US Open ჩატარდება, ჩოგბურთელები გამკაცრებულ პირობებში იცხოვრებენ…

883

ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციამ, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორია, გამოაცხადა, რომ ვაშინგტონის მამაკაცთა ტურნირის გაუქმება გავლენას ვერ მოახდენს „დიდი სლემის“ ამერიკული ჩემპიონატის ჩატარებაზე.

ვაშინგტონის ტურნირი, რომლითაც 14 აგვისტოს უნდა განახლებულიყო მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონი, საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეებისა და აშშ-ის რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გააუქმეს.

„ასოციაციაში ესმით ვაშინგტონის ტურნირის გაუქმების საფუძველი. ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს აშშ-ის ღიაზე და ნიუ იორკის ტურნირზე. ჩვენ შევქმნით უსაფრთხო გარემოს მოთამაშეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ამ ტურნირის ორგანიზებაში“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნიუ იორკში „მასტერსი“ 22 აგვისტოს უნდა დაიწყოს, აშშ-ის ღია პირველობა – 31 აგვისტოს.

ამასობაში, ცნობილი გახდა ამერიკის ღია პირველობის დროს ნიუ იორკში ჩოგბურთელთა ცხოვრების პირობები.

ჩოგბურთელები ვალდებული იქნებიან წინასწარ შერჩეული ორი სასტუმროდან ერთ-ერთში გაჩერდნენ: Long Island Marriott-ში ან Garden City-ში. თითოეულ მონაწილეს შეეძლება მაქსიმუმ ორი ნომრის აღება – ერთის თანხას გადაიხდის ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაცია, მეორეს – თავად ჩოგბურთელი. ყველა მონაწილე ვალდებულია ხელი მოაწეროს პრეტენზიებზე უარის თქმის დოკუმენტს.

ყველა სპორტსმენს ამერიკაში ჩასვლისთანავე კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ. ჩოგბურთელები ტესტების პასუხების მიღებამდე, ნომრებში უნდა დარჩნენ. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებათ მათ აშშ-ის ღიას კორტებზე გასვლის საშუალება. მეორე ტესტირება ჩატარდება სასტუმროში დაბინავებიდან 48 საათის შემდეგ.

გარდა ამისა, ჩოგბურთელთა საერთო მდგომარეობასა და სხეულის ტემპერატურას ყოველდღიურად შეამოწმებენ. და კიდევ, მოთამაშეები ვალდებული იქნებიან ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია ყველგან, მატჩებისა და ვარჯიშების გარდა.

წყარო: lelo.ge

SHARE