ქართული ჭიდაობის საიდუმლო: რა ფარული კავშირი აქვს მას რელიგიასთან?

847

წარსულის მატიანე, ისევე, როგორც დღევანდელობის ისტორიული გააზრება, უდიდესი შემეცნებითი, აღმზრდელობითი, თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობისაა. ამიტომაც წინა ეპოქების ფიზიკური კულტურის ისტორიის შესწავლა აუცილებელია იმისთვისაც, რომ ფიზიკური აღზრდის სახალხო ფორმებში ადამიანთა ეთიკური და ესთეტიკური იდეალების, კაცობრიობის კულტურის გამოხატულებას პოულობ.

არაერთხელ გვითქვამს, ქართული ჭიდაობა სპორტის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სახეობაა. იგი საუკუნეების ქარტეხილებში, თავდასხმებსა და ბრძოლების ქარცეცხლში გამოწრთობილი ხალხის მიერ დახვეწილი ეროვნული საუნჯე და კულტურული მემკვიდრეობაა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველ მეომართა ბრძოლისუნარიანობის ამაღლებასა და ფიზიკურ წრთობაში, რადგან ეს არის მთელი სისტემა ბუნებაში, სულიერებასა და საზოგადოებაში ადამიანის ცხოველქმედობის ჰარმონიზაციისკენაა მიმართული.

ყველაზე უძველესი და უნივერსალური, რაც კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩასახულა, ეს არის ორთაბრძოლები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის – მისი სხეულისა და სულის სრულყოფილებისთვის იქმნებოდა.

ცნობილია, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლები, უმთავრესად, სულიერებაზეა დაფუძნებული. მათში გადაწყვეტილია სულიერი, ფილოსოფიური და ზნეობრივი საკითხები. ამიტომაც იაპონურში “დო” (კარატე-დო) და ჩინურში “დაო” გზას ნიშნავს, ადამიანის სულიერი სრულყოფილებისკენ სავალს.

სულითა ძლიერთა კაცთა გზა

ქართულ ჭიდაობაში, ვითარცა ადამიანში, ორი საწყისი იყრის თავს – ზეციური, ღვთიური, ანუ სული და მატერიალური – მიწიერი სხეული, ამიტომ მხოლოდ სხეულის წრთობით დიდ გამარჯვებას ვერ მიაღწევ. წარმატება სულისა და სხეულის ჰარმონიული განვითარებით არის შესაძლებელი.

რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე ლუციუს ანეუს სენეკა (ძვ. წ.აღ.4 – ახ. წ. აღ.65) უმცროს მეგობარ ფილოსოფოს ლუცილიუსს სწერდა: “ივარჯიშო იმისთვის, რომ ხელები გახდეს უფრო ღონიერი, მხრები – განიერი, გვერდები – ძლიერი, ამგვარი მეცადინეობა სულელურია და განათლებული ადამიანისთვის შეუფერებელი. რამდენიც უნდა დააგროვო ცხიმი და გაიზარდო კუნთები, სულერთია, ვერც წონითა და ვერც ძალით ნასუქ ხარს ვერ გაუტოლდები. თანაც სხეულის მასის ზრდა სულს ამძიმებს და მოძრაობის საშუალებას არ აძლევს მას. ამიტომ, რითაც შეგიძლია, სხეული შეზღუდე და სულისთვის ადგილი გამოათავისუფლე”.

ღვთაებრივი პლატონის “სახელმწიფოში” კი ვკითხულობთ: “ვფიქრობ, რომ ადამიანს როცა სხეული წესრიგში აქვს, არა მგონია, ის თავისი კეთილი თვისებებით საუკეთესო სულიერ მდგომარეობას იწვევდეს. მიმაჩნია, რომ პირიქითაა, კარგი სულიერი განწყობილება კეთილი თვისებებით სხეულის საუკეთესო მდგომარეობას განაპირობებს”.

ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ მე-10 საუკუნის ქართველი მწერალი გიორგი მერჩულე “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” ერთგვარი სიამაყით აცხადებს, სულით ძლიერთა კაცთა ხორცითა ძლიერ კაცთა სძლიესო, როცა აშოტ კურაპალატმა უძლურების ნიშნად თქვა: “ნეტარ მას კაცსა, ვინც ცოცხალ არღარა არსა”.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბრძოლო ხელოვნების ძირითადი პრინციპია – იმარჯვებს ძლიერი სული. ქართულმა ჭიდაობამ, რომლის ფილოსოფიაც ცხოვრების ფილოსოფიაა, ფიზიკური, სულიერი და გონებრივი განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია. მისთვის ზნეობის ნორმები და ამ ნორმების შესაბამისად ქცევა უმთავრესია. ეს მაშინ, როცა დასავლური ორთაბრძოლები, აქაური სკოლებისა და სტილების ერთგვარი აღორძინების მიუხედავად, ფილოსოფიური დოქტრინების დონეზე ვერ ამაღლდა. მეტიც, დასავლური სამყარო საუკუნეების განმავლობაში აგრესიული სტილის ორთაბრძოლების სამჭედლო იყო. დასტურად, შეგვიძლია დავასახელოთ რუსული სამბო, ელინური ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შემავალი პანკარტიონი ან გლადიატორების სისხლიანი ორთაბრძოლები.

ჩვენ ახლა მკაცრ ეპოქაში ვცხოვრობთ. პუბლიკას დღესაც უფრო მძაფრი პაექრობები უნდა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს თანამედროვე გლადიატორების დაპირისპირებას უყურებ. 1998 წელს კიევში საერთაშორისო ტურნირზე (ბრძოლა წესების გარეშე) ხარკოველმა ზოლოტარიოვმა ამერიკელ დუგლასს აჯობა, უბრალოდ, კი არ მოუგო, არამედ მოკლა იგი. არადა, შეეძლო ნოკაუტით დაკმაყოფილებულიყო. ქართულ ჭიდაობაში კი, ძლეული მეტოქისთვის ხელუხლებლობის პრინციპი რუსთაველის ეპოქში “ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოკლავ დაიყოვნეს” ფილოსოფიამდე რომ ამაღლდა, ასეთი რამ დაუშვებელია.

როგორც აღვნიშნეთ, ქართული ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რაზეც მეტყველებს მე-15 საუკუნეში ალავერდის ტაძრის კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც, რაც უნიკალური შემთხვევაა – ქართული ჭიდაობა წმინდანების დონეზეა აღზევებული. თუმცა მსოფლიოს ისტორიაში ეს არ არის იშვიათი გამონაკლისი, რადგან ჭიდაობის სცენები არის აღნუსხული უნგრული და რუსული ტაძრების კედლებზე, შუასაუკუნეების ინგლისისა და ისლანდიის ეკლესიების ბარელიეფებზე.

ალავერდის ფრესკაზე პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. ამასთანავე, მას იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს: წმინდანების გვერდით გამოსახვა მებრძოლებისთვის სტიმული უნდა ყოფილიყო სულიერი განწყობის, ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. მსგავსი შეჯიბრებები ხომ საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს და ეს რელიგიურ-ფილოსოფიური ბირთვი, რომელიც მორკინალს ღმერთის დონემდე სრულყოფილებისკენ ორიენტაციის საშუალებას აძლევდა, ქართულ ჭიდაობას დღემდე შემორჩა. ის სპორტის ამაღლებული, ვაჟკაცური სახეობაა, რომელიც ლაზათით, მიმზიდველობით, ფორმითა და შეჯიბრების წესებით არსებითად განსხვავდება სხვა ორთაბრძოლებისგან.

ქართული ჭიდაობისთვის დამახასიათებელია რაინდული სული: “კატეგორიულად მიუღებელია სარბიელიდან გაქცევა, ჭიდაობა მიმდინარეობს დგომში, იკრძალება წაქცეულ და დაჩოქილ მეტოქეზე შეტევა, მასზე მიწოლა ან გადაგორება, მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ჩატარება, შებოჭვა, ხელის მუცელში მიბჯენა, მაჯის, თითებისა და მკლავის მოგრეხა, ფეხებში ხელის წავლება, მოწინააღმდეგის განზრახ დაშავების მცდელობა. ქართული ჭიდაობა პირდაპირია – ხელი ხელს ებრძვის, ფეხი-ფეხს, თეძო-თეძოს. აქ გამორიცხულია მიპარვა ან მზაკვრული მოქმედება.

ფალავნები ჭიდაობის დაწყებისას მუდამ ერთმანეთის პირისპირ უნდა იდგნენ, თუკი ჭიდაობის პროცესისას რომელიმე დაეცემა, მეორე მოშორებით ელოდება მის წამოდგომას. ილეთები სრულდება მაღალ ტემპში, საჭიდაო მუსიკასთან ერთად, სწრაფად და ელვისებურად”.

მოკლედ რომ ვთქვათ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული ჭიდაობის წარმატების საიდუმლო სულის, გონისა და სხეულის ჰარმონიულ ერთიანობაშია. ამიტომაც არის ის ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულება. სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ იუნესკომ ქართული მრავალხმიანობის, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისა და ქართული ანბანის 3 სახეობის გვერდით, ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

კოსმოსური ჰანგები დედამიწაზე

ჩვენს ეროვნულ საუნჯეს არა მარტო აღმზრდელობითი და ეთიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ უდიდესი ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელიცაა. ესთეტიკა, მოგეხსენებათ, ბერძნული სიტყვაა და ფილოსოფიურ მოძღვრებას ნიშნავს, საერთოდ, მშვენიერების შესახებ. საუკუნეთა განმავლობაში ის მხოლოდ ხელოვნების სფეროთი შემოიფარგლებოდა. მაგრამ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათლეტებისა და მაყურებლებისთვისაც სპორტი ესთეტიკური სიამოვნებისთვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. სასპორტო ესთეტიკა ერთ-ერთი მსოფლმხედველობითი პრობლემაა.

ბოლო წლების გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ სპორტთან დაკავშირებულია ესთეტიკური მოვლენების ფართო სპექტრი. ამიტომ სასპორტო საქმიანობას უზარმაზარი ესთეტიკური პოტენციალი აქვს. ნიმუშად მირონის “ბადროსმტყორცნელიც” გამოდგება, რომ არაფერი ვთქვათ ნახერმოყრილ სარბიელზე დატრიალებულ ქართული ჭიდაობის ელვისებურ ფანდებზე, რომლებიც დასაბამიდანვე მუსიკის თანხლებით სრულდება.

ის ფაქტი, რომ მუსიკას ადამიანის არა მარტო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე შეუძლია უდიდესი ზემოქმედება, არამედ გარკვეული დოზით მის მსოფლმხედველობასა და იდეოლოგიასაც რომ აყალიბებს, ანტიკურ ეპოქაშიც იყო შემჩნეული. აი, მაგალითად, პითაგორე დარწმუნებული იყო, რომ “მიწიერი” მუსიკა სფეროების კოსმოსური ჰარმონიის გამოვლინებაა და ამ მიზეზით ამაღლებული “ადამიანური” მუსიკის ჟღერადობას შეუძლია ადამიანის შინაგან სამყაროში ისეთივე ჰარმონიული წესრიგი დაამყაროს, როგორსაც “მსოფლიო მუსიკა” ქმნის კოსმოსში.

არისტოტელე მუსიკის ეთიკური ზემოქმედების ფენომენს ხსნიდა იმ ვითარებით, რომ მუსიკის სულიერ საფუძველში დევს “ზნეობრივი მდგომარეობის ჩანასახები”. “მელოდია შეიცავს მოძრაობას, ეს მოძრაობები აქტიურია, ქმედებები კი ეთიკური თვისებების ნიშანთა არსია. მუსიკას სულის ეთიკურ მხარეზე გარკვეული ზემოქმედება შეუძლია”.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრები ქართული ჭიდაობის ილეთებს რომ ხვეწდნენ, უპირველესად, მოხერხებულობასთან ერთად, სილამაზეზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ცხადია, ამ მიზანს ემსახურებოდა ქართული საჭიდაო მუსიკაც, რომელიც ხელს უწყობდა “ზნეობრივი მდგომარეობის ჩანასახების” სამზეოზე წარმოჩენას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ჭიდაობაში ორთაბრძოლა და კულტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ქართული ჭიდაობის მუსიკა საკუთრივ სპორტის ამ სახეობისთვის არის ოდითგანვე შექმნილი. მისი სამშობლო ქართლ-კახეთია. ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა რევაზ ლაღიძემ ქართულ საჭიდაოზე სიმფონიური ორკესტრისთვის ნაწარმოები შექმნა. ამით მან, ქართველ ერს შემოუნახა საკუთრივ ჭიდაობისთვის შექმნილი მელოდია, რომ წლების შემდეგ რომელიმე სხვა ტომის შვილებს მასზე პრეტენზია არ გამოეთქვათ.

წყარო: lelo.ge

SHARE