ქართული კრივის ოქროს თაობა – იხსენებენ გიორგი კანდელაკი და მისი მწვრთნელი

739

ქართული კრივის ისტორიაში განსაკუთრებით წარმატებული იყო თაობა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ასპარეზობდა.
დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ერთ-ერთი პირველი სწორედ მოკრივეები მოიპოვებდნენ შთამბეჭდავ წარმატებებს. 26 წლის წინ 1993 წელს საქართველოს ნაკრებმა ჯერ მსოფლიოს (ტამპერე, 7 – 16 მაისი), ხოლო შემდეგ ევროპის (ბურსა, 6 – 12 სექტემბერი) ჩემპიონატებზე, ერთად 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა. გამორჩეულად წარმატებული გიორგი კანდელაკის ასპარეზობა გამოდგა. მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალს, ევროპის ჩემპიონატზე ოქროც მიუმატა.

მაშინდელ ნაკრებს და მოკრივეთა ასპარეზობებს გიორგი კანდელაკთან და მის პირად მწვრთნელთან ავთო შოშიაშვილთან ერთად გავიხსენებთ.


,,იმ სეზონში პირველად მსოფლიოს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. გიორგი კანდელაკი მაშინ მართალია ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არც დიდებში ჰყავდა ბადალი. მეტიც, 1992 წელს ახალგაზრდებს შორის სულაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოპოვებული. მიუხედავად ამისა ნაკრების მწვრთნელები (ზურაბ გუნია, როლანდ კვაჭაძე) გარკვეულ სიფრთხილეს იჩენდნენ გიორგის დიდებს შორის ასპარეზობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. ასაკით პატარაა, გამოუცდელია და შეიძლება დარტყმები გამოეპაროსო. მე დაჟინებით ვითხოვდი კანდელაკის გუნდში დაყენებას, ვინაიდან მჯეროდა მისი შესაძლებლობების და ბოლოს საბედნიეროდ დამიჯერეს გუნდის თავკაცებმაც” – იხსენებს ავთო შოშიაშვილი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგიმ ფინალამდე გზა წარმატებით განვლო. სადებიუტო დაპირისპირებაში გერმანელ მოწინააღმდეგეს მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩამორჩებოდა ქულებით, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა, შეძლო გათანაბრება, ხოლო ბოლო წამებზე გადამწყვეტი იერიშით გადასწრებაც. შემდეგ კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი სომეხ არშაკ ავერტეკიანს აჯობა. ფინალში კანდელაკი კუბელ ფელიქს სავონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა ჭაბუკი ქართველისთვის მოპოვებული ეს ტიტულიც ცხადია დიდი შედეგი იყო.

,,სავონი სამოყვარულო კრივის ისტორიაში ქვემძიმე წონის ყველაზე ტიტულოვანი მოკრივეა. ის ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი სპორტსმენი გახლდათ. მე კი ყოველთვის ტექნიკური პაექრობა მიტაცებდა. სავონმა ძირითადად თავისი ზემოთაღნიშული კოზირის ხარჯზე მაჯობა, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა ფიზიკურ აღნაგობაში ჩვენს ასაკობრივ განსხვავებას ჰქონდა. ახლა მაშინდელი ჩემი შეხვედრების ვიდეოებს რომ ვუყურებ მეღიმება. 18 წლის, 86 კგ ვიყავი. ამ ასაკში თანატოლთან ორთაბრძოლა სულ სხვაა და უფროსთან – სხვა. მერწმუნეთ, 26 – 27 წლისა რომ შევხვდროდი სავონს აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს ვიხილავდით. ამ დროს ორგანიზმი ჩამოყალიბებულია, სუნთქვა გაცილებით უკეთესია, აღარაფერს ვამბობ დაგროვილ გამოცდილებასა და ტაქტიკურ განსწავლულობაზე. აღსანიშნავია, რომ ქვემძიმე წონაში კუბის ნაკრების მეორე ნომერს ყოველთვის ვჯობნიდი. 26 წლისა, როდესაც უკვე პროფესიონალებში გამოვდიოდი, ლენოქს ლუისის კლუბში ვარჯიშისას მძიმე წონაში ბრიტანეთის პირველი ნომერი ოდლი ჰარისონი მომიყვანეს, რომელიც სიდნეის ოლიმპიადისთვის (2000 წ) ემზადებოდა. ოთხ-ხუთი სპარინგ-შეხვედრაში ვებრძოლე და გეფიცებით ისე მოვუგე, მისი მწვრთნელი მეუბნებოდა ასე გამეტებით ნუ სცემო. წავიდა ოდლი ჰარისონი იქიდან და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!” – იხსენებს გიორგი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მსოფლიოს 1993 წლის ჩემპიონატზე კუბის მაშინდელი გუნდის საოცრად წარმატებული გამოსვლა. თავად განსაჯეთ მათი 11 მოკრივიდან 8 მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და 3 ფინალისტი!

,,მეტსაც გეტყვით, კუბელებს კიდევ მეტი ჩემპიონი შეიძლება ჰყოლოდათ. სამი წაგებული ფინალიდან, კუბელები კასამაიორი (54 კგ) და კარიონი (57 კგ) ბულგარელებთან, შესაბამისად ხრისტოვთან და ტოდოროვთან დამარცხდნენ. AIBA – ს (სამოყვარულო კრივის მსოფლიო ასოციაცია) პრეზიდენტი მაშინ ბულგარელი გენჩევი გახლდათ და მსაჯების არაობიექტურობის დამსახურებით ბულგარელთა მიერ კუბელებთან მოგებულ აღნიშნულ ფინალებს სუფთა არ ეთქმოდა” – გვეუბნება შოშიაშვილი.

57 კგ-ში კარიონთან და ტოდოროვთან ერთად კვარცხლბეკზე რამაზ ფალიანი იდგა. მას ბრინჯაოს მედალი ერგო. რამდენიმე თვეში ევროპის ჩემპიონატის ფინალი იმავე ტოდოროვმა ამჯერად რამაზს მოუგო და ქართველი სპორტსმენი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სხვათაშორის შემდეგ წლებში ფალიანმა ამ ბულგარელ მეტოქესთან რევანში მაინც გაახერხა. ევროპის ჩემპიონატზე მედლის ხარისხი გიორგი კანდელაკმაც გააუმჯობესა და შინ ჩემპიონის რანგში დაბრუნდა.

თუმცა იქამდე იყო მოსამზადებელი ეტაპი. ,,ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები ბორჯომში ემზადებოდა. ვვარჯიშობდით კალათბურთის დარბაზში, კუსტარულად გაკეთებული კრივის ტომრებით. მეცადინეობის შემდეგ გავდიოდით იქვე სტადიონზე და მინდორზე სარწყავი სისტემის რეზინის შლანგების საშუალებით ერთმანეთს ხელდახელ გაკეთებული შადრევნით წყალს ვავლებდით. ვცხოვრობდით სასტუმროს მე-11 სართულზე დევნილებთან ერთად. რა გასაკვირია, რომ კვებაც არ ყოფილა სახარბიელო, მოკლედ მოსამზადებელი პირობების თვალსაზრისით უამრავი პრობლემა გვქონდა” – გვიყვება გიორგი კანდელაკი.

მიუხედავად ამისა, ბურსას რინგზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თითო ოქროს და ბრინჯაოს, აგრეთვე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ზემოთაღნიშნულ მოსამზადებელ პირობებში გამოვლილმა ქართულმა გუნდმა. მესამე ადგილზე პაატა გვასალია (60 კგ) გავიდა. ერთ-ერთ ფინალისტ რამაზ ფალიანზე ზემოთ მოგახსენეთ. აგრეთვე ფინალისტი გახდა მძიმე წონოსანი ზურაბ სარსანია.

,,ჩემი ღრმა რწმენით ზურაბს თავის წონაში ევროპაში იმ დროს ბადალი არ ჰყავდა. ბურსაში მას საჩემპიონო შეხვედრა ასევე ბულგარელ სლივენ რუსილოვთან ,,წაართვეს”. არ იფიქროთ, რომ ვამეტებ, როცა ბულგარელთა მიმართ მსაჯების მიკერძოებაზე ვსაუბრობ. პრეზიდენტის გავლენა მსაჯებზე დიდი იყო. საგულისხმო მომენტია – საერთოდ ფინალურ ბლოკში მხოლოდ სამმა ბულგარელმა გააღწია და ყველა მათგანი ჩემპიონი გახდა. სხვათაშორის ძალიან ცოტა დააკლდათ საპრიზო ადგილებამდე თენგიზ მესხაძეს და ალბერტ კაზანჯიანს” – ამბობს შოშიაშვილი.

,,ამ შეჯიბრებაში ფინალურ ბლოკამდე ორი მეტოქე დავამარცხე. ნახევარფინალში დენი უილიამსს (ინგლისი) მოვუგე. ოქროს მედლისთვის კი ჰოლადიელ დონ დიეგო პოედერთან მომიწია შეხვედრა. პოედერმა ბურსაში ჩემამდე ყველა მეტოქე ნოკაუტით მოინელა. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და პირველივე რომ მომიქნია ხელში ისე მწარედ მომხვდა ვიფიქრე ხელი არ მომტეხოს მეთქი. თუმცა მე ტექნიკურად ვეჩხუბე, ჭკუით ვაჯობე და ჩემპიონი გავხდი” – გვიყვება კანდელაკი.

იმ წელს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: გიორგი კანდელაკი, რამაზ ფალიანი, ზურაბ სარსანია, პაატა გვასალია, თენგიზ მესხაძე, კობა გოგოლაძე, ალბერტ კაზანჯიანი, აკაკი კაკაურიძე… 90 –იანი წლებში ქვეყანაში დასადგურებულმა ქაოსმა ამ შესანიშნავ საკრივო თაობას ბოლომდე არ მისცა შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის საშუალება. მართალია, ზოგიერთმა მათგანმა ტიტულებიც მოიპოვა, მაგრამ ნაწილი სხვა ქვეყანაში გაექცა ქაოსს და იქაური დროშით იბრძოლა, ზოგი ტრაგიკულად გარდაიცვალა, ზოგმაც ნაადრევად ჩამოკიდა ხელთათმანები ლურსმანზე.

წყარო: lelo.ge

SHARE