ძმები სხვადასხვა დროშის ქვეშ… ერის მოღალატე და არანაირი სინანული

347

კრისტიან ვიერი და  მასიმილიანო ვიერი

კრისტიან ვიერი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. იყო დრო, ის „სკუადრა აძურას“ ლიდერთაგანი გახლდათ. მის განუმეორებელ საგოლე ალღოს დღესაც დანანებით იხსენებენ იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები…

მისი ძმაც, მასიმილიანო ვიერიც, თავდამსხმელი გახლდათ. დაბალ იტალიურ ლიგებში მან არაერთი გუნდი მოიარა. მაქსმა 4 მატჩი ჩაატარა ავსტრალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

ტიმ კეჰილი და კრის კეჰილი

ტიმ კეჰილს გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ის წლების განმავლობაში იყო ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი.

კარგი იყო ტიმის საკლუბო კარიერაც – წლების განმავლობაში გახლდათ „ევერტონის“ ლიდერი. ტიმის ძმა კი, კრისი, სამოას ნაკრებში თამაშობდა. ის გაცილებით სუსტი ფეხბურთელი იყო, ვიდრე მისი ძმა. საინტერესოა, რომ კეჰილების მთელი სანათესაო რაგბის თამაშობს და რამდენიმე მათგანმა ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის მაისურაც კი მოირგო.

ტიაგო ალკანტარა და რაფინია ალკანტარა

„ბარსელონას“ აკადემიის ორი აღზრდილი. ტიაგო ალკანტარა ძალიან  ფასეული ფეხბურთელია მიუნხენის „ბაიერნისთვის“. მან ესპანეთის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავს.

რაც შეეხება „სელტაში“ მოთამაშე რაფინია ალკანტარას, მან ესპანეთს ბრაზილიის ნაკრები არჩია. არადა, ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები. ფეხბურთელის თქმით, ის არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას. ეგაა, „სელესაოში“ ის აღარავის სჭირდება.

ლუის სუარესი და პაოლო სუარესი

ლუის სუარესის გარეშე „ბარსელონასა“ და ურუგვაის ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია. ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ ლუისს ჰყავს უფროსი ძმა, პაოლო, რომელმაც სალვადორის ნაკრებში ითამაშა.

1980 წელს დაბადებული ფეხბურთელი ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. მას იქ 1999 წელს უხმეს. იმის შემდეგ ურუგვაის მთავარ გუნდში ვერ მოხვდა და სალვადორის მოქალაქეობა მიიღო.

პოლ პოგბა, მატიას პოგბა და ფლორან პოგბა

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრანგეთის ნაკრების ლიდერია. ის წარმოშობით გვინეიდანაა. სწორედ ამ ქვეყნის სახელით თამაში აირჩიეს მისმა ძმებმა – ფლორან და მატიას პოგბებმა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამ ორს საფრანგეთის ნაკრებში თამაშის შანსი არ ჰქონდა.

ჟერომ ბოატენგი და კევინ-პრინს ბოატენგი

ყველაზე გახმაურებული სანაკრებო ისტორია ძმების მონაწილეობით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დედმამიშვილები თავიანთი არჩევანის გამო ერთმანეთს დაემდურნენ. კევინმა, გაიგო რა, რომ მისმა ძმამ გერმანიის დროშის ქვეშ არჩია თამაში, მას მოღალატე უწოდა.

თავად კი, განის ნაკრებში თამაში რომ შესთავაზეს, უკვე ჰქონდა გერმანიის პირველ გუნდში დამკვიდრების შანსი. სხვა საქმეა, რომ ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის არასტაბილურობის გამო, ის ბუნდესნაკრებში დიდხანს ვერ გაძლებდა.

კევინის საქციელმა განაში დიდი აღტაცება გამოიწვია და ლამის ეროვნულ გმირადაც შერაცხეს, ჟერომი კი პირიქით – ახლაც „ერის მოღალატეა“.

წყარო: lelo.ge

SHARE