(ვიდეო) თვითმხილველის მოგონებები – ნანატრი ქართული ოქრო და 2004 წლის 18 აგვისტოს გახარებული საქართველო!

1347

„ოლიმპიკ ჩამპიონ ზურაბ ზვიადაური!“ – დიქტორი ქალბატონის მჭექარე ხმას მაყურებელთა მქუხარე ოვაცია მოჰყვა. „ანო ლიოსიას“ ოლიმპიური სპორტის სასახლის ექვსი ათასამდე გულშემატკივრით გადაჭედილი ტრიბუნები ერთიანად ფეხზე წამოიმართა. დარბაზში ქართული ხუთჯვრიანი დროშა აფრიალდა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა.

თვალწინ 2004 წლის 3 აგვისტოს მზიანი დილა დამიდგა. სეოკ-ის მუზეუმში ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ საპატრიარქოსკენ გავეშურეთ უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევის მისაღებად.

დილიდანვე მოწმენდილი ცა საპატრიარქოში მისვლისთანავე მოიქუფრა, ბარჩხალა მზეს შავი ღრუბელი გადაეფარა, მერე იელვა, იქუხა და თავსხმა წვიმა წამოვიდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა აღავლინა და სპორტსმენებს მიმართა:

– თქვენი წარმატება საქართველოს და ქართველ ხალხს სჭირდება, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ძალა და ენერგია არ დაიშუროთ, რომ სამშობლოს გამარჯვებული დაუბრუნდეთ. ეს თავსხმა წვიმა, რომელმაც თბილისს გადაუარა, არის ნიშანი ქართველ ოლიმპიელთა ზეციური კურთხევისა. დარწმუნებული ვარ, უფლის მადლით გაძლიერებული ჩვენი სპორტსმენები ათენში გვასახელებენ….

ის-ის იყო, ილია მეორემ ოლიმპიელების დალოცვა დაამთავრა, რომ გადაიკარა და ცას ცისარტყელა გადაეკრა…

უეინი, ოღონდ არა გრეცკი

12 აგვისტოს ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან სპორტსმენები ოლიმპიურ სოფელში წაიყვანეს. რამდენიმე ჟურნალისტი ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გზას დაადგა, ხოლო ერთმა ნაწილმა (მათ შორის მეც ვიყავი) მედიასოფელ აგიოს ანდრეასში (წმინდა ანდრია) დაიდო ბინა – პრესცენტრიდან 30-40 წუთის სავალზე. პოლიციელებითა და ჯარისკაცებით დაცულ კოტეჯებში გაგვანაწილეს.

ის იყო, შენობაში შევედი, რომ ხმაურზე გვერდითი ოთახიდან ჟღალთმიანმა მეზობელმა გამოიხედა. ხელის აწევით მომესალმა – კანადელი ტელეჟურნალისტი ვარ, უეინი მქვიაო. უცებ ვერაფერი მოვიფიქრე და მწირი ინგლისურით გრეტსკის თუ იცნობ-მეთქი, ვკითხე, თითქოს მეგობარი ყოფილიყოს. კანადელს სახე გაებადრა – ჰოკეის ფანი ყოფილა და ტრეკრუნორის მთელი შემადგენლობა ჩამომითვალა. მერე სადაურობა მკითხა. ვინაობა რომ შეიტყო, ამერიკელიო, გაიკვირვა (ეტყობა, ჩემი ინგლისური ეუცხოვა). არა, კავკასიის ჯორჯიიდან-მეთქი, ვუთხარი…

რადგანაც ჩემი უცხო ენის მარაგი ამით ამოიწურა და გვერდითაც არავინ მყავდა დამკვალიანებელი, ერთმანეთს დავშორდით. საკუთარ თავზე გაბრაზებული, საწოლზე ჩამოვჯექი – მესწავლა ეს ოხერი ინგლისური, რა იქნებოდა. უცებ გონებაში ერთი ჭაბუკობისდროინდელი ეპიზოდი ამოტივტივდა: სკოლის დამთავრების შემდეგ ბათუმში ჩავედი ნათესავებთან. მწვანე კონცხიდან ქალაქის ცენტრამდე მიმავალ ავტობუსს გავყევი. სალონში სიხალვათე იყო.

ძალიან ცხელოდა. წინა რიგში ფანჯარასთან მკერდმოღიავებული ქერათმიანი გოგონა იჯდა. კაბის კალთა ძლივს უფარავდა პერანგის ამხანაგს. იმ გოგონას გვერდით დავჯექი. ქურდულად შევათვალიერე. გოგონამ ჩემი მზერა დაიჭირა, გამიღიმა და „უ ვას რასჩოსკი ნეტუო“, – მკითხა. სოფელში დაბადებულ-გაზრდილს ამხელა რუსული საიდან უნდა მცოდნოდა. თუმცა ერთ ნაცნობ სიტყვას (ნეტუ) რომ მოვკარი ყური, თამამად ვუპასუხე – ნეტუ-მეთქი. გოგონა გაიბადრა.

გავბრაზდი, ღიმილის მიზეზს ვერ მივხვდი. რაღა ბევრი გავაგრძელო და, ნათესავებთან რომ მივედი, მისალმებისთანავე ის ვკითხე, „რასჩოსკა“ რა არის-მეთქი. ჩემი გასაჭირი რომ გაიგეს, ბევრი იცინეს – გოგოს შენი გამოჭერა ნდომებია, შენ კი გადაჭრით უარი გითქვამსო. ახლა მეორედ გავბრაზდი საკუთარ თავზე – საყველპურო ინგლისური მაინც ხომ უნდა მესწავლა.

საბერძნეთში გამგზავრებამდე მეგობრებმა გამაფრთხილეს, იქ სიძვირე იქნება, საკვები გაიყოლეო. მეც ავდექი და ყავა, ჩაი, მადუღარა, ბალიშა კანფეტები და ორი “ბუხანკა” პური ჩავზიდე ათენში… გამომადგა. სუფრა გავშალე და უეინი მოვიპატიჟე. ყავა რომ მოსვა, შევატყვე, ესიამოვნა. ქართულიაო, მკითხა.

ეჰ, ჩემო მეზობელო, გეტყობა სკოლაში გეოგრაფიასა და ბოტანიკაში მოიკოჭლებდი, თორემ გეცოდინებოდა, საქართველოში ყავა კი არა, სოიო რომ მოდის-მეთქი, გავიფიქრე.

– არა, ეს ბრაზილიური ყავაა, ქართულს ახლავე გაგასინჯებ.

ვთქვი და კარადა გამოვაღე, თბილისის აეროპორტში ნაყიდი “დავითი” გავხსენი. ჭიქა თავამდე გავუვსე. კანადელმა დაყნოსა, ნახევრადმოჭუტული თვალებით გამომხედა და არაყი ერთიანად ხახაში გადაუშვა. უცებ ხელი გაუშეშდა, პირი ღია დარჩა, თვალებიდან კურცხლები გადმოსცვივდა. ასე იყო რამდენიმე წამს, სული რომ მოითქვა, ჭიქა მაგიდაზე დადგა, ცერა თითი ასწია – „ვერი გუდ კოფეო“, მითხრა და ყავა მიაყოლა. კაი შებერტყილი ვინმე ჩანდა.
მსოფლიოს მოგზაურის პასპორტი

ოლიმპიურ სოფელში დროშის აღმართვის ცერემონიალამდე დრო კიდევ იყო დარჩენილი. ჩვენი დელეგაციის წევრებს შორის მსოფლიოს მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას მოვკარი თვალი. ერთმანეთს მივესალმეთ. საინტერესო თავგადასავლების გახსენება ვთხოვე.

„ქალაქ მერსინში საბაჟოს პოლიციელს რწმუნების სიგელი და პასპორტი მივაწოდე, – გაიხსენა მან ერთი ეპიზოდი.

– აქ რომ ერთი პასპორტია?! – გაიკვირვა პოლიციელმა.

– მეც ერთი ვიზა მინდა.

– შოთა რუსთაველის პასპორტი სად არის?

ყველაფერს მივხვდი. რწმუნების სიგელი ხომ ასე იწყებოდა: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, – შოთა რუსთაველი.

– შოთა რუსთაველს პასპორტი არ ჰქონია და არც არასდროს ექნება-მეთქი, ვუთხარი.

– როგორ თუ არა აქვს, – გაბრაზდა პოლიციელი და თარჯიმან გოგონას უხმო – ეტყობა, ვერ მაგებინებს, რისი თქმა უნდაო. ერთხანს ითათბირეს.

– გასაგებია, თქვენ შოთა რუსთაველი ხართ, ჯუმბერ ლეჟავა კი ფსევდონიმია. ამ დოყლაპიამ ვერ გაიგო, – გადაიკისკისა გოგონამ“…

ეროვნული დროშების აღმართვის ცერმონიალი მალე დამთავრდა. ოლიმპიური სოფლის დათვალიერება გადავწყვიტეთ, მაგრამ ვინ გაგიშვა?! ყველაფერს საგულდაგულოდ იცავდნენ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შავსათვალეებიანი ჯარისკაცების გამჭოლ მზერას გვრძნობდით. იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა, ისედაც 20 საათისთვის „ქართული სახლი“ უნდა გახსნილიყო და ყველამ იქითკენ გავწიეთ.

ის იყო, ომონიაში (ათენის ცენტრია) გლიფადისკენ მიმავალ ავტობუსში ავედი, რომ უცხო მამაკაცების დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ერთ-ერთი მომიახლოვდა.

– ქართველი ხართ? – მკითხა ჩვენებურად.

– დიახ, ოლიმპიურ თამაშებზე ჩამოვედი.

– მე თქვენ გიცნობთ, – მითხრა მან ღიმილით.

– საიდან?

– მე რომან ტვილდიანი ვარ, თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე დაუსწრებლად. ჩვენს დეკანთან ხშირად მინახავხართ.

საუბარი დამთავრებული არ გვქონდა, კიდევ სამი მამაკაცი რომ შემოგვიერთდა.

– ესენი ჩემი მეგობრები არიან, მხატვრები – ავთანდილ თოფურია, კობა გელაძე და გიორგი ტუღუში, – გამაცნო რომანმა. – ჩვენც „ქართული სახლის“ გახსნაზე მივიჩქარით. იქ უამრავ თანამემამულეს ნახავთ.

საუბარში გზა სწრაფად გაილია. ავტობუსმა ცენტრალური გზიდან მარცხნივ გაუხვია და არანაკლებ გადატვირთულ სანაპიროს გაუყვა. მარჯვნივ ზღვა და გემები მიგვაცილებდა. ეს გლიფადაა – ათენის ერთ-ერთი მომხიბლავი რაიონი. უნებურად ბათუმზე დაწერილი ლექსის სტრიქონები გამახსენდა: “ზღვის ნაპირზე გაწოლილა ქალივით და პალმები ხელთ უპყრია მარაოდ”. აქაურობას უფრო ზეთისხილის დახუნძლული ხეები და დავარცხნილი სკვერები ამშვენებს – თავი სამოთხეში გეგონება.

მშვიდი საღამოა. მეწამული მზე ნელ-ნელა იძირება გემებს იქით ზღვაში. ბოლო სხივები ეთამაშება გლიფადის მერიის შენობას, რომლის წინაც უამრავ ადამიანს მოუყრია თავი. მხოლოდ ქართული ლაპარაკი ისმის. თავი სამშობლოში მგონია.
ხეების ჩრდილში გაშლილ სუფრასთან უცებ ღვინით სავსე ჭიქით სტდენტობისდროინდელი მეგობარი დარეჯან ღამბაშიძე გამომეცხადა. თვალებს არ ვუჯერებ.

– შენ აქ საიდან? – ვკითხე დაბნეულმა.

– ათი წელიწადია, ათენში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ქალიშვილი, სიძე და შვილისშვილიც აქ მყავს.

– რას საქმიანობ?

– როგორც ჩვენი თანამემამულეების უმეტესობა, ფიზიკური შრომით ვირჩენ თავს. ბოლო დროს ათენში ძალიან მომრავლდნენ ქართველი ბავშვები. საქართველოს საელჩოს და ჩვენი სათვისტომოს დახმარებით ქართული საკვირაო სკოლა გავხსენი. ვასწავლით დედაენას, საქართველოს ისტორიას და გეოგრაფიას, მშობლიურ ლიტერატურას და თეოლოგიას. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ქართული ენის ხიბლი დაივიწყონ…

ელენი და იორგოსი

მასპინძლებისგან ერთი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაც გავიგე: საბერძნეთის ძიუდოისტ ქალთა ნაკრების წევრ ელენი იოანუს ოლიმპიადამდე წლინახევრით ადრე უდედმამო ნარკომანი იორგოს ქრისტომიდისი შეჰყვარებია. სატრფოს ხათრით, თურმე, ვაჟი ნარკოტიკებს შეეშვა. მოახლოვდა ათენის თამაშები. იოანუ თანაგუნდელებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში უნდა გადაბარგებულიყო. იორგოსს მიჯნურისთვის უთხოვია – რამდენიმე კვირით შენთან განშორებას ვერ შევძლებ და ნუ მიმატოვებო. შეჯიბრების წინ საწვრთნელ შეკრებას ვერ გავაცდენ, – უთქვამს ქალს. შელაპარაკებისას ვაჟს სილა გაუწნავს. იოანუ უხმოდ გასულა აივანზე და… მესამე სართულიდან გადამხტარა. სიკვდილ-სიცოცხლის პირას მყოფი 20 წლის ძიუდოისტი ჰოსპიტალში მიუყვანიათ.

დეპრესიაში ჩავარდნილი შეყვარებული პოლიციას დაუკითხავს, მაგრამ, არ დაუკავებია. ორი დღის შემდეგ იორგოსს ბებიასთვის უთქვამს, ელენისთან მივდივარო და თავადაც აივნიდან გადამხტარა…

გული ჩამწყვიტა მიჯნურთა ტრაგიკულმა ისტორიამ. შეყვარებულთა შემდგომი მდგომარეობა გამოვიკითხე. სამწუხაროდ, მათი ამბავი ვერავისგან შევიტყვე…

ოცნების ასრულება

თორმეტი წელიწადი ელოდა ჩვენი ქვეყანა ამ ბედნიერ წუთებს. დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება 2004 წლის 18 აგვისტო – ამ დღეს ახმეტელმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა „ანო ლიოსიას“ სასპორტო დარბაზში ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან 3 წუთსა და 3 წამში იაპონელი ჰიროში იზუმი საოცარი ილეთით ამოაყირავა და ბეჭებით გააკრა ტატამს. მისი ზეაღმართილი საჩვენებელი თითი არავის არასდროს დაავიწყდება.

მეორე დიდი სიხარული 21 აგვისტოს ვიწვნიეთ, როცა ათენის ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ასანიძე ავიდა.

– დი-მას! დი-მას! დი-მას! – ზანზარებდა “ნიკეას” ექვსათასიანი სპორტის სასახლე.

ტრიბუნები საბერძნეთის დროშების ტყეს დაეფარა. ელინელები თავიანთ კერპ პიროს დიმასისგან – მეოთხე ოლიმპიურ ოქროს ელოდნენ, გამაყრუებელი ყიჟინითა და შეძახილებით ამხნევებდნენ წარმოშობით ალბანელ სპორტსმენს. უზომოდ უყვართ იგი ბერძნებს. ტრიბუნაზე მსხდარ ბერძნული დროშის ფერებში გამოწყობილ სამ პატარა დიმასს (პიროსის შვილებს) გულზე 4-იანი ახატია – მამიკო მეოთხედ გახდებაო ჩემპიონი.

თუმცა მასპინძლებს შიშიც აქვთ – მრისხანე მეტოქეები ჰყავსო ჩვენს კერპს. ბერძნულის მცოდნე ქართველებმა მითარგმნეს, თუ რას ჩურჩულებენ ჩემს ზურგს უკან მსხდომი მასპინძლები. “ნიკეას” დარბაზს “გეორგიელი” გიორგის ეშინია ყველაზე მეტად. ამიტომაც მას ერთ-ერთი ცდისას გრიფიც კი დაუსველეს. ქართველ ძალოსანს შტანგა ხელიდან გაუსხლტა, მაგრამ ეშმაკობამაც ვერ უშველა გაელინებულს – მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. მეორე ადგილი ბელარუს ანდრეი რიბაკოვს ხვდა; 382.5 კილოგრამით ჩემპიონობა გიორგი ასანიძემ მოიპოვა.

შეჯიბრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბერძენმა კორესპონდენტმა ქართველ ჩემპიონს ჰკითხა – ბრინჯაოს პრიზიორ დიმასზე რას იტყვითო.

წამიერი პაუზა. დარბაზი გაირინდა.

– პიროს დიმასი ბრინჯაოს პრიზიორი არ რის… იგი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ასეთად დარჩება მარად.
იქუხა ტაშმა. კმაყოფილმა დიმასმა ოვაციის თანხლებით იქვე გადაკოცნა მეტოქე.

პრესკონფერენციის მერე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელ ივანე გრიქუროვს ვესაუბრე:

– ძალოსნობა, შეიძლება, კლასიკურ მუსიკას შევადაროთ, სადაც მწვრთნელი არის კომპოზიტორი, ხოლო ათლეტი – მუსიკოსი, პაგანინის დონეზე, ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა კი დიდი სიმფონიაა, რომელიც თითოეული სიტყვის, მოძრაობის, ჟესტისა თუ სხვა ნიუანსის ერთობლიობით იქმნება. ერთი შეცდომა კაკაფონიამდე მიგიყვანს და ოთხწლიან გარჯას წყალში ჩაგიყრის.

– გინდათ თქვათ, რომ “ნიკეას” დარბაზში თქვენ – კომპოზიტორის, გიამ კი პაგანინის როლი შეასრულა?

– მართლაც, რომ ასე იყო. მუსიკაც და ძალოსნობაც ჩემთვის ურთიერთკავშირშია. სპორტსმენის სული ვიოლინოსავითაა – შეგიძლია აქვითინო ან ამღერო და აცინო. მთავარია, სიმს გასაღები მოარგო. ბედნიერი ვარ, რომ მე ეს შევძელი კახი კახიაშვილსა და გიორგი ასანიძესთან…

ორი ოქროს გარდა, ქართველმა სპორტსმენებმა ათენის თამაშებზე ამდენივე ვერცხლის მედალიც დაიმსახურეს: ოლიმპიადის პირველ დღეს – 14 აგვისტოს ძიუდოისტთა 60 კილოში 29 წლის ნესტორ ხერგიანმა საქართველოს დელაგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა – ფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტადაჰირო ნომურასთან დამარცხდა ერთი გაფრთხილებით; 26 აგვისტოს კი მეორე ვერცხლი „კლასიკოს“ რამაზ ნოზაძეს ერგო – ფინალი მან ეგვიპტელ მუმიად მონათლულ ქარამ მოჰამედ გაბერ იბრაჰიმთან წააგო.

ათენში კიდევ რამდენიმე ქართველმა მოიპოვა სამივე სინჯის მედლები, ოღონდ სხვა ქვეყნების სახელით…

კურცხალი

28 სექტემბერს გლიფადის დიმარხიომდე რომ მიმეღწია, ომონიაზე სხვა ტროლეიბუსში გადავჯექი. მძღოლს ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვერაფერი გავაგებინე. ამ დროს ჩემს ზურგს უკან მჯდომმა მანდილოსანმა მკითხა, რუსული თუ იცითო. ჩემი გასაჭირი რომ გაიგო, ფანჯრისკენ მიიჩოჩა და გვერდით ადგილი დამითმო – მეც იქით მივდივარ და გეტყვით, სადაც უნდა ჩახვიდეთო.

საუბარს შევყევით.

– თქვენც ოლიმპიადაზე ჩამობრძანდით? – ვკითხე ლუბას.

– ასეთ ბედნიერება ვინ მომცა, – მითხრა ნაღვლიანი ღიმილით. – მეხუთე წელიწადია, ათენში სამუშაოდ ჩამოვედი.

– რას საქმიანობთ?

– მოხუცებს ვუვლი. ახლა ერთ მდიდარ ქალბატონს ვემსახურები და მის ფინიას არ ვაკარებ ცივ ნიავს. – მწარედ ჩაეცინა. – ამჟამად თავად დასასვენებლადაა წასული. დღეს ხუთჯერ მაინც დამირეკა, ძაღლი თუ ასეირნე და აბანავეო…

– ოჯახი გყავთ?

– უკრაინაში ქმარი და ორი შვილი დავტოვე. ქალიშვილი 21 წლისაა, ლამაზი, ჭკვიანი. ბიჭი თექვსმეტისაა…

– მერე?!

– რა მერე, მე შემომჩერებიან, მუშაობა არცერთს არ უნდა. მეუღლე მაშინაც ლოთი და უსაქმური იყო. ბიჭიც მის კვალზე წასულა. გოგოს რა ეშველება, არ ვიცი.

– გარჯას გიფასებენ მაინც?

– რას ამბობთ! სახარჯო რომ შემოელევათ, მხოლოდ მაშინ ვახსენდები ყველას. ამას წინათ ფულის გაგზავნა შემაგვინდა. ქმარმა დამირეკა და უშვერი სიტყვებით ამიკლო.

– ნუ გედარდებათ, მის გინებას უპასპორტოდ საზღვარზე მაინც არ გამოუშვებენ.
გაეღიმა.

– დღეს დაბადების დღე მაქვს. მე კი ერთი ნაცნობის ოჯახში ვიყავი, სახლი დავულაგე, დავრეცხე და დავაუთავე, რომ 50 ევრო გამომემუშავებინა…

ლუბამ ღრმად ამოისუნთქა და ზღვისფერი თვალებით ბინდშეპარული ქუჩა შეათვალიერა. უნებურად მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.

– დაბადების დღეს გილოცავთ!

არ მოელოდა. გამჭოლი მზერა მომაპყრო. ღაწვებზე ორი მსხვილი კურცხალი გადმოუგორდა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ბურთი ყელში მოებჯინა და ხმა ვერ ამოიღო.

დავამშვიდე. სული მოითქვა.

– არავის გავხსენებივარ… თქვენ პირველმა მომილოცეთ დაბადების დღე. გმადლობთ…

პაემანი ომონიაზე

ელადიდან გამომგზავრების წინა დღეს საბერძნეთში სამუშაოდ ჩასულ ქართველებს შევხვდი. ათენის გულია ომონია, ბერძნულად თანხმობას რომ ნიშნავს. სხვადასხვა ჯურის უამრავ ადამიანს ნახავთ აქ, ზოგჯერ ღია ცის ქვეშ რომ ათენ-აღამებენ. უფრო ალბანელები, არაბები და ქურთები ჭარბობენ. არც ქართველთა ნაკლებობა იგრძნობა. განსაკუთრებით – კვირაობით. სამშობლოდან გადახვეწილნი დასვენების დღეს ომონიაზე იყრიან თავს და დარდსა თუ სიხარულს უზიარებენ ერთმანეთს. საუბრით გულს რომ იჯერებენ, ისევ თავთავიანთი გზებით მიეშურებიან.

ნინო ჭონქაძე და შორენა ბეჟანიშვილი დუშელები არიან. საბერძნეთში მუშაობით თავს ირჩენენ და ოჯახებსაც ეხმარებიან. ოღონდ, სამშობლოს ნოსტალგია მოსძალებიათ. ყელში ცრემლმობჯენილი საუბრობდნენ საქართველოზე, მშობლებზე, ახლობლებზე. როცა შორსა ხარ გადახვეწილი, შენი ქვეყნის სილამაზეს და სიყვარულს მაშინ უფრო მეტად გრძნობო, – ლაპარაკს არ აცლიდნენ ერთმანეთს.

– შეჯიბრებებს თუ ესწრებოდით? – ვკითხე.

შორენა: იმდენი დრო და საშუალება ჩვენ ვინ მოგვცა, სტადიონებსა და დარბაზებში ვიაროთ. ქართველი სპორტსმენების გამოსვლებს ტელევიზორში ვუყურებდი.

ნინო: ძალიან გამახარა ზურაბ ზვიადაურის გამარჯვებამ. პირველად ვნახე ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა. ბერძნებმაც კი შენიშნეს – ძალიან ლამაზი დროშა გაქვთ, სხვებისგან გამორჩეულიო. ეროვნული ჰიმნის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თქვენი არ იყოს, თვალები ცრემლით ამევსო. ახლა უფრო ვიგრძენი, თუ როგორ უსაზღვროდ მყვარებია საქართველო. ერთ სიცოცხლედ ღირდა ზვიადაურის ის დიდი წარმატება, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ამგვარი სიხარულის მონიჭებისთვის.

შორენა: ერთ ბერძენ ბებიას ვუვლი. ძალოსნების შეჯიბრებას ტელევიზორში ერთად ვუყურეთ. იგი პიროს დიმასს ქომაგობდა, მე – გიორგი ასანიძეს. მესამე ცდაზე გიორგის შტანგა რომ გაუვარდა, საწოლ ოთახში ავირბინე, ხატების წინ დავიჩოქე და ღმერთს შევთხოვე, ხელი გაემართა ჩვენებურისთვის. ჩემპიონი რომ გახდა, იმხელა ვიკივლე, სახლის პატრონს გული გადაუქანდა. დაჯილდოებისას ასანიძე ახლო პლანით რომ აჩვენეს, ბებიამ მითხრა, რა კარგი ბიჭია, ქართველები ყველანი ასეთი ლამაზები ხართო? რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, ვუპასუხე ამაყად.

ნინო: ბერძნები ჩვენით ეცნობიან საქართველოს. სიარულის, ჭამისა და ლაპარაკის მანერაც განსხვავებული გაქვთ, აქაურებს არ ჰგავხართო, გვეუბნებიან.

შორენა: რამდენიმე დღეა, უფრო ამაყი და თავაწეული დავდივარ ათენში. ეს გმირი ქართველი ბიჭების დამსახურებაა. ჩვენ მაგივრადაც მიულოცეთ მათ ოქრო-ვერცხლის ჯილდოები. უფალს ვთხოვ, სულ ასე გახარებული გვევლოს!..
იმ ბედნიერი დღეებიდან თექვსმეტი წელიწადი მიილია, მაგრამ მაშინდელ ხიბლსა და ელვარებას რა დამავიწყებს.

წყარო: lelo.ge

SHARE