეეცადა, ყველაფერი მაშინ მოხდა.

ამაში დამნაშავეებს პოლიციელების მჭიდრო რკალიც ვერ იხსნის სტადიონის შესასვლელთან თბილისის მოქალაქეების გულწრფელი აღშფოთებისგან, რომელთა უმეტესობა იძულებული გახდა, მატჩის დღეს ბილეთები შავი ბაზარზე ეყიდა” – წერდა 4 აპრილს “ახალგაზრდა სტალინისტი”.
იქვეა ფოტო. ცენტრში გადამყიდველი გარშემორტყმულია ხალხით, გარშემო კი – არც ერთი პოლიციელი არ არის. წესრიგის დამცველებს კი “ცხელი წერტილების” მიღმა მოხვედრის საოცარი უნარი აღმოაჩნდათ.

“ბიზნესმენები” წაგებაში არ დარჩნენ: დღის განმავლობაში, ხუთმანეთიანი ბილეთების ფასი 15 მანეთიდან 40-მდე გაიზარდა. არაკეთილსინდისიერი გადამყიდველების შეურაცხმყოფელმა სიხარბემ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამბობენ, რომ ფულს სუნი არ აქვს. ნუ იქნებით გულუბრყვილოები – მას სისხლის სუნი აქვს.

ორი წუთით ადრე

რამდენიმე სიტყვა თავად თამაშის შესახებ. ვინც რა უნდა თქვას, ქართველი ფეხბურთელებისთვის 1953 წლის ხელისუფლებისგან წართმეული ჩემპიონობის შემდეგ ეს პრინციპული მატჩი იყო. მათი შანსები უფრო მეტად შეფასდა: უკიდურესად დიდი იყო მათი მოტივაცია, სპორტულადაც უპირატესობა ჰქონდათ (გაზაფხულზე სამხრეთ გუნდები უკეთ გამოიყურებოდნენ), ძლიერმოქმედი დოპინგის როლს კი გადავსებული ტრიბუნები ასრულებდნენ…

პირველმა ნახევარმა თეორიული გამოთვლები გამორიცხა. ნერვული, საშინელი დასასწყისის შემდეგ, თამაში მოედანის თბილისის ნახევარზე გადავიდა. ჩემპიონი გაბედულად, თავხედურად, ეტიკეტის უგულებელყოფით, ისე იქცეოდა, როგორც სახლში. ორჯერ ილინმა ვერ გაიტანა. ერთხელ მასპინძლები მეკარე მარღანიამ გადაარჩინა, ხოლო მეორედ, როდესაც კარი “დაკარგა”, მცველმა სარჯველაძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
ფეხბურთის გარდაუვალმა კანონმა “სპარტაკი” ამის გამო დასაჯა. სედოვმა გაგნიძის გარღვევისას ხელით ითამაშა და გოგობერიძემ პენალტი გამოიყენა.

“სპარტაკმა” ანგარიში შესვენების შემდეგ გაათანაბრა. ტატუშინმა შვიდი მეტრიდან გაიტანა. სტუმრები ამ შედეგით კმაყოფილები დარჩებოდნენ, რაც მათი საქციელიდან სჩანდა. ორი წუთი არ ეყოთ. ჩემპიონმა სიფრთხილე დაკარგვა, რითაც თბილისელებმა მაშინვე ისარგებლეს.

თბილისელთა კაპიტან ღოღობერიძის დარტყმა ძელს მოხვდა, კალოევის განმეორებითმა დარტყმამ კი ათიათასობით გულშემატკივრი გაახარა, რაც უზარმაზარი მიწისძვრის ტოლფასი იყო. ტრიბუნებმა ამჯერადაც გაუძლეს – რა კარგად აუშენებიათ!

დინამოელებს და მათ თაყვანისმცემლებს უფლება ჰქონდათ, თავი გასული წლის ჩემპიონატის მორალურ გამარჯვებულებად ჩაეთვალათ. ახალ ჩემპიონატში კი პირველი ორი ქულა მოიპოვეს – თანაც, პირდაპირ კონკურენტთან ბრძოლაში: ამაში ბევრ მათგანს ეჭვი არც შეუტანია.

ბოლოში სტატიის ავტორი აქსელ ვარდანიანი იხსენებს: “P.S. საბედნიეროდ, მე (იმ დროს – მეათე კლასის მოსწავლე) წინასწარ მივედი სტადიონზე და ჩემს ადგილზე დავჯექი. დაწყებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე, როდესაც გუნდებმა სტადიონის გასახდელი დატოვეს, ზღვა ხალხი მაშინ მოაწყდა – ისინი მანამდე დამჯდართა მუხლებზეც მოთავსდნენ. არავის დაუწუწუნია: გულშემატკივართა ძმობა მაშინ საკუთარი კანონებით ხელმძღვანელობდა. მხოლოდ შესვენების დროს გვიყვებოდნენ. რა უბედურება გამოიარეს. ამბოდნენ, რომ იმ დღეს სტადიონზე დასწრება დასაშვებ რაოდენობას მინიმუმ ერთნახევარჯერ აღემატებოდა”.

წყარო: lelo.ge

SHARE