2021 წლის ევრობასკეტის ერთერთი მასპინელი საქართველო იქნება!

438

ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლები საქართველო, ჩეხეთი, გერმანია და იტალია იქნებიან. ეს, დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ცერემონიაზე გახდა ცნობილი, სადაც ხსენებული ქვეყნების გარდა, მიზნისთვის ესტონეთი, უნგრეთი და სლოვენიაც იბრძოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ერთბაშად ოთხ ქვეყანაში ჩატარება ფიბა-ევროპას მიერ დამკვიდრებული ბოლოდროინდელი ტრადიცია გახლავთ. 2015 წელს ტურნირს ხორვატიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ლატვიამ უმასპინძლეს, 2017-ში კი – ფინეთმა, ისრაელმა, რუმინეთმა და თურქეთმა.

ამჯერად, შეჯიბრის მიღების წინასწარი სურვილი ცამეტმა ქვეყანამ გამოთქვა, მოთხოვნების დაკმაყოფილება შვიდმა მოახერხა, საბოლოოდ კი, საუკეთესო ოთხეული შეირჩა.

საბედნიეროდ, დღეს რჩეულთა შორის საქართველოც მოხვდა, ამდენად, მალევე უკვე დაპროექტებული სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2021 წლის აგვისტოში ევრობასკეტის 5 მონაწილეს უმასპინძლებს.
ცხადია, მათ საქართველოს ნაკრები დაემატება და თბილისში ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები ჩატარდება. ჯგუფის 6 მონაწილიდან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა.

ვთქვათ ისიც, რომ ევროპასკეტის მასპინძელი 4 ქვეყნის ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებს არ ითამაშებს და ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაიშვება.

ევროპის პირველობის წინასწარი ვადები 17-29 აგვისტოთი გახლავთ განსაზღვრული.

წყარო: worldsport.ge

SHARE