ყველაზე სკანდალური მატჩი საბჭოეთში: კავკასიელებო თქვენი დედა…

772

ვიდრე ამ პუბლიკაციას გადაიკითხავდეთ, გაეცანით პუბლიკაციას, რომელიც 1954 წელს “დინამოსა” და “სპარტაკის დაპირისპირებას ეხება:

ამ სტატიაში მხოლოდ გაკვრით წერია 1953 წლის ამბებზე, არადა, ყველაფრის თავი და თავი ეს ამბავი იყო. 1953 წლის 4 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი შედგა, რომლის ანალოგიც საფეხურთო ისტორიებში არ მოიძებნება.
მანამდე ერთი უცნაური ამბავი მოხდა. თბილისელების მთავარი მწვრთნელი, მიხეილ იაკუშინი საკავშირო სპორტსაზოგადოება “დინამოს” გადაწყეტილებით, მოსკოვში სასწრაფოდ გამოიძახეს და მოსკოვის “დინამოში” დანიშნეს.
იაკუშინის წასვლის შემდეგ, თბილისის “დინამო” ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ბორის პაიჭაძეს ჩააბარეს, რომელიც საქართველოში უზომო ავტორიტეტით სარგებლობდა.

3 სექტემბრის მდგომარეობით, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურებოდა:
თ    ქ
1. “დინამო” თბილისი    19  27
2. “სპარტაკი” მოსკოვი   18  27
3. “დინამო” მოსკოვი     18  22
4. “ზენიტი” ლენინგ.      19  21
5. “ტორპედო” მოსკოვი  18  21

თბილისის “დინამომ” მოსკოვში “ტორპედო” 2:1 დაამარცხა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე სტადიონზე გამოაცხადეს – “მოსკოვის “სპარტაკმა” თამაში წააგო, ჩემპიონები ქართველები გახდნენ”.

ტორპედოელებთან გამარჯვების მერე, დინამოელებს 20 თამაშში 29 ქულა უგროვდებოდათ (მაშინ მოგებაზე 2 ქულა იყო). ლენინგრადის “ზენიტმა” ჩემპიონობაზე დაგეშილ მოსკოვის “სპარტაკს” მოუგო და “ოქროს მატჩში” მონაწილეობისათვის “სპარტაკს” ბოლო ტურში კუიბიშეველებთან გამარჯვება სჭირდებოდა.

კავკასიელებო, თქვენი დედა…

4 სექტემბერს თბილისელებისა და მოსკოვის “ტორპედოს” მატჩი მოსკოვის “დინამოს” სტადიონზე გაიმართა. მე-14 წუთზე ანგარიში იური ვარდიმიადიმ გახსნა – 0:1. მე-19 წუთზე გიორგი ანთაძემ “დინამოს” უპირატესობა სოლიდური გახადა – 0:2. ვალენტინ ივანოვმა 71-ე წუთზე მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და “დინამომ” 2:1 გაიმარჯვა.

მაგრამ თამაშის ბოლოსკენ მოსკოველი გულშემატკივარი უკონტროლო გახდა და ტრიბუნებიდან ანტიქართული შეძახილები დაიწყო – “კავკასიელებო, თქვენი დედა”. მსაჯს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ. ფინალური სასტვენის მერე რამდემე ასეული მაყურებელი მინდორზე გადმოხტა და მოთამაშეებმა და მსაჯებმა თავი გასახდელს შეაფარეს.
“ტორპედოს” ფორვარდი ვალენტინ ივანოვი იხსენებდა: “ჩვენ მოვასწარით და მსაჯი ჩვენს გასახდელში გადავმალეთ”.

ხულიგანი გულშემატკივრების მცდელობა, შეეღწიათ თბილისელთა გასახდელში, მილიციამ ადვილად აღკვეთა. როდესაც ვითარება დაწყნარდა, კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და მთავარმა მსაჯმა მატჩის ოქმი შეავსეს, მას ხელი მოაწერეს და ამის შემდეგ სტადიონი დატოვეს.

თბილისელებმა პირველობა გასახდელში იზეიმეს და სასტუმროში დასასვენებლად დაბრუნდნენ, მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, ეს მატჩი უნდა გადათამაშებულიყო, რადგან “ტორპედომ” მსაჯობის შეცდომების გამო საჩივარი შეიტანა და ანგარიში გააპროტესტა.

მიხეილ იაკუშინი: დინამომ სამართლიანად გაიმარჯვა

მას შემდეგ, რაც მატჩის ოქმს მსაჯებმა, მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ხელი მოაწერეს, “ტორპედოს” მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა ეს არაობიექტური მსაჯობა გააპროტესტა.

სად და როდის დააფიქსირა, უცნობია, რადგან თამაშის მერე ეს ან სხვა სახის პრეტენზია მატჩის ოქმში არ დაფიქსირებულა. პირიქით, მეტოქეებმა ერთმანეთს ხელი გაუწოდეს და ასე დაშორდნენ.

მოვლენები საოცარი სისწრაფით შეიცვალა. ტორპედოელთა ფორვარდები ივანოვი და ზოლოტოვი გაოგნებულან, როცა საღამოს პროტესტისა და მეორე დღეს თბილისელებთან ჩასატარებელი გადათამაშების შესახებ შეიტყვეს.

აი, რას ყვება მიხეილ იაკუშინი: “გადამწყვეტ მატჩს მაყურებლის როლში ვუყურებდი. თბილისელებმა სუფთად და სამართლიანად მოიგეს 2:1. თამაშის ბოლოს გამოვარდნენ ხულიგანი მაყურებლები, რომლებიც მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატანდნენ, შეაღწიეს ტრიბუნის ქვეშ მდებარე შენობაში და უწესოდ მოქცევა გააგრძელეს. როგორც წესი, ამის გამო, წაგებას მასპინძელ გუნდს ჩაუთვლიდნენ. მაგრამ მოულოდნელად გამოაჩინეს “ტორპედოს” პროტესტი, ვითომ მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. წესით, ეს საკითხი არც უნდა განხილულიყო, მაგრამ მაინც მატჩის გადათამაშება გადაწყვიტეს. ეს დიდი უსამართლობა იყო”.

ყველაზე სკანდალური და პოლიტიკურად მოტივირებული მატჩი საბჭოეთში

4 სექტემბრის მატჩით დინამოელები ჩემპიონები ვერ ხდებოდნენ, თუმცა “ოქროს მატჩში” მონაწილეობას ინაღდებდნენ. ჩვენებზე ამ გადაწყვეტილებამ საშინლად იმოქმედა – ისინი განადგურებულნი იყვნენ.

დინამოელები მომხდარმა ისეთ დათრგუნა, რომ საბრძოლველად ვერ განეწყვნენ, გადათამაშებაში “ტორპედოსთან” 1:4 წააგეს, რაშიც მიკერძოებულმა მსაჯობამაც თავისი როლი ითამაშა, “სპარტაკმა” კი ბოლო, 11 სექტემბრის მატჩში გაიმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.

ყველაზე სკანდალური საბჭოთა მატჩი ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ასე მონათლა – “მკვლელობა” პეტროვსკის პარკში” (მოსკოვის “დინამოს” სტადიონი პეტროვსკის პარკში მდებარეობს) – რომლის ანალოგიც საბჭოთა ფეხბურთში არ არსებობდა”.

იგივე ჟურნალისტი წერს: “საბჭოთა ხელისუფებას არ სურდა, სტალინის გარდაცვალების წელს ჩემპიონი თბილისის “დინამო” გამხდარიყო, რადგან ქართული ნაციონალიზმის გამოვლენის ეშინოდათ”.

ეს არ ნიშნავს, რომ “სპარტაკს” გაჩემპიონებაში დაეხმარნენ, ალბათ, უფრო თბილისელებს შეუშალეს ხელი, ან მკაცრად დასაჯეს. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები ამტკიცებენ, როდესაც თბილისის “დინამოს” შესაძლო ჩემპიონობის ამბავი წითელი იმპერიის მაშინდელ მმართველს, ხრუშჩოვს შეატყობინეს, უზომოდ აღშფოთდა. ამით სსრ კავშირის ჩემპიონატში მოსკოვური კლუბების ჰეგემონიის დასრულდებოდა და თანაც, თბილისის “დინამოს” მიერ?! ის ამას ვერ შეეგუებოდა, რადგან “დინამოს” ბერიას პირმშოდ მიიჩნევდა და ცხადია, დინამოელთა ჩემპიონობაც ლავრენტის წარმატებასთან გაიგივდებოდა.

თბილისელებს ოქროს მედლები 1953 წელს დააკარგვინეს, როცა სტალინი გარდაიცვალა და ხელისუფლებაში ხრუშჩოვი მოვიდა. “დინამომ” უმაღლესი სინჯის მედლები 1964 წლის შემოდგომაზე მოიპოვეს – ერთი თვის მერე, როცა ხრუშჩოვი თანამდებობიდან მოხსნეს. განგებამ ეს ორი გუნდი. “დინამო” და “ტორპედო” ერთმანეთს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ “ოქროს მატჩში”, 1964 წელს შეახვედრა. დინამოელებმა მოსკოველებს ვალი დაუბრუნეს და იმავე ანგარიშით ძლიეს, რა ანგარიშითაც 11 წლის წინანდელი უსამართლო მატჩი დათმეს (4:1), იმპერიის ჩემპიონობა კი პირველად იზეიმეს.

წყარო: lelo.ge

SHARE