ქართველი მებრძლის ხმამაღალი განცხადება – „… მაგ ქამრისთვის მე მოვდივარ! ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა!“

590

რომან დოლიძე მომდევნო ბრძოლას UFC-ის ოქტაგონზე 21 ნოემბერს გამართავს. დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი ბრაზილიელ ჯონ ალანს დაუპირისპირდება. დოლიძე ამჟამად ლას ვეგასში იმყოფება და ალანთან ბრძოლისთვის UFC-ის ცენტრალურ ლოკაციაზე (UFC Performance Institute) ემზადება. ქართველი სპორტსმენი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და ლას ვეგასში დარჩება. მოსამზადებელ ეტაპს რომანი ცნობილ დარბაზში (Xtreme Couture Gym) გააგრძელებს.

UFC-ში დოლიძის რიგით მეორე ბრძოლამდე ზუსტად 2 თვე რჩება. ქართველ სპორტსმენს ლას ვეგასში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

– როგორც ცნობილი გახდა, Xtreme Couture Gym-ში დარჩენა და აქ მომზადება გადაწყვიტე. რამ განაპირობა ეს?

– ნამდვილად Couture Gym-ში გადავწყვიტე დარჩენა და ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპის აქ გავლა. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ არის UFC Performance Institute. ეს მაძლევს საშუალებას, რომ კომპლექსური მომზადება გავიარო. გარდა ამისა, Couture Gym-ში უმაღლესი კლასის მწვრთნელები და სპეციალისტები არიან. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ჩემი ვეგასში დარჩენა და ძალიან კმაყოფილი ვარ. აქვე გეტყვით კიდევ ერთ ამბავს, დიდი ალბათობით ჩემი და ალანის ბრძოლა ლას ვეგასში შედგება და ეს მომენტიც ძალიან კარგია ჩემთვის.

– როგორც ფოტოებიდან ვხედავთ, ბევრი ახალი მებრძოლი და მწვრთნელი გაიცანი. ვის გამოარჩევდი ყველაზე მეტად, ვინ მოახდინა შენზე შთაბეჭდილება და ვისთან ჩამოგიყალიბდა ყველაზე მეგობრული ურთიერთობა?

– ყველასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. ყველანი ძალიან კარგი ბიჭები არიან, გულთბილი და მეგობრული. რაც შეეხება მწვრთნელებს, კმაყოფილი ვარ მათი მიდგომით. ბევრი ახალი საინტერესო რამ ვისწავლე აქ ყოფნისას და დღითიდღე უკეთეს ფორმაში შევდივარ. ვფიქრობ, 21 ნოემბრისთვის იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში ვიქნები და ეს ძალიან მახარებს. დიდი მიზნები მაქვს.

– მიმდინარე კვირის ბოლოს აბუ დაბიში UFC 253 შედგება. შენს წონით დივიზიონში (lightheawy weight) ახალი ჩემპიონი გამოვლინდება. ვაკანტური ქამრისთვის დომინიკ რეიესი და იან ბლაჰოვიჩი იბრძოლებენ. რას იტყოდი ამ დაპირისპირებაზე? შენი აზრით ვინ არის ფავორიტი?

– სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რომ მიმდინარე კვირას ჩემს წონით დივიზიონში სატიტულო ბრძოლა ტარდება. ამჟამად იმდენ დროს ვუთმობ ვარჯიშებს, რომ დრო ძალიან ცოტა მრჩება. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემს თავზე და წარმატებაზე ვარ კონცენტრირებული. ნამდვილად არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაგ ქამრისთვის მე მოვდივარ. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა.

წყარო: 1tv.ge

SHARE