წყალბურთი. ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე ქართველთა მეტოქეები გაირკვა

386

ჰოლანდიურ როტერდამში 22-29 მარტს წყალბურთელ ვაჟთა 2020 წლის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება, რომელშიც 12 გუნდი სამი საგზურისთვის იბრძოლებს. დღეს ლოზანაში (შვეიცარია) ამ გუნდების წილისყრა გაიმართა. ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ:

А ჯგუფი: საქართველო, აზია (1), კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი

B ჯგუფი: ხორვატია, ჰოლანდია, აზია (2), რუსეთი, გერმანია, არგენტინა

წრიული სისტემით გამართული ორთაბრძოლების შემდეგ თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა. იქ გუნდები ასეთი პრინციპით დაწყვილდებიან: A1-B4, A2-B3, A3-B2, A4-B1. გამარჯვებულები ნახევარფინალში ითამაშებენ. იქ მოგებულები ტოკიოს საგზურებს დაეუფლებიან, წაგებულები კი მესამე ლიცენზიისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

– წილისყრით კმაყოფილი ვარ, – გვითხრა საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ. – А ჯგუფში მონტენეგრო და საბერძნეთი ფავორიტები არიან, დანარჩენ ოთხ გუნდს კი მეოთხედფინალში გასვლის მეტნაკლები შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია ჯგუფში მე-3 ადგილის დაკავება, რომ შემდეგ B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდეთ…

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს თამაშებში მონაწილე 12-დან რვა ნაკრების ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან: ავსტრალია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, სერბეთი, სამხრეთი აფრიკა, ესპანეთი და აშშ.

წყარო: lelo.ge

SHARE