ხაშურში სუპერ მატჩი გაიმართება

430

29 იანვარს, ხაშურის სპორტკომპლექსში საკალათბურთო სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩი”, ეგრეთ წოდებული ALL STAR-ი  გაიმართება. ერთმანეთს ადგილობრივი კალათბურთელებისგან და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება, ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები დაასახელებენ.

ადგილობრივების გუნდს გია კაზანჯიანი (“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – მუჰამედ ტაჩი (თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი). “ყველა ვარსკვლავის მატჩის” ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.

სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: საბა ლობჯანიძე (რუსთავი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი ვახანია (ვერა) და ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი).

რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

სასტარტო ხუთეულების გამოკითხვა საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებგვერდზე იწარმოებს superleague.ge/allstar/vote.
ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეს დღეში ერთხელ შეეძლება ორივე გუნდის ხუთეულის საკუთარ ვერსიას მისცეს ხმა. გამოკითხვა 18 იანვარს დაიწყო და 27 იანვარს, 22:00 საათზე დასრულდება.
“ყველა ვარსკვლავის” მატჩი-აქცია ხაშურის დარბაზში 29 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.
წყარო: sportall.ge
SHARE