ინტერვიუ ჰაკუჰოსთან – ვიცი, რომ საქართველოში კოკაი იმყოფება…

85

სუმო უძველესი სპორტის სახეობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თანამედროვე სუმოს მაყურებლები განსაკუთრებული შესაძლებლობით არიან დაჯილდოებულები, ვინაიდან ჩვენს ეპოქაში ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სუმოისტი – მონღოლი და აწ უკვე იაპონელი თეთრი ფენიქსი, იოკოძუნა ჰაკუჰო ასპარეზობს. 

მოქმედი სუმოისტებიდან ჰაკუჰო რომ უკლებლივ ყველა სუმოისტისათვის მთავარი ბარიერია, ამაზე კამათიც კი არ შეიძლება. მათ შორის არიან ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი, რომელსაც თეთრი ფენიქსის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ოფიციალური გამარჯვება აქვს და თეიმურაზ ჯუღელი, ანუ გაგამარუ, რომელსაც ჰაკუჰოს დამარცხება არასოდეს უზეიმია.

ჰაკუჰო: "დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი" 1

Live.ge დაუკავშირდა ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან სუმოისტს, იოკოძუნა ჰაკუჰოს, რომელმაც ქართულ მედიასაშუალებას, ისტორიაში პირველად მისცა ინტერვიუ. მართალია, დიდი ჩემპიონი ენაწყლიანობით არ გამოირჩევა, თუმცა რამდენიმე შეკითხვაზე საინტერესო პასუხი მივიღეთ.

ჰაკუჰო: "დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი" 2

პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუზე თანხმობისათვის. დავიწყოთ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით: მოგეხსენებათ, რომ მოახლოვდა წლის მეორე სუმოს სუპერტურნირი – ჰარუ ბაშო. როგორია თქვენი მოლოდინი ტურნირზე და ზოგადად, რას იტყოდით მარტის ბაშოს შესახებ?

ჩემი კარიერის განმავლობაში პირველად ხდება ასეთი რამ, როდესაც ბაშო მაყურებლის გარეშე ტარდება, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უცნაურია და ცოტათი მაშინებს კიდეც, ვინაიდან ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, რომ მარტის ბაშოს მთავარი ინტრიგა ასანოიამას უკავშირდება – გახდება თუ არა ის ოძეკი?! ამაზე პასუხს უამრავი სუმოს ქომაგი ელოდება.

 

ჰაკუჰო: "დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი" 3

როგორია თქვენი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაქვთ თუ არა სრული ფიზიკური მზადყოფნა?

რაც შემეხება მე, საკუთარ თავზე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრ და რთულ ტრავმებთან მომიწია ბრძოლა. რაც მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვფიქრობ, რომ ჰარუ ბაშოს კარგად მომზადებული ვხვდები. ტურნირის მოგებაზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ამისათვის მაქსიმუმს გავაკეთებ. 

 

ჰაკუჰო: "დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი" 4

ვინ არის თანამედროვე სუმოში თქვენი რჩეული მებრძოლი?

ამ კითხვაზე ერთპიროვნული პასუხი მაქვს, ეს არის ენჰო! 

 

ჰაკუჰო: "დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი" 5

ახლა კი თქვენი კარიერის შესახებ – იაპონურ პრესაში და არამხოლოდ, გავრცელდა ხმები, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავთ, არის თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლე?

ამჟამად ოლიმპიადა ჩემი მთავარი სამიზნეა.  (*შენიშვნა – იოკოძუნა ჰაკუჰომ აღნიშნულ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გაგვცა, წინასწარ ცნობილი ინფორმაციით იგი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას)  

 

ჰაკუჰო: "დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი" 6

ჩვენს ქვეყანაში სუმო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამ ყველაფერს კი საფუძველი ქართველმა სუმოისტებმა ჩაუყარეს, განსაკუთრებით ჩვენი თანამემამულეები სუმოთი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი აღმართა. რას გვეტყვით ტოჩინოშინის შესახებ?  

ვფიქრობ, რომ როგორც იაპონელი მაყურებელი აღიარებს ტოჩინოშინის შეუპოვარ სულს, არცერთ სუმოს გულშემატკივარს არ აქვს უფლება, რომ მასში ეს თვისება ვერ დაინახოს. თქვენი ქვეყნის ერთგულმა წარმომადგენელმა უამრავი და უმძიმესი ტრავმები გადაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ახლაც აწუხებს. ჩემი პირადი აზრია, რომ ტოჩინოშინი გამოჯანმრთელების შემდეგ საკუთარ თავს კვლავ მაღალ დონეზე წარმოაჩენს.

 

ჰაკუჰო: "დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი" 7

და ბოლოს, კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას ხომ არ გეგმავთ?

ვიცი, რომ საქართველოში ამჟამად ყოფილი სუმოისტი კოკაი იმყოფება – მან და მე კარიერა ფაქტობრივად ერთდროულად დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი და მასაც აუცილებლად შევხვდები.

წყარო: live.ge

SHARE