შოთა ჩოჩიშვილი: ლევან თედიაშვილის თანდასწრებით ვუთხარი მათ, ვინც გარიგებას მთავაზობდა – 9 აპრილის შემდეგ საქართველოში გლოვაა და…

1559

ფუტკრის სკასავით მოზუზუნე “ბასკეტბოლ ჰალე” წამით გაშეშდა – ასეთ სასწაულს არავინ ელოდა.
მერე ისევ იხუვლა დარბაზმა და მქუხარე ტაშით შეეგება ლეგენდის დაბადებას.

ეს მოხდა 1972 წლის 1 სექტემბერს მიუნხენში. ახალგაზრდა ფალავანმა შოთა ჩოჩიშვილმა ქართული “ბრუნით” ისე დაანარცხა ტატამზე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფუმიო სასახარა, რომ წამოდგომა გაუჭირდა, არადა, ხუთიოდე წუთით ადრე, სარბიელზე გასვლის წინ, ფოტოჟურნალისტები სახეგაბადრულ იაპონელს შემოხვეოდნენ, რათა დროულად მიეწოდებინათ თავიანთი გამოცემებისთვის ქვემძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონის სურათები.

ბრუნი ქართველთა გასახარად

წილისყრისას მეორე წრეში შოთა ჩოჩიშვილს სასახარა რომ შეხვდა, საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების შეშფოთებულ მთავარ მწვრთნელს ვლადლენ ანდრეევს კოლეგებისთვის უთქვამს – რაღა მაინცდამაინც სასახარა?!
არც არის გასაკვირი. ანდრეევი ხომ ჯიუტად მოითხოვდა ნაკრებში ჩოჩიშვილის მიწვევას, საბჭოთა სპორტის მამები კი გამოცდილ ევგენი სოლოდუხინს ამჯობინებდნენ, არადა, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ფალავანმა, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც კი არ ყოფილა, იოლად სძლია ტიტულოვან მეტოქეს. ანდრეევმა და საქართველოს მაშინდელი სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძემ თავისი გაიტანეს. ამიტომაც გულში გაკეწლა სასახარასთან დაპირისპირებამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რადგან მეორე წრეში, თუნდაც ოლიმპიური თამაშების ფავორიტთან მარცხისთვის, ვინ იცის, რა შარს მოსდებდნენ.

ანდრეევი, რომელიც შვილივით უყურებდა შოთას, რატომღაც ღრმად იყო დარწმუნებული ქართველი ძიუდოისტის წარმატებაში. ერთხელ, მორიგი წვრთნის შემდეგ, ნაკრების წევრებისთვის უთქვამს, თუ იცით, რომ თქვენ გვერდით მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი ზისო.

რამდენიმე წლის წინათ ჩემთან საუბრისას ვეტერანმა სპორტსმენმა გივი ცქიტიშვილმა ასეთი ამბავი გაიხსენა: მიუნხენის ოლიმპიადის წინ სპორტსაზოგადოება ბურევესტნიკის რესპუბლიკურ საბჭოს ვხელმძღვანელობდი.

ერთ დღეს მდივან-მემანქანე ქალბატონი მეუბნება, მოსაცდელში შოთა ჩოჩიშვილი გელოდებათო. კინაღამ შევიშალე: კაცი გერმანიაში მგონია და ის კი თურმე აქ არის. რა მოხდა-მეთქი, რომ ვკითხე, მიუნხენში წაყვანაზე უარი მითხრესო, მიპასუხა. მაშინვე გიორგი სიხარულიძეს დავურეკე. ამ ღვთისნიერმა კაცმა ოც წუთში ყველაფერი მოაგვარა. შოთა იმავე საღამოს მოსკოვში დაბრუნდა. ოლიმპიადაზე კი ყველას დაუმტკიცა, რომ ბადალი არ ჰყავდა…

– მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე კისრის არეში ტრავმა მივიღე. გერმანიაში ჩემი გამგზავრება ექიმებმა სათუოდ მიიჩნიეს, – მითხრა ერთხელ შოთა ჩოჩიშვილმა. – ერთადერთი ვლადლენ ანდრეევი იყო შეუვალი – იჭიდავებ და ჩემპიონიც გახდებიო, მარწმუნებდა. 1962 წელს ანზორ კიკნაძემაც მიიღო ტრავმა, ორი კვირის შემდეგ გერმანულ ესენში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, მიუნხენის ოლიმპიადაზე კი შენი ჯერიაო. ისე იყო დაჯერებული ჩემს გამარჯვებაში, რომ მეც გამამხნევა, რწმენა და ენერგია შემმატა…

ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებთან ქართველი ფალავნის ნაცნობობა ოლიმპიადამდე ორი წლით ადრე დაიწყო – ჯერ ინგლისში, სადაც საერთაშორისო ტურნირზე ჩოჩიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა, მერე კი პოლონეთში ნაკამურას 32 წამში სძლია და იქაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მიუნხენში სასახარასთან შეხვედრამდე მოთელვაც ვერ მოასწრო, რადგან პირველ წრეში ავადმყოფობის გამო კორეელი ჩჟო დუ იუნგი არ გამოუცხადდა. სამაგიეროდ, მომდევნო წრეში იაპონელის უძლეველობის მითი (სასახარას მანამდე მეტოქეებთან ორთაბრძოლებში ქულაც არ ჰქონია დაკარული) დაასამარა და თავად შეუდგა ოლიმპისკენ მიმავალ გზას. მესამე წრეში ინგლისელი დევიდ სტარბრუკი გადაეღობა. ბრიტანელი სპორტსმენი ლეგენდის მძლეველთან ღია პაექრობას მოერიდა – თავად არ ჭიდაობდა და შოთასაც არ აძლევდა ამის საშუალებას. თანაც მაშინ კოკა და იუკო არ იყო, ვაზარის აღება კი ასეთ სიტუაციაში შეუძლებელი აღმოჩნდა. ექვსწუთიანი ძიძგილაობა უშედეგოდ დამთავრდა. ხუთიდან სამმა არბიტრმა სტარბრუკს მისცა უპირატესობა. ინგლისელი ნახევარფინალში გავიდა და ჩოჩიშვილი დამამშვიდებელ ჯგუფში გაიყოლია, სადაც ჩვენებურმა წუთსა და 37 წამში სძლია ფრანგ პიერ ალბერტინის, ორწუთ-ნახევარში დაამარცხა ამერიკელი ჯეიმს უოლი, სამოცდახუთი წამი მოანდომა აღრიალებული “ბასკეტბალ ჰალეს” ჩაჩუმებას ალემანთა კერპის – პაულ ბარტის დამარცხებით.

ფინალში ისევ სტარბრუკს დაუპირისპირდა. ღვლეველმა (ქარელის რაიონი) ფალავანმა ამჯერად შანსი ხელიდან არ გაუშვა. იგი გახდა არა მარტო საბჭოთა, არამედ პირველი ევროპელი მოჭიდავე, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ნამდვილ იაპონურ ქვემძიმე წონაში მოიპოვა. ამომავალი მზის ქვეყნის თეთრკიმონოიანთა მთავარ მწვრთნელს, მეცხრე დანის მფლობელ შოხეი ხამანოს ანდრეევისთვის გამარჯვება მიულოცავს და ძიუდოში ახალი ერა იწყებაო, უთქვამს.
მაგნიტოფონი და დაკარგული ოქროები

მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ შოთა ჩოჩიშვილმა მრავალ შეჯიბრებაში მიაღწია წარმატებას. ევროპის სამგზის ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. საკავშირო პირველობებზე ორ-ორჯერ “ვერცხლი” და “ბრინჯაო” დაიმსახურა. ავთანდილ გიორგობიანის წიგნში (“შოთა ჩოჩიშვილი”) სახელოვანი ძიუდოისტი ანზორ ქიბროწაშვილი საინტერესო ამბავს იხსენებს: “ბელგიაში სტუდენტთა მსოფლიოს პირველობაზე, სადაც მსაჯად ვიყავი მიწვეული, ჩოჩიშვილმა პირველი შეხვედრა მოულოდნელად წააგო. უგუნებოდ შეიქმნა და ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. ჩვენმა თხოვნამ ვერ გაჭრა.

ოთახში ჩუმად ვისხედით. ამ დროს კარი გაიღო, ბელგიელი ქართველი ოთხმეზური შემოვიდა, მოგვესალმა და პატარა მაგნიტოფონი ჩართო. ოთახში მუსიკის ჰანგები დაიღვარა. ხმის ამოუღებლად მოვისმინეთ ბუბა კიკაბიძის “კაცი ვარ და ქუდი მხურავს”… სიმღერა რომ ჩამთავრდა, შოთამ მეორედ ჩართო მაგნიტოფონი, ბოლომდე მოუსმინა, მერე უხმოდ წამოდგა და სავარჯიშოდ გავიდა. ოთხი შეხვედრა იპონით მოიგო, თანაც იაპონელი მეტოქე ტატამიდან ხელით გაიტანეს. ჩოჩიშვილს ბრინჯაო ხვდა. რა ვიცოდით, თორემ უფრო ადრე ჩავრთავდით მაგნიტოფონს. უეჭველი “ოქრო” დავკარგეთ”.

იაპონელ ძიუდოისტებთან ქართველი მოჭიდავის ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე ბატონი შოთა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს. ჯერ იუგოსლავი რადომირ კოვაჩევიჩი დაამარცხა ვაზარით, მერე ჩეხოსლოვაკიელ ვლადიმირ ნოვაკს “კოკა” აართვა. ნახევარფინალში ხარუკი უემურას დაუპირისპირდა. ექვსწუთიანი ორთაბრძოლის შემდეგ შეხვედრის ბედი ჰანტეიმ გადაწყვიტა – მსაჯებმა უპირატესობა იაპონელს მიანიჭეს და ქართველ ფალავანს ჩემპიონობის მეორედ მოპოვების შანსი დააკარგვინეს. ბრინჯაოსთვის პაექრობაში ჩოჩიშვილმა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ ჟან ლიუკ რუჟეს სძლია.

1981 წელს ოლიმპიური ჩემპიონი აქტიური სპორტიდან გააცილეს, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესისა და თეთრი კიმონოსთვის არასდროს უღალატია. უტატამოდ ვერ ძლებდა და ხშირად მიაკითხავდა დარბაზს, სადაც მისი ვაჟი რამაზი ვარჯიშობდა (მამის ტრადიციების გამგრძელებელმა საერთაშორისო სარბიელზეც ისახელა თავი – ევროპის ჩემპიონატებზე სამჯერ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა). თავადაც ჯანზე გრძნობდა თავს, ამიტომ 1989 წელს სიამოვნებით მიიღო პროფესიონალი მოჭიდავის – ანტონიო ინოკის გამოწვევა, რომელიც მანამდე თვით მუჰამედ ალისაც კი დაუპირისპირდა.
ინოკისთან ორთაბრძოლის ეპიზოდები შოთა ჩოჩიშვილმა თავად მიამბო გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა გორში ჩავედი მოსანახულებლად.

ინოკი, კეტჩი და ცრემლი

– იაპონელებმა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში მიგვიპატიჟეს, სადაც მოულოდნელად 50 რეპორტიორის პირისპირ აღმოვჩნდი, ამგვარ სიტუაციაში გამოწვევაზე უარს ხომ არ ვიტყოდი, ოღონდ ერთი პირობა წამოვაყენე – ძიუდოს წესებით ვიჭიდავებ-მეთქი. ნაგოიასა და იოკამაში ვუყურე პროფესიონალთა ჭიდაობას. ინოკიმ ორი შეხვედრა მოიგო. უამრავი მაყურებელი ესწრებოდა, იმის მიუხედავად, რომ ბილეთები 500 დოლარამდე ღირდა. სამი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვივარჯიშე. ორთაბრძოლა 1989 წლის 24 აპრილს გაიმართა.

შეხვედრის წინ მატჩის ორგანიზატორები მოვიდნენ ჩემთან და საუბარში შეპარვით მაგრძნობინეს, რომ იაპონელთა კერპის დამარცხება უხერხული იქნებოდა. ასე ვთქვათ, ერთგვარ გარიგებას მთავაზობდნენ. კიდევ კარგი, რომ მაშინ ჩემ გვერდით იდგა ჭიდაობის ლეგენდა ლევან თედიაშვილი. მისი თანდასწრებით ვუთხარი მასპინძლებს – 9 აპრილის შემდეგ საქართველოში გლოვაა და ჩემი წაგება მორალურად გაუმართლებელი იქნება-მეთქი. პრესა და ტელევიზია მართლაც ფართოდ აშუქებდა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას. მასპინძლებს ხმა არ ამოუღიათ, ცივად გამშორდნენ…

შეხვედრა გაიმართა სტადიონზე, სადაც ბეისბოლის მატჩები ეწყობა. ორთაბრძოლის საყურებლად 54 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ხუთი სამწუთიანი რაუნდი დაინიშნა. ჩოჩიშვილი ძიუდოს, ინოკი კი კეტჩის წესებით იბრძოდა – დარტყმაც შეეძლო, მტკივნეული ილეთის ჩატარებაც და ჭიდაობაც. ქომაგები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავიანთ კერპს. ტრიბუნების გამაყრუებელი ღრიალი შორეულ სივრცეში იკარგებოდა. ტატამზე კი ქანცგამოლეული სპორტსმენები ამღვრეული თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს. მეხუთე რაუნდი ახალი დაწყებული იყო, ჩოჩიშვილმა თავის საყვარელ ილეთზე – ბრუნზე მესამედ რომ წამოიკიდა მეტოქე და ბეჭებით დააბერტყა ტატამზე. მოღრიალე ტრიბუნები ჩაჩუმდნენ. ინოკიმ ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო. ეს გამარჯვება იყო, დიდი გამარჯვება ქართული ფენომენისა…

ქომაგები ცრემლმორეული ტოვებდნენ ტრიბუნებს. ტიროდა ინოკიც. წარმატების სიხარულს არ იმჩნევდა ქართველი ვაჟკაცი, რომლის ფიქრებიც იმ დროს რუსის ნიჩბებით დაჩეხილ საქართველოს დასტრიალებდა…

ღვაწლი და ამაგი დაუფასეს სახელოვან ძიუდოისტს – თბილისში მისი სახელობის ძიუდოს აკადემია გაიხსნა. დიდი ჩემპიონი მადლიერი იყო იმ ადამიანების, რომლებმაც მომავალ თაობებს ეს ტაძარი შეუქმნეს. აკადემიის დაარსებაში თავისი წვლილი იაპონელებმაც შეიტანეს.

ქველმოქმედება თვით შოთა ჩოჩიშვილისთვისაც არ ყოფილა უცხო. ვინ იცის, რამდენ ადამიანს დახმარებია. თანასოფლელებს კი ყველაზე მეტად ის დაამახსოვრდათ, რომ ღვლევში შეაკეთებინა ძველი საყდარი, რომლის ერთ კედელზე ასეთი წარწერაა ამოკვეთილი: ?ე ცოდვილმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობა ძიუდოში, შოთა ჩოჩიშვილმა სოფლის თანადგომით აღვადგინე და მოვახატვინე მშობლიური სოფლის ღვთისმშობლის ბაზილიკა. დიდება შენდა, უფალო, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 1998 წლის მკათათვე. სწორედ ამ საყდრის ეზოში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი ქართული სპორტისთვის დამაშვრალმა დიდმა ფალავანმა, რომელიც 59 წლისა 2009 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა.

დღეს შოთა ჩოჩიშვილს 70 წელი შეუსრულდებოდა.

წყარო: lelo.ge

SHARE