შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

461

„ბორჯღალოსნების“ ყოფილმა კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა და იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უძღოდა წინ.

„სანაკრებო კარიერა პირველ რიგში ასაკის გამო დავასრულე. უკვე 36 წლის ვარ, თუმცა მომდევნო ორი წლის მანძილზე საკლუბო დონეზე თამაშს ვაპირებ. წესით, ბოლო შეხვედრა რუსეთის წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ კარიერას პორტუგალიასთან გამარჯვებით ვასრულებ. უნდა ვთქვა, რომ ასაკი ერთადერთი მიზეზი არ არის, რომლის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე – ამის მოტივაცია ქართულ რაგბიში არსებულმა მდგომარეობამაც მომცა. მინდა გვერდში დავუდგე ქართველ კაპიტნებს, ადამიანებს, რომლებიც დამხვდნენ გუნდში, როდესაც მივედი და გადმომცეს ის ღირებულებები, რომლებზეც ქართული რაგბი დგას. ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მაჩხანელი, ილია ზედგენიძე, დავით ზირაქაშვილი – ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, ძალიან ვრცელია. სანამ ნაკრებში ვიყავი, ღიად ამ პროცესებში ვერ ჩავერთვებოდი, თუმცა ახლა მსურს დავაფიქსირო, რომ სწორედ იმ კაპიტნებს ვუდგავარ გვერდში, რომლებსაც ქართული რაგბისთვის ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული.“- განაცხადა სუთიაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საკლუბო კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას და ქართული რაგბის განვითარებაში ჩართვას, ვეტერანმა „ბორჯღალოსანმა“ ასე უპასუხა:

„მე მუდამ ვიქნები ქართული რაგბის უპირველესი კრიტიკოსი და ამავდროულად უდიდესი გულშემატკივარი. არ ვგეგმავ სამწვრთნელო, ან ორგანიზაციულ საქმიანობაში ჩართვას, მაგრამ ყოველთვის ვიქნები ქართული რაგბის სამსახურში“.

შეგახსენებთ, რომ შალვა სუთიაშვილს სანაკრებო დებიუტი 2005 წლის 12 ნოემბერს, ჩილეს წინაღმდეგ ჰქონდა. მან „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 82 მატჩი ჩაატარა და აქედან თხუთმეტში გუნდს უკაპიტნა. საგულისხმოა ისიც, რომ სუთიაშვილის კაპიტნობისას საქართველოს ნაკრებს არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.  იგი 2015 წლიდან ფრანგული „პროდ2“-ს კლუბ ანგულემში ასპარეზობს.

SHARE