შოთა ჩოჩიშვილი – პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში

922

დღეს, 10 ივლისს ლეგენდარული ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილი 69 წლისა გახდებოდა.

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს ვასილ ბალახაძის წიგნიდან “გორის დარბაზებიდან ოლიმპიურ თამაშებზე”.

“მიუნხენის ოლიმპიადა შოთა ჩოჩიშვილის კარიერის საკვანძო ეპიზოდიც იყო და იმავდროულად მწვერვალიც. 21 წლის გორელი ფალავანი მეტეორივით შეიჭრა მსოფლიო ძიუდოს სამყაროში და თავისი სახელი სამარადჟამოდ დატოვა.

შოთა პირველობას თავიდანვე მიეჩვია. ის იყო პირველი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ კი ასევე პირველი გახდა იმავე სივრციდან ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების მიხედვით.

ჩოჩიშვილზე საუბრისას პირველ ყოვლისა ყველა აღნიშნავს მის საჭიდაო სტილს, რომელსაც სპეციალისტები სანახაობრივს და მრავალფეროვანს უწოდებენ. სწორედ ამით დაიპყრო გორში დაოსტატებულმა ღვლეველმა (ქარელის რ-ნი) ფალავანმა ჭიდაობის გულშემატკივართა გულები.

მისი ფესვები ქართული ჭიდაობიდან მოდიოდა და ამიტომ ორჯერ ქართული ჭიდაობის აბსოლუტურ ფალავნობაზეც ყველა ქართველი მოჭიდავისთვის ძვირფასი ტიტული – აბსოლუტური ფალავანის წოდება მოიპოვა.

ჩოჩიშვილის გამარჯვება მიუნჰენში სასახარასთან სენსაციათა კატეგორიას მიაკუთვნეს. სენსაციად ჩაითვალა ოლიმპიური ჩემპიონობაც, მაგრამ იქვე, მისი საჭიდაო სტილის და პოტენციალის გაანალიზებისას ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ძიუდოისტის ტრიუმფი სულაც არ ყოფილა არალოგიკური. ამასთან, რათქმა უნდა ძნელია სერიოზულად ისაუბროს ადამიანმა ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული საბოლოო გამარჯვების არალოგიკურობაზე.

თანდაყოლილი ნიჭი, რომელიც ჩოჩიშვილს სხვებისგან გამოარჩევდა გორის ჭიდაობის დარბაზში დღეს უკვე სახელოვან, მაშინ კი ახალგაზრდა სპეცილისტთან გურამ პაპიტაშვილთან გამომჟღავნდა. პერსპექტიულ ჭაბუკს საკავშირო ნაკრებისკენ რომ გაეხსნა გზა და შეკრებაზე მიიწვიეს, პაპიტაშვილმა ნაკრების თავკაცს ვლადლენ ანდრეევს წერილი მისწერა, რომელიც თავად შოთასვე გაატანა. წერილში ის ანდრეევს ატყობინებდა შოთას რთული ხასიათის შესახებ, რითაც გარკვეულწილად აზღვევდა მოჭიდავეს რუს მწვრთნელთან ურთიერთობის დასაწყისშივე.

ჩოჩიშვილის ხასიათის სირთულეზე სხვებიც საუბრობდნენ, მაგრამ მისი სპორტული კარიერისას ბრწყინვალე საჭიდაო სტილის შემდეგ ყველაზე მეტად თვალშისაცემი უფრო შოთას უიღბლობა გახლდათ. დავიწყოთ იმით, რომ სამი წელიწადი ჩოჩიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადიოდა და მერე იქ ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ პაექრობას აგებდა. სამი ხელმოცარული ფინალის შემდეგ უკვე საკავშირო ნაკრებთან ერთად წააგო ფინალური დაპირისპირება გუნდურ შეჯიბრებაში. ერთხელ მსოფლიო უნივერსიადის ფინალში გასულსაც მოეცარა ხელი. მხოლოდ სპორტსმენმა იცის რაოდენ ძნელია ასეთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებების ფინალში გასვლა და აგრეთვე მხოლოდ სპორტსმენი მიხვდება ზედმიწევნით, თუ რაოდენ ძნელია ზედიზედ ამდენჯერ მწვერვალზე დასადგომად ერთადერთ ნაბიჯში მყოფს ფეხის დაცდენა!

შოთა დიდი ფალავანი იყო, მაგრამ ბედის ნებიერი არ ყოფილა. ალბათ, ამიტომაც ასე ადრე წავიდა სამარადჟამო სასუფეველში. ფალავანი ხშირად ქველმოქმედებდა, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა მატერიალურად და თავის მშობლიურ სოფელში ტაძარიც ააგო. ყველაფრით ერთად, ნაადრევად გარდაცვლილმა შოთამ დიდი სახელი დატოვა.”

წყარო: lelo.ge

SHARE