„34 წელია, რაც ამ საქმეში ვარ და ასეთი არაფერი მინახავს!“

429

საქართველოს ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა Walla! Sports-ს ინტერვიუში დაუდასტურა, რომ მან წინადადება ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ჰოლონისგან (ისრაელი) მიიღო. მან განაცხადა, რომ ახლაც არ იცის, რა მიზეზით გაუშვეს ის ბერძნული პერისტერიდან.

“არაფრით არ მოველოდი, რომ ხელმძღვანელობა მეტყოდა, გათავისუფლებული ხარო. 34 წელია, რაც ამ საქმეში ვარ და ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე ტრავმირებული იყო, გუნდი კარგად თამაშობდა. ვერ ამიხსნეს რეალურად, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის ეს ყველაფერი მისტერიად დარჩა.

ლაპარაკი ხელფასამდე არ მისულა, თუმცა ვფიქრობ, ეს პრობლემა არ იქნებოდა – საქმე ისაა, რომ ვითხოვდი, ჩემი ასისტენტების მიყვანას. ჯერ ერთი, რომ მათ ჩემეული ტაქტიკა კარგად იციან, მეორეც, როცა საქართველოს ნაკრებში ვარ, გუნდი მათ განკარუგლებაში იქნებოდა და მეც მშვიდად ვიქნებოდი.ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის, ისევ საბერძნეთში მწვრთნელობა. ჰოლონიდან ჯერ კიდევ ზაფხულში შემეხმიანნენ. ჩვენ შეხვედრაც გვქონდა, მაგრამ მენეჯმენტმა გადაწყვიტა შარონ დრუკერის დანიშვნა, მე კი პერისტერისთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი. გასულ კვირას ისინი ისევ შემეხმიანნენ და მკითხეს, რა აზრის ვიყავი ჰოლონის გაწვრთნაზე. ვფიქრობ, რომ არ გადავალ ამ გუნდში.

სხვათა შორის, ზაფხულშიც იგივე მოთხოვნა მქონდა და მაშინ დამთანხმდნენ, ახლა კი უარზე იყვნენ. მესმის, რომ მათ მწვრთნელი შუა სეზონში გაუშვეს და ხელფასი უნდა უხადონ, ამ პირობებში ახალი მწვრთნელის მოსვლა საკუთარ გუნდთან ერთად დიდი ხარჯია, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის ასისტენტები ბევრს ნიშნავს.

ჰოლონის ამბიციები მომწონს და სიამოვნებით დავთანხმდებოდი წინადადებაზე, მაგრამ ახლა ალბათ, ჩემი დრო არ იყო. ბოლოს 4 დღის წინ ვილაპარაკეთ და იმის შემდეგ სიჩუმეა. ორი სხვა კლუბიც მეპატიჟება, სულ მალე ახალ სამსახურში მიხილავთ”.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებთან ერთად პარალელურ რეჟიმში ბერძნულ პერისტერის წვრთნიდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ის გუნდიდან გაუშვა, რადგან “კლუბის სტრატეგიული ხედვა”, ზუროსისას არ ემთხვეოდა.

წყარო: popsport.ge

SHARE