ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება

646
ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩს, დღეს, 23 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგრადში გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი – სერბეთის ნაკრები იქნება.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბელგრადში ბოლოს ზუსტად 2 წლის წინ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ითამაშა და სერბეთთან, ანგარიშით 87:105 დამარცხდა. დღეს ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ ბალკანელებს იგორ კოკოშკოვი გაუძღვება, რომლის სახელსაც საქართველოს ყველაზე დიდი წარმატებები უკავშირდება.
კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში წვრთნიდა და ჯერ B დივიზიონიდან A-ში აღაზევა, 2011, 2013 და 2015 წლებში კი ზედიზედ სამჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. პირველ და მესამე ევრობასკეტზე საქართველომ ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. კოკოშკოვის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი გამოდგა და ის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ლიტვასთან შედგა. ქართველები მატჩის დიდი ნაწილი უგებდნენ ბალტიელებს, თუმცა ბოლო წუთზე მომავალმა ფინალისტმა ლიტველებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 84:80.

კოკოშკოვი სლოვენიელებმა მიიწვიეს და ეს ქვეყანა 2017 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც სერბმა სპეციალისტმა NBA-ს გუნდის, “ფინიქს სანსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. ამის შემდეგ განსაკუთრებული საკალათბურთო ამბიციების მქონე სერბებმა კოკოშკოვს საკუთარ სამშობლოში დაუძახეს და ეროვნული გუნდი ჩააბარეს. კოკოშკოვის სადებიუტო მატჩში, 3 დღის წინ, სერბეთმა ფინეთი სტუმრად გაანადგურა, საქართველომ კი თბილისში შვეიცარიას ოვერტაიმში მოიგო.

საქართველო, როგორც ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი მასპინძელი, საკვალიფიკაციო ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობს. ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტის საგზური მოპოვებული აქვს და ამ ეტაპზე მთავარი მიზანი გუნდის მომზადება, შეთამაშება და ახალგაზრდებისთვის სანაკრებო კარის გახსნაა. შვეიცარიასთან 3 მოთამაშის სანაკრებო დებიუტი შედგა და სავარაუდოდ, ისინი დღეს, სერბეთთანაც საკმარისად ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზში გუშინ საღამოს გენერალური ვარჯიში ჩაატარა. ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები დეტალურად უხსნიდნენ მოთამაშეებს თითოეულ კომბინაციას და თითოეულ მათგანს კონკრეტულ დავალებას აძლევდნენ. ვარჯიშმა მთლიანობაში თითქმის 2 საათი გასტანა. ვარჯიშს დაესწრო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე, რომელიც ბელგრადში ქართველების საქომაგოდ კლუბ “არისის” წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.

თამაშის დღეს საქართველოს ნაკრები არ ივარჯიშებს, რადგან ადგილობრივი დროით მატჩი საკმაოდ ადრე – 17:00 საათზეა დანიშნული. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას 20:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი დღეს შემოგთავაზებთ.
წყარო: sportall.ge
SHARE