ტიტულოვანი და ყველასათვის საყვარელი ფალავანი, ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (ევროპის და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა თუ ტურნირების გამარჯვებებზე არ შევჩერდებით) ლევან თედიაშვილი გამორჩეულია არა მხოლოდ როგორც მოჭიდავე. მას ჩინებული იუმორი აქვს და მის სახალისო ისტორიებს ხშირად მოისმენთ, თან არა მხოლოდ სპორტულ საზოგადოებაში.
ლევანის შესახებ არაერთი სახალისო ამბავი (ცხადია სპორტული კარიერის გამორჩეულ ეპიზოდებთან ერთად) მოთხრობილია მწერალ ნუგზარ შატაიძის წიგნში “ლევან თედიაშვილი”
გვინდა ამ წიგნიდან ამონარიდები შემოგთავაზოთ, სადაც ლეგენდარული ფალავანის სალაღობო ამბებს შეიტყობთ.
მაშ ასე…
– ერთხელ ლევანს ვკითხე, რა იყო, მაინც რატომ გახდი მოჭიდავე მეთქი? – იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო. გამიკვირდა, ქათმის ხორცი რა შუაშია-მეთქი? გეტყვიო: დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოვიდოდა, მაგრამ იმ ქათმისა, მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა. ჰა, ჰა, ერთი ბარკალი და ერთიც ფრთის ძირი. არადა, ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი ქათმის ხორცზე. ერთხელ, რაიონის მოზარდ მოჭიდავეთა ნაკრებში ამიყვანეს. შეკრებაზე ვართ. სადილის დრო რომ მოვიდა, შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს.
მორიდებით ვიკითხე: ბოდიში, მაგრამ ესა სუ ჩემია-მეთქი? შენია, მა ვისიაო.
აი, სწორედ მაშინა ვთქვი გულში: მორჩა, თქვენ მე აქედან ვეღარ გამაგდებთ-მეთქი!
* * *
– იჭიდავე ლევან რა, ჯერ არ წააქციო! – ყვირის მაყურებელი. სპორტის სასახლეში თბილისის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ლევან თედიაშვილი უკვე სახელგანთქმული ფალავანია. ქართველ მაყურებელს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მისი ჭიდაობის ნახვა უნდა.
ხალიჩაზე გამოსულ ლევანს სახეზე ისეთი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს, თითქოს, რომელიღაც ცხარე კახური ანეკდოტი ახსენდებაო. მეტოქესაც გაღიმებულმა ჩამოართვა ხელი, ფეხებში შეუვარდა, ასწია და სანამ მეტოქე აზრზე მოვიდოდა, ბეჭებზე დადო! ატყდა ერთი ამბავი, აღტაცებული მაყურებლის ღრიანცელისა და ყიჟინისაგან კინაღამ სპორტის სასახლის სახურავი ჩამოიქცა.
იგივე ხდება მეორე და მესამე წრეშიც – ლევანი სულ რამდენიმე წამში ამთავრებს შეხვედრებს. არადა, მაყურებელს მისი ჭიდაობის ნახვა სწყურია, ამისათვის ზოგი რაიონებიდანაც კი ჩამოსულა, განსაკუთრებისთ ბევრი საგარეჯოდან არიან.
– იჭიდავე რა ლევან, შე ოხერო შენა! – გაჰკივის ლევანას კარის მეზობელი “კრუხის ბიჭი”. ლევანი კი მეოთხე წრეშიც ისევე გაღიმებული გამოდის ხალიჩაზე, ისევ ელვისებური სისწრაფით ამთავრებს შეხვედრას და მსაჯი ინფორმატორი ისეთივე საზეიმო ხმით აცხადებს:
– ოთხ წამში გაიმარჯვა სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა ლევან თედიაშვილმა!
მაყურებელი უკმაყოფილოა, რადგან თედიაშვილის ჭიდაობის უფრო სრულყოფილად ნახვა უნდოდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
იმავე ღამით, როცა მშობლიურ სოფელში ჩასული ლევანი გაშლილ სუფრას მიუჯდა და მამამისმა ქიტესამაც ღვინით სავსე ხელადა შემოდგა მაგიდაზე, “კრუხის ბიჭმა” კარი შემოაღო, ოთახში შემოვიდა, სკამზე დაჯდა და გამარჯვებულ ფალავანს პირგამეხებული მიაჩერდა.
– რა იყო, რანაირად მიყურებ? – ჰკითხა ლევანმა.
– რათა ხარ ბიჭო შენა ეგეთი პეიტარი ჰა?
– რა პეიტარი?
– მა რა იყო, რო ერთი ჭიდაობა არ გვაჩვენე ხალხსა?… ეე, მაიმუნი ხარ და აბა რა უნდა გელაპარაკო?
– მაიხედე, აქეთ მაიხედე!
– ჰო, რა იყო?
– რამდენი გადაიხადე ბილეთში?
– მანეთი, რა უნდა გადამეხადა?
– მეტი არა?
– მეტი რად უნდა გადამეხადა, როგორც სხვამ, ისე მეცა.
– მერე, რაც გადაიხადე, მეც სწორედ იმდენი ვიჭიდავე. არა ბიჭო და შენი მანეთის გულისთვინ, ჯიგარს გავიცლიდი.
“კრუხის ბიჭმა” უყურა, უყურა და ლევანის მამას მიუბრუნდა:
– ე, ჩემო ქიტეს, შენთვინ ი გიტლერის ბომბს თითები კი არა, სხვა რამე უნდა წაეწყვიტა, ეს არგასაზრდელი რომ არ გაგეკეთებინა!
* * *
1987 წელია, გიორგი შენგელაია “ხარება და გოგიას” იღებს. მთავარ როლებზე ომარ ფხაკაძე და ლევან თედიაშვილი ჰყავს მიწვეული, მათ შორის მეც (ნუგზარ შატაიძე) – ხარებას ძმას ვთამაშობ. არც მე ვარ მსახიობი და არც ესენი, მაგრამ ვცდილობთ და გიორგის დახმარებით რაღაცნაირად თავს ვართმევთ. მე და ომარს უფრო გვიჭირს, ლევანი როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს. მისი ხუმრობა და სიცილი ძალას გვმატებს. ახლაც ჩამესმის მისი ლაზათიანი შეძახილი: “პური აღარა ვჭამოთ მამაძაღლი?!”
ავალთ საგარეჯოს ტყეში, სადაც ყაჩაღების თავშესაფარია მოწყობილი: ცეცხლი ანთია, ჯაჭვზე ყურიანი ქვაბი ჰკიდია, იქვე გაბერილი ტიკია მიყუდებული… ერთი სიტყვით, უკეთეს საქეიფო ადგილს კაცი ვერ ინატრებს. ლევანი მიიხედ-მოიხედავს. დაფიქრებული კეფას მოიქექავს და დამდგმელ რეჟისორს ეკითხება:
– ეხლა რამდენ ხანში უნდა დაიწყოს გადაღება?
– აი, მივლაგდებით, მოვლაგდებით და… რა იყო?
– არაფერი, მე ერთი საათით უნდა გავვარდე, კანტორის გასაღები გამომყოლია (ლევანი იმ დროს კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა).
– მიდი შატაიძე გაყევი და მალე ამოდით, – ამბობს რეჟისორი.
თეთრ “ნივაში” ვსხდებით და ქვემოთ მივჯაყჯაყებთ. საეჭვოდ გამხიარულებული ლევანი იცინის, ცქმუტავს, ადგილზე ვერ ისვენებს.
ჩავდივართ კაკაბეთში, იქ დაბარებულებივით მივადგებით ერთ სახელს და მანქანიდან გადავდივართ.
– ვანო!
სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმის, ისეთი დროა, ეტყობა ყველანი ვენახში არიან გაკრეფილები. ლევანი კუტიკარს აღებს და შევდივართ. ერთი ხრიოკი ეზოა, ღობის ძირში ფიჩხია მიყრილი, სანეხვეზე ქათმები იქექებიან, საიდანღაც ყბაშავი ძაღლი გამოძვრება და რადგან ლევანს იცნობს, ელაქუცება. გავივლით ეზოს, ბოსტანს და გომურს მივადგებით. ლასტებით შემოღობილ ბაკში ექვსი თუ შვიდი ბატკანი მიჰხუტებია ერთმანეთს. ლევანი მე მიყურებს.
– აბა, რომელი წავიყვანოთ?
საქმის მცოდნე კაცივით ვათვალიერებ ბატკნებს, ყველაზე მოზრდილს ვარჩევ.
ლევანი უბის ჯიბიდან ბლოკნოტსა და კალამს იღებს, რაღაცას წერს, ფურცელს ამოხევს და ლასტის მანაზე წამოაგებს. მერე ზემოდანვე გადასწვდება ბატკანს და უკანა ფეხით დაითრევს.
ქაღალდზე ორი სიტყვა წერია – “ლევანამ წავიყვანე!”
გამოვდივართ და ბატკანს მანქანაში ვსვამთ. ცოტა ხანში ვშოულობთ ყველს, კიტრს, პამიდორს, დედას პურებს, ღვინოს…
ჩვენი დამდგმელი ოპერატორი ლევან მაჩაიძე “ჩობან-ყაურმის” დიდოსტატია. გადაღება რომ დასრულდება, შემოვუხსდებით სუფრას და საგარეჯოს დაბურულ ტყეებში შუაღამემდე ისმის ჩვენი სიმღერა და მაუზერების ბათქა-ბუთქი.
* * *
“ხარება და გოგიას” კახეთში ვიღებდით. კახელებს ძალიან უყვართ გიორგი შენგელაია, რომელსაც “ჩვენი ნატოს ბიჭს” ეძახიან და სულ თვალებში შესციცინებენ.
ერთ დღესაც მოგვადგა რამდენიმე კაცი, სუფრა გაშლილია და გელოდებითო. ამ ერთ ეპიზოდსაც გადავიღებთ და გენაცვალოთ ჩემი თავიო! – უპასუხა გიორგიმ.
დადგნენ და დაგვიწყეს ლოდინი.
ეპიზოდი ასეთია: ხარება და გოგია თავისი ბიჭებით ციხეს დაეცემიან, ხარებას ძმა, სიმონა ჯიბუტი უნდა გაათვისუფლონ. სიმონას მე ვთამაშობ. აი, შემოგლიჯეს საკნის კარი და გამომიყვანეს ციხის ეზოში, სადაც, ისეთი სროლა და ბათქა-ბუთქია გაჩაღებული, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. სანამ იქიდან გამიყვანენ, ბრმა ტყვია მხვდება და სასიკვდილოდ ვიჭრები. ომარი მხრებში ხელს მავლებს და გალავნისკენ მიმათრევს. მე ვწევარ, მკვდარს ვთამაშობ. ამ დროს კადრში შემორბის მაუზერმომარჯვებული ლევან თედიაშვილი და ყვირის: “დროზე ბიჭო, დროზე, გაცივდა ხაშლამა!”.
* * *
1997 წელს თეირანში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი შაჰის თასზე. თეირანის ახალაშენებული სპორტის სასახლის ტრიბუნებზე ნემსი არ ჩავარდება. ფინალურ შეხვედრებს ირანის შაჰიც დაესწრო. ლევანმა ირანელი ჯაფარი 20 წამში წააქცია, ეგვიპტელი ხოდაბალა 25 წამში, ბულგარელი ჩერნაგოვი 2 წუთში, პოლონელი ტომასი 10 წამში და ფინალში ირანელ სულეიმანს უნდა შეხვდეს.
“ფინალამდე 1 საათია დარჩენილი, მაგრამ უკვე სპორტის სასახლეში ვარ, ჩვენს მოჭიდავეებს ვგულშემატკივრობ. ჩვენი მთავარი მწვრთნელი იურა შახმურადოვი მოშორებით ზის, რაღაც არ მომწონს. შემომხედავს – გაიღიმებს, კიდევ შემომხედავს, კიდევ გაიღიმებს. მივედი და გვერდით მივუჯექი.
– რა არის მეთქი? – არაფერიო.
– მა რა გაცინებს შე ჩემის ვერანო-მეთქი.
– გითხრაო?
– მითხარი-მეთქი.
– წეღან აქ ერთ ირანელთან შემახვედრეს. ეგ შენი სულეიმანი თურმე შაჰის ნათესავი ყოფილა. ძალიან უნდათ რომ გაიმარჯვოს, ოღონდაც ლევანა დაწვეს და ძალიან დიდ ფულს მივცემთო.
– მაინც რამდენს მეთქი?
– 50 ათას დოლარსაო.
– ავუტყდი. მოდი რა იმ კაცს მე შემახვედრეთ-მეთქი.
– წადი დაიკარგე, რაღაც უნდა იციგნო და გახდეს შარიო. ერთი სიტყვით, უარი მტკიცა, მაგრამ ის კაცი გავიხედოთ და თავად არ მომადგა?! თარჯიმანი ახლავს. გამიყვანეს განზე და მეტუტუნებიან.
– რა გინდა ლევან, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ხარ, მსოფლიოს ხუთგზისა. ეს ოხერი ტურნირი რა გაგიხდა. აიღე ფული (ქეისს მაჩეჩებენ და დაწექიო).
– შევიკარი შუბლი, ცოტაა-მეთქი.
– აბა, რამდენი გინდაო.
– 80 ათასს არაფერი დააკლდება-მეთქი!
– ეხლავეო და გაცვივდნენ.
– რა ვქნა? გამიხდა მართლა შარი-ხათაბალა. იმათ რომ ის ფული მოიტანონ, უარი როგორღა ვუთხრა? წავედი და დავიმალე ტუალეტში. თავი აღარ გამომიყვია ვიდრე არ გამომაცხადეს საჭიდაოდ. გავიქეცი ხალიჩისკენ სირბილით. მომდევს ის საწყალი ირანელი, მაწვდის ქეისს და მეხვეწება, მაგრამ აბა გვიანია.
დავიწყეთ ჭიდაობა. ის სულეიმანი დიდი ვერაფერი შვილი გამოდგა. დავუწყე ღლაბუცი. ისე ვეთამაშები, როგორც კატა – თაგვს. ის ერთთავად ხალიჩის გარეთ მიიწევს, თუმცა არ ვუშვებ. სულ თავბედი ვაწყევლინე, ბოლოს ავიყვანე და დავაწყვიტე ხალიჩაზე. ისეთი ვაყა დავაძახებინე, სულ კედლებმა ზანზარი დაიწყეს.
ჩამოვარდა იმხელა დარბაზში სამარისებური სიჩუმე. გავიხედე შაჰის ლოჟისკენ, გამტკნარებული ზის. ავდექი და ფეხბურთელი რომ გოლს გაიტანს და უხამს ჟესტს აჩვენებს, ამ შაჰს ეგრე არ გავუკეთე?! გაგიჟდა ხალხი. აიშალა მაყურებელი და ქვემოთ წამოვიდა. პოლიცია ძლივს აკავებს. კიდევ კარგი გამოცვივდნენ ეს ჩვენი რუსები შახმურადოვის თამადობით, ალყაში მომაქციეს და ეგრე გამიყვანეს სამშვიდობოს, თორემ ცოცხლად შემჭამდნენ.
რა თქმა უნდა, ბევრი საყვედური მივიღე, მაგრამ მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან რაც მაგ შაჰებს საქართველოსთვის საქმე უქნიათ, ხო ერთბაშად ამოვიყარე ყველას ჯავრი მეთქი!”..
წყარო: lelo.ge