ქართველი ყველა დროის ელიტაში

431

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ საიტზე ცნობილმა სარაგბო კომენტატორმა საიმონ ვარდმა U20 მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, 15 რჩეულში ერთი ქართველი მოთამაშეა…

სიმბოლურ ნაკრებში მე-9 ნომრის პოზიციაზე მოხვდა გელა აფრასიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ მორაგბე.

მსოფლიო რაგბის საიტის ცნობით, სულ 707-მა მორაგბემ შეძლო 20-წლამდელთა მუნდიალის გამოვლის შემდეგ, „დიდ ნაკრებებში“ თამაში. საიმონ ვარდი ბოლო 6 ტურნირიდან 5-ს უშუალოდ აშუქებდა.

U20 მუნდიალი. ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

15. ბაუტისტა დელგუი. არგენტინა (2016, 2017). 14 კეპი ნაკრებში
14. ტევიტა ლი. ახალი ზელანდია (2014, 2015). 0 კეპი
13. ჯო მარჩანტი. ინგლისი (2016). 3 კეპი
12. რომენ ნტამაკი. საფრანგეთი (2017, 2018). 16 კეპი
11. დამიან პენო. საფრანგეთი (2015, 2016). 17 კეპი
10. აარონ ქრადენი. ახალი ზელანდია (2009). 50 კეპი
9. გელა აფრასიძე. საქართველო (2016, 2017, 2018). 25 კეპი
1. რის კარი. უელსი (2017, 2018). 8 კეპი
2. ასაფო აუმუა. ახალი ზელანდია (2017). 0 კეპი
3. დემბა ბამბა. საფრანგეთი (2018). 11 კეპი
4. მარო იტოჯე. ინგლისი (2014). 41 კეპი
5. ბროდი რეტალიკი. ახალი ზელანდია (2011). 81 კეპი
6. მარკოს კრემერი. არგენტინა (2016, 2017). 28 კეპი
7. კამერონ ვოკი. საფრანგეთი (2017, 2018). 2 კეპი
8. მაქს დიგანი. ირლანდია (2016). 1 კეპი

ნაკრებში არ არის არც ერთი სამხრეთაფრიკელი, შოტლანდიელი ან იტალიელი მორაგბე. ვარდის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ახალზელანდიელებსა და ფრანგებს ჰყავთ – 4-4.

20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება, სულ 12 ტურნირი გაიმართა (საქართველოში – 2017 წელს), წლეულს იტალიის ტურნირი კორონავირუსის გამო გაუქმდა.

აი, რას წერს საიმონ ვარდი გელა აფრასიძეზე: „იმ დროს, როცა ყველას სჯეროდა, რომ ნებისმიერ ქართველ მოთამაშეს კარიერა ბურჯის პოზიციაზე დაუწყია, მან საპირისპირო დაამტკიცა, მან გვანახა, რომ ქართველების თამაში მეტია, ვიდრე შერკინება. საქართველოში ჩატარებულ ტურნირში ყველას აჩვენა, რა მომავალიც აქვს, როცა ირლანდიის ნაკრებს შესანიშნავი ლელო გაუტანა. გამიმართლა, რომ ეს ლელო ცოცხლად ვნახე. ასევე ვიფიქრე ამ პოზიციაზე ფრანგების კაპიტანი 2018 წლის ტურნირში არტურ კოვილი (ეს ტურნირი მათ მოიგეს), მაგრამ მას „დიდ ნაკრებში“ კეპი არ მოუპოვებია“.

წყარო: lelo.ge

SHARE