ქართული ძიუდოს ორი სახე: …როცა მსოფლიოს ჩემპიონი გყავს, წარუმატებლობაზე ძნელია…

471

მედლის ორი მხარისა არ იყოს, ტოკიოში გასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლაც ორგვარ შეფასებას იმსახურებს – არის წარმატებაც, მაგრამ მას ბევრი გულდასაწყვეტი მომენტიც ახლავს, რის გამოც ძნელია, ნაკრების გამოსვლას წარმატებული უწოდო…

არადა, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გყავს, მაშინ წარუმატებლობაზე საუბარიც ასევე ძნელია…

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში ნოდარ მეტრეველის ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო. დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი (60) მსოფლიოს მეოთხე, მთლიანად ქართული ძიუდოს ისტორიაში კი მეშვიდე ჩემპიონი გახდა (თუმცა მსოფლიოს ჩემპიონის მერვე ტიტული მოგვიტანა – ეს იმიტომ, რომ თემურ ხუბულური მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია). ჩვენს მონაგარს ბრინჯაოს მედალი გუნდის დებიუტანტმა ლუკა მაისურაძემ (81) შეჰმატა.

ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატში ქვეყნების არნახული ოდენობა – 142 გუნდი გამოდიოდა, რომელთა შორის დევნილთა ნაკრებიც იყო – სხვადასხვა ქვეყნებიდან საკუთარი მთავრობების ტირანულ რეჟიმებს გაქცეული ძიუდოისტები, რომლებსაც მფარველობის კალთა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადააფარა და თავისი დროშით გამოსვლის უფლება დართო.

ამ სოლიდურ კამპანიაში ოქროს მედალი სულ 9 ქვეყანამ მოიპოვა (ქალებისა და ვაჟების გაერთიანებული შედეგების გათვალისწინებით), მათ შორის კი ერთ-ერთი საქართველოა და ტოკიოში გამოსვლა ამ მხრივაც წარმატებულია;

მედალი 142-დან მხოლოდ 25-მა ქვეყანამ მოიპოვა და ჩვენი გამოსვლა ამ მხრივაც წარმატებულია; საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა თითო ოქრო-ბრინჯაოთი მეხუთე-მეექვსე ადგილი გაიყო კანადასთან, ხოლო საკუთრივ ვაჟებში მესამეზე გავიდა – გუნდის გამოსვლა ამ მხრივაც წარმატებულია…

სასიამოვნო ამბავია ორივე მედალოსანის გამოსვლაც. ჩხვიმიანი ტოკიოში ევროპის ჩემპიონის რანგში ჩავიდა და იმის მიუხედავად, რომ იქ ევროპირველობასთან გაცილებით ძლიერ შეჯიბრებაში უწევდა გამოსვლა, ევროპის ჩემპიონობა არაა ის დონე, მისი მფლობელისგან რომელიმე ტურნირზე მედალი რომ გაგვიკვირდეს.

თუმცა იაპონიაში გამარჯვება და თანაც იმ წონაში, რომელიც მასპინძლებს გაორებული ჰქონდათ; ასევე – მოგება თავად იაპონელთან ის ფაქტორებია, რაც ამ გამარჯვებას დამატებით ხიბლს სძენს. თუმცა არანაკლებ სასიხარულოა საოცარი პროგრესი ჩხვიმიანის ჭიდაობაში – რეალობისგან დიდი დაცილება არ იქნება იმის თქმა, რომ ეს ბიჭი უკვე გამართულ, ტექნიკურ და სანახაობრივ ძიუდოს ჭიდაობს.

ამ სეზონში მან დუბლი შეასრულა, ეს კი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე სასიამოვნოა დებიუტანტი მაისურაძის გარჯაც და მედალიც – ვფიქრობთ, ეს სამომავლოდ ძალიან წაადგება, ოღონდ ვარსკვლავური ავადმყოფობა არ უნდა შეეყაროს და ვარჯიშს არ უნდა მოუკლოს. ისე კი ამის საშიშროება იქნებ არც იყოს, რადგან ამ წონაში უდიდესი კონკურენციაა და თუ მოუკლებს, მყისვე დაკარგავს ადგილს ნაკრებში. წონის ლიდერობას – მაინც, რადგან ამავე წონაში არანაკლები ტალანტია ტატო გრიგალაშვილიც.

ერთი სიტყვით, ბევრი პუნქტია საიმისოდ, რომ გუნდის გამოსვლა სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე წარმატებულად მიგვეჩნია, მაგრამ არანაკლებია ისეთებიც, რაც ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. ასეთთა შორისაა ხელსაყრელი წილისყრით ბოძებული შანსების განიავება 66, 90, 100 და მძიმე წონებში. 4 წონა – ეს გუნდის ნახევარზე მეტია და ძალზე დასანანია მათი უმედლოდ დარჩენა. ფაქტობრივად, მათ ჩააგდეს ეს ჩემპიონატი.

ამათგან გამართლება მხოლოდ ვალერი ლიპარტელიანის (100) მარცხს თუ მოეძებნება, ვისაც ტოკიოში ჩასვლის მეორე დღესვე ფეხი უტკენია და ტატამზე საკუთარ თავს არ ჰგავდა.

თუმცა აქაც ისმის ერთი კითხვა: ხომ არ აჯობებს, ტრავმირებული სპორტსმენი საერთოდ არ გამოვიყვანოთ შეჯიბრებაზე? განა რას გვაძლევს ასეთთა ჭიდაობა, ამ დროს კი ტრავმის გართულების რისკი დიდია. თანაც, ამით სპორტსმენსაც წაგებულის იმიჯს ვუქმნით, ეს კი განსაკუთრებით სათუთი ვითარება სწორედ ლიპარტელიანის ტიპის სპორტსმენებთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, ვისაც გარკვეულ სატურნირო ეპიზოდებში ისედაც აწუხებს ფსიქოლოგიურად მობილიზება.

წაგებისთვის ასევე ვერ გავაკრიტიკებთ ლაშა შავდათუაშვილს (73), რადგან მას წილისყრამ აშკარად არ გაუმართლა – ალბათ, ჩვენებიდან ყველაზე მეტადაც: იაპონელებს გუნდში სულ ორი განუთესავი ჰყავდათ და ამათგან უფრო ძლიერი, ოლიმპიური და აწ უკვე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი შოჰეი ონო მაინცდამაინც ჩვენს ფალავანთან მოხვდა ჯგუფში.

არადა, ის იმ დონის ფალავანია და ამ ტურნირსაც იმდენად კარგად მომზადებული შეხვდა, მასთან ყველა განწირული იყო, არავის ჰქონდა იოტისოდენა შანსიც კი და აკი ლამის თამაშით მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.

თანაც, ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ის შავდათუაშვილს მერვედფინალში ხვდებოდა ანუ წაგებული საერთოდ ეთიშებოდა ტურნირს, მედლისკენ მიმავალი ყველა გზა ეკეტებოდა. ის მეოთხედფინალში რომ შეხვედროდა ჩვენებურს, შავდათუაშვილი დამამშვიდებელ წრეში გადავიდოდა და ბრინჯაოს მოპოვების არცთუ ურიგო შანსი ჰქონდა, ეს კი მის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მედალი იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რაც სპორტსმენზე მეტად უფრო უიღბლობის ბრალი გვგონია.

სხვა წონებიდან კი ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ წილისყრიდან ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66) და ევროპის მესამე პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (90). მინიმუმ, ნახევარფინალში თუ ვერ გავიდოდნენ, ხოლო ტოკიოში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩასული გურამ თუშიშვილი (+100) უმედლოდ თუ დარჩებოდა. თანაც, წაგება სამივემ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. თუმცა თუშიშვილი ახლა სასჯელს თუ გადაურჩა, მადლობა უნდა ვთქვათ.

მან ტოკიოში გარკვეული საჭიდაო სიახლეები გვაჩვენა, მაგრამ აუცილებელია, მეტოქის მეტი პატივისცემაც ისწავლოს – სასჯელს თავი დავანებოთ და დიდ სპორტსმენს რაინდული ქცევებიც უნდა ახასიათებდეს, თორემ მარტო მედლები ბევრს არაფერს ნიშნავს. როგორც ვთქვი, მეტოქის პატივისცემაც მედლებივით აუცილებელია – აგერ, ხუბულურმა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა – მოსკოვის ოლიმპიადის ფინალი წააგო ბელგიელ რობერტ ვან დე ვალესთან, მაგრამ დღემდე მეგობრობენ. მსგავსი მაგალითების მოყვანა უამრავისა შეიძლება და თუნდაც ამ მსოფლიოდანაც შეიძლება გავიხსენოთ მსოფლიოს ძველი და ახალი ჩემპიონების – ირანელი საიდ მოლაისა და ებრაელი საგი მუკის ამბავი: მოლაიმ მუკის გამო დაკარგა ჯერ, მინიმუმ, ფინალის საგზური, მერე კი – სამშობლოც (შეგახსენებთ, რომ ის არ დაბრუნდა ირანში და გერმანიაში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი), მაგრამ მაინც მიულოცა მეტოქეს წარმატება.

თავის მხრივ, მისადმი სოლიდარობა მუკიმაც გამოხატა. ეგეც არ იყოს, ნამდვილად არ მოგვეწონება, ვინმე უცხოელი ჩვენს სპორტსმენებს უდიერად რომ მოექცეს, ხოლო ბიბლიური ჭეშმარიტება გვასწავლის, რომ სხვას არ უნდა მოექცე ისე, როგორც შენ არ გინდა, რომ მოგექცნენ.

ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რაოდენ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგი ნაკრებში – სამწუხაროდ, ეს პრობლემა ბევრს აწუხებს, მშველელი კი არავინაა. ლიპარტელიანზე უკვე დავწერეთ, ამ მხრივ ამირან პაპინაშვილიც (60) ცნობილია და ღვინიაშვილსაც კარგი შეჯანჯღარება სჭირდება, თორემ მისი ტალანტის ერთი კინკილა ევროპული ბრინჯაოს ამარა დატოვება ნამდვილად ცოდვაა.

ვფიქრობთ, ხელის წაშველება მარგველაშვილსაც სჭირდება, თუმცა ფსიქოლოგის დახმარება არც სხვებს აწყენდათ. ფიზიკური მომზადების მხრივ ამჯერად ისე საგანგაშო ვითარება აღარ ჩანდა – მდგომარეობა თითქოს გამოსწორებულია, მაგრამ აი, ტაქტიკური, ინტელექტუალური კუთხით კი კვლავაც ზღვა სამუშაოა საჭირო.

ვფიქრობთ, მავნე პრაქტიკაა ადრინდელი შედეგების გამო ნაკრებში ადგილის დაჯავშნაც და ასევე საჭიროა ხშირი საშეჯიბრო პრაქტიკაც. ცხადია, გადამეტებული არც ეს ვარგა და ზომიერებაა საჭირო, მაგრამ როგორც ფეხბურთში და ზოგადად, სათამაშო სახეობებში არ ამართლებს უთამაშებელი მოთამაშის ძირითად შემადგენლობაში დაყენება, ასევე არ გვგონია სწორი, თვეობით უჭიდავებელი სპორტსმენის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანა – „ვითა ცხენსა შარა გრძელი“, მოჭიდავეც ასევე უნდა გამოსცადოს სატურნირო პრაქტიკამ.

ადგილის წინასწარ დაბევებით იქნებ ჯანსაღ კონკურენციასაც ვკლავთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მომდევნო შეჯიბრებაზე წარმატების გარანტია რომ არაა, არაერთხელ ვნახეთ, ხოლო მით უფრო არაა გარანტია ევროპული მედალი – ევროპის პირველობა ხომ სიძლიერით ბევრ მაღალი რანგის ტურნირს ჩამოუვარდება.

ვინც მოიპოვებს მედალს ევროპაზე ან მსოფლიოზე, ალალი იყოს, მაგრამ სეზონის მომდევნო მთავარი შეჯიბრებისთვის ახალი მოსამზადებელი ეტაპი იწყება და იმ ტურნირზე უნდა წავიდეს ის, ვინც იმ კონკრეტულ მომენტში უფრო უკეთაა მომზადებული და არა ის, ვინც წინა წლის ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა… ვფიქრობთ, ამ ჩემპიონატზე შანსის მიცემას ნამდვილად იმსახურებდა გრიგალაშვილი და ალბათ, მძიმე წონაში – გელა ზაალიშვილიც. თანაც, მძიმე წონაში არც ისე ძლიერი შემადგენლობა იყო. საბედნიეროდ, ჩვენს ნაკრებში უკვე კონკურენცია იმდენად გაიზარდა, რომ თითქმის ყველა წონაში გვყავს ლიდერის ღირსეული შემცვლელი; ასევე საბედნიეროდ, ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობაც მოდის, ეს ფაქტორები კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და მაშინ შედეგიც გაცილებით მასშტაბური იქნება.

წყარო: lelo.ge

SHARE