თბილისში MMA-ს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

124

24 აპრილს, თბილისში,  ლიგა Alpha Green Championship-ის ორგანიზებით, MMA-ში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 6 ქვეყნის 26 სპორტსმენი მიიღებს. მათ შორის არაერთი ტიტულოვანი ქართველი მებრძოლი იქნება.

საგულისხმოა, რომ ტურნირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ღონისძიებიდან შემოსული თანხის 25% ძალადობასთან მებრძოლ ერთ-ერთ ორგანიზაციას გადაერიცხება.

ტურნირის საორგანიზაციო მხარეებზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მებრძოლმა გიგი შალამბერიძემ “მთავარი არხის” ეთერში Alpha Green Championship-ის მებრძოლთან, ალეკო საღლიანთან ერთად ისაუბრა.

“ჩვენ პირველი შეჯიბრება ჩავატარეთ 2019 წელს, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსოფლიოში ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა შერეულ ორთაბრძოლებში შეჯიბრების ჩატარება და მაშინაც გავაკეთეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ზოგადად, ძალისმიერი სპორტსმენები ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანს ძალის მოსინჯვა უნდა, უნდა გასინჯოს ძალისმიერ სპორტში და არა ქალის წინააღმდეგ.

ჩვენ გავაფორმეთ ერთწლიანი მემორანდუმი ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან, სადაც ჩვენი ვალდებულება იქნება ყოველი ჩატარებული შეჯიბრებიდან, რომელიც თვეში ერთხელ გაიმართება, მიღებული თანხის 25% გადაირიცხება ამ ორგანიზაციაში. ამასთან, პერიოდულად გავგზავნით ჩვენს მწვრთნელებს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად და ვასწავლით თავდაცვას”, – განაცხადა გიგი შალამბერიძემ.
SHARE