25 წელი ერიკ კანტონას სახელგანთქმული დარტყმიდან

62

„ასეთი საქციელისთვის მას ერთი ადგილი უნდა მოაჭრა. მაგრამ, ჯანდაბა, მის ადგილას მეც ვერ მოვითმენდი!“ – დიადმა მწვრთნელმა ბრაიან კლაფმა ძალიან ზუსტად გადმოსცა ბრიტანული საზოგადოების განწყობა 1995 წლის თებერვალში „კრისტალ პალასის“ გულშემატკივარზე ერიკ კანტონას სახელგანთქმული თავდასხმისა და კუნგ-ფუს ილეთის შემდეგ. ფანების ნაწილი წყევლიდა მეამბოხე ფრანგს, მეორე ნაწილს ეზიზღებოდა პროვოკატორი ფანი. „გულშემატკივართან ეპიზოდში ერიკის ერთადერთი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ მან დარტყმა შეწყვიტა“, – ამბობდა The Independent-ის ჟურნალისტი რიჩარდ უილიამსი.

ლონდონში გამგზავრებამდე და „კრისტალ პალასთან“ იმ სკანდალურ მატჩამდე, კანტონამ „ოლდ ტრაფორდზე“ ლიდერი „ბლექბერნი“ დასაჯა და საჩემპიონო რბოლაში ლიდერობა დაიბრუნა. „არწივების“ წინააღმდეგ მატჩს უნდა გაემყარებინა ალექს ფერგიუსონის გუნდის წარმატებული განწყობა, მაგრამ ყველაფერი ძალიან ცუდად აეწყო მინდორზე შავი ფორმით გასული მანჩესტერელებისთვის. ლიგაში დასარჩენად მებრძოლი „პალასის“ ფეხბურთელებმა ტაფგაების რეჟიმი ჩართეს და მთელი მატჩი ფეხებში უმოწყალოდ ურტყამდნენ სტუმრებს. განსაკუთრებით მონდომებული იყო ცენტრალური მცველი რიჩარდ შოუ, რომელიც პერსონალურად მეურვეობდა კანტონას.

მეფე ერიკს პირველივე ბინძური თამაშის შემდეგ მოეშალა ნერვები. ფრანგმა ჩხუბი დაუწყო ზედმეტად ლიბერალურ არბიტრს, შეაგინა მეტოქეებს და ერთ ადგილას გაუშვა თანაგუნდელები, რომლებიც მის დაწყნარებას ცდილობდნენ. შესვენებაზე ფერგიუსონი მკაცრად დაელაპარაკა ერიკს, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა. 56-ე წუთზე კანტონა შოუს ეუხეშა, პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, მაისურის საყელო აიწია და ტრიბუნების გასწვრივ ამაყი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.

ფერგიუსონმა კარგად იცოდა ფრანგის ფეთქებადი ხასიათის შესახებ: „ნიმის“ რიგებში თამაშისას, ერიკმა ბურთი ესროლა მსაჯს და ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. „მარსელში“ მხოლოდ წინდახედულმა პირადმა მცველმა გადაარჩინა კლუბის მეპატრონე ბერნარ ტაპი ცემას, ხოლო საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ანრი მიშელის მისამართით სიტყვები – „ნეხვის ტომარა“, ერთწლიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა. 1991 წელს, ერიკმა ფსიქოთერაპევტსაც კი მიმართა, ამიტომაც, „კრისტალ პალასთან“ მატჩში გაძევებისთანავე, ფერგიმ ფორვარდს თავის დამხმარე ნორმან დევისი მიუჩინა.

გვირაბამდე რამდენიმე მეტრით ადრე, კანტონამ ტრიბუნებიდან გაიგონა: „წაეთრიე შენს საფრანგეთში, დამპალო ნაძირალავ! წაეთრიე, გესმის, იდიოტო?!“ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები ლონდონელთა 20 წლის ფანმა მეტიუ სიმონსმა ისროლა, რომელიც ამისთვის სპეციალურად დაეშვა მეცხრე რიგიდან პირველამდე. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, კანტონას ამაზე უარესი წყევლა გაუგონია, მაგრამ ყოველთვის იკავებდა თავს. ამჯერად, ვერ მოითმინა: გაექანა, სარეკლამო ბარიერს გადაახტა და გულშემატკივარს ფეხი ღვიძლში უთავაზა, შემდეგ კი სახეში ხელი დაუმატა.

სრული განადგურებისგან სიმონსი დევისმა, პოლ ინსმა და პეტერ შმაიხელმა იხსნეს, რომლებმაც დროულად შეძლეს რეაგირება და განრისხებული ერიკი გასახდელისკენ წაათრიეს. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ინციდენტი არ მოხვედრილა პირდაპირ ტრანსლაციაში და ფერგიუსონიც კი დეტალებში მხოლოდ დილის ხუთ საათზე გაერკვა, როცა დაძინება ვერ შეძლო და 1:1 დასრულებული მატჩის ეპიზოდებს სწავლობდა.

ერიკის მრისხანების შემოტევამ მძლავრი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ რეპუტაციას, არამედ „იუნაიტედის“ აქტივებსაც – მომდევნო დღეს, საფონდო ბირჟაზე კლუბის აქციები 12 პროცენტით დაეცა. კლუბისა და ფერგიუსონის პირველი გადაწყვეტილება გახდა – კონტრაქტის დაუყოვნებლივ გაწყვეტა. აუცილებლად ასე მოხდებოდა, გუნდის მწვრთნელი რომ არ დაეწყნარებინა მის მეუღლეს კეტის, რომელსაც ფერგიუსონი ყოველთვის უსმენდა. მან დაიყოლია ალექსი, რომ გუნდის ლიდერის გაძევება კარგს არაფერს მოუტანდა „იუნაიტედს“ და უმჯობესი იქნებოდა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით შემოფარგლულიყო.

ფერგი ასეც მოიქცა – დაარწმუნა ხელმძღვანელობა, კანტონა 20 ათასი ფუნტით დაეჯარიმებინათ და დაესაჯათ სეზონის ბოლომდე. ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომისიამ ერიკის ხელფასს კიდევ 10 ათასი ჩამოაკლო და სექტემბრამდე აუკრძალა ნებისმიერ დონეზე ფეხბურთის თამაში. ფორვარდს არასდროს არავისთვის ბოდიში არ მოეხადა და ამჯერადაც არ უგრძვნია თავი დამნაშავედ. „ბოდიშს ვიხდი კლუბის, მენეჯერის, თანაგუნდელების, არბიტრის და ყველას მიმართ, ვისთანაც ერთხელ მაინც გადავკვეთილვარ ცხოვრებაში. კიდევ ბოდიშს ვუხდი იმ მეძავს, რომელიც გუშინ ჩემს საწოლში იყო“, – ერიკმა ცინიკურად დაანახა ყველას თავისი მონანიების სიღრმე.

ერთი თვის შემდეგ, სასამართლომ კანტონას ორი კვირით პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც ადვოკატის მონდომებით 120-საათიანი საზოგადოებრივი შრომით შეიცვალა. ამ დროის დიდი ნაწილი ერიკმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიაში ბავშვებთან მეცადინეობაში გაატარა. ჟურნალისტებმა მასზე ნადირობა გამოაცხადეს, ამიტომაც ფორვარდი მარკ ჰიუზის ცარიელ სახლში გადავიდა. ჟურნალისტების კრიტიკას მშვიდად იღებდა, მაგრამ ერთხელ თავი ვერ შეიკავა:

გულშემატკივართან ინციდენტიდან ორი კვირის თავზე, ის გვადელუპეში ისვენებდა, როცა პლაჟზე ტელეარხ ITN-ის ჟურნალისტები გამოჩდნენ და კანტონა ფეხმძიმე ცოლთან ერთად გადაიღეს. ერიკმა მათ იქაურობის დატოვება უბრძანა და უარის შემდეგ, კუნგ-ფუს ის ცნობილი ილეთი გამოიყენა, რომლითაც გულშემატკივარს გაუსწროდა. კარიბის კუნძულის პოლიციელებმა ფეხბურთელი დაიცვეს, ჟურნალისტებს გადაღებული მასალა ჩამოართვეს და კანტონას გადასცეს.

ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას საერთოდ არ შეუწუხებია ფრანგი. ერიკმა, როგორც იქნა, შეძლო თავისი თავი მიეძღვნა საკუთარი ცხოვრების მთავარი საქმისთვის – ხელოვნებისთვის. ბავშვობაში ის მამის სამხატვრო სახელოსნოში იკარგებოდა, რომელმაც მომავალ ფეხბურთელს ხატვა ასწავლა და ეს გატაცება მას სამუდამოდ დარჩა. კანტონა ქმნიდა ნახატებს, ისწავლა საყვირზე დაკვრა და ჩაეწერა მსახიობის ოსტატობის კურსებზე. 1995 წელს, ერიკმა რაგბისტის ეპიზოდური როლი ითამაშა კომედიაში. კინომ ისე მოხიბლა, რომ მიხვდა – რას გააკეთებდა ფეხბურთის შემდეგ.

„გულშემატკივრის დარტყმის მომენტი – ეს არის დრამა, რომელშიც თავს ვგრძნობ მსახიობად. არასოდეს მინდოდა სხვაზე მაგარი გამოვჩენილიყავი. მინდოდა მხოლოდ ისე მოვქცეულიყავი, როგორც მინდოდა. თუ მინდა ფანს დავარტყა, მე ამას ვაკეთებ. სულ ეს არის. რაც უფრო მეტ ხანს ცოცხლობ, მით უკეთ გესმის, რომ ცხოვრება – ცირკია, ფეხბურთი კი ხელოვნება“, – აღიარა კანტონამ.

„სელჰარსტ პარკზე“ მომხდარი დრამის მეორე მონაწილე სიმონსი დიდი ხანი არ დამტკბარა დიდებით. გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ კანტონასთან კონფლიქტის მომენტში, ბიჭს პირობითი პატიმრობა ჰქონდა ავტოგასამართავ სადგურზე ქურდობის გამო. „იუნაიტედის“ ფანებმა გაარკვიეს, სად ცხოვრობდა ტროლი და მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს – მომდევნო ხუთი წელი მეტიუს ბებიის სახლის სარდაფში ეძინა და პრობლემები ჰქონდა სამუშაოს ძიებისას.

ერიკის დაკარგვამ იმოქმედა 1994-95 წლების სეზონის საჩემპიონო რბოლაზე – ალან შირერმა 34 გოლი გაიტანა და დაეხმარა „ბლექბერნს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთი ქულით გასწრებაში. ტიტულის დაკარგვამ დაარწმუნა ფერგიუსონი – სერიოზულად გადაეხალისებინა „იუნაიტედის“ დაბერებული შემადგენლობა. ზაფხულში მან გაყიდა კანჩელსკისი, ჰიუზი და ინსი და შემადგენლობაში შეიყვანა ბექჰემი, სქოულზი და კლუბის აკადემიის სხვა აღზრდილები. მაგრამ ახალი მძლავრი იმპულსისთვის მწვრთნელს სჭირდებოდა კანტონას ქარიზმის ადამიანი. ამიტომაც გაფრინდა პარიზში და გადააფიქრებინა ფრანგს „ინტერში“ გადასვლა.

ფერგიუსონი მართალი აღმოჩნდა – ფეხბურთს მონატრებულმა ფორვარდმა ორი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გუნდი ორ ჩემპიონობამდე მიიყვანა. კლუბის ახალგაზრობა მისგან მაგალითს იღებდა და სწრაფად პროგრესირებდა, ხოლო, როცა ერიკმა მათი ძალა იგრძნო, ყოველგვარი სინანულის გარეშე, 30 წლის ასაკში გამოეთხოვა სპორტს. „წავედი ფეხბურთიდან, როცა მივხვდი, რომ უკვე აღარ შემეძლო უკეთ თამაში. ამასთან, ერთდროულად გაქრა თამაშისადმი ვნება. ის ჩნდება ერთდროულად პროგრესისადმი მისწრაფებასთან ერთად“, – იხსენებდა ფეხბურთელი.

კანტონა ფეხბურთიდან წავიდა მწვერვალზე – აღმაფრენის დაკარგვის გამო. თეატრალური სცენა და კინოში გადაღებები მისთვის თვითგამოხატვის უფრო მისაღები მოედანი აღმოჩნდა.

წყარო: lelo.ge

SHARE