ჯანო ანანიძემ ანორთოსისთან კონტრაქტი გააფორმა

301

ჯანო ანანიძემ “ანორთოსისთან” კონტრაქტი გააფორმა, კლუბთან, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ხოლო გუნდში საქართველოს ნაკრების 4 წევრი (გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა) თამაშობს.

“სპარტაკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ 27 წლის ანანიძე თავისუფალი აგენტი გახდა. “ანორთოსისში” მისთვის შინაური გარემოა და ფორმაში შესასვლელად (ქეცბაიას ხელში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება) ეს საუკეთესო ვარიანტია. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

ამ ეტაპზე ასე ჯობია, დანარჩენიც სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, ჯანო ფორმაში იყოს მარტის ბოლოს გასამართი ეპოქალური დაპირისპირებისთვის, რომელშიც საქართველოს ბელარუსს უმასპინძლებს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჯანომ “ანორთოსისის” პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვედი. ძლიერ მსურდა სხვა ლიგაში, კონკურენტულ გარემოში ყოფნა და აქ სწორედ ასეთი გარემოა, გუნდიც შესანიშნავია. ასე რომ, მადლობას ვუხდი კლუბს და განსაკუთრებით მწვრთნელს, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა. თემურ ქეცბაია მელაპარაკა გუნდის მიზნებზე, საფეხბურთო ფილოსოფიაზე… ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, კარიერა აქ გამეგრძელებინა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მათ შორის, რუსეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდანაც, ავირჩიე “ანორთოსისი” და ამით ძალიან ბედნიერი ვარ…

სხვა მიზეზი? მთავარი მიზეზი იყო ქეცბაია. ადრე კვიპროსში “სპარტაკთან” ერთად ვყოფილვარ მოსამზადებელ პერიოდში. ასე რომ, ბევრი რამ ვიცი ამ ქვეყნის, აქაური კლიმატის, ხალხის, ზოგადად ცხოვრებისა და სამზარეულოს შესახებ. “ანორთოსისი” სრულად შეესაბამება ჩემს მიზნებსა და ამბიციებს. ძალიან მინდა აქ ტიტულის მოგება და ვპირდები გულშემატკივარს, რომ ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები”.

წყარო: lelo.ge

SHARE